კინო, რომელიც დროს უსწრებს და რომელსაც შეუძლია სიტყვების გარეშეც კი ღრმა აზრი გადმოგვცეს - ეს მიხეილ კობახიძის კინოა. . ის არის სცენარისტი, კომპოზიტორი და რეჟისორი, რომელმაც სიტყვები განდევნა ფილმიდან და მუსიკით გადმოსცა მთავარი სათქმელი. მან კინოში პირობითობა შემოიტანა, ცხოვრებისეული ფრაგმენტები დაიჭირა, შემდეგ კი ისინი აღბეჭდა, სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება გამორჩეული და უაღრესად მნიშვნელოვანია.
მიხეილ კობახიძე 1939 წელს თბილისში დაიბადა, სწავლა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში განაგრძო, ფილმების გადაღებას ადრეული ასაკიდან, სტუდენტობის პერიოდში შეუდგა. მალევე თბილისში დაბრუნდა და პროფესიული კარიერაც დაიწყო. იგი მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა, მისმა სადიპლომო ნაშრომმა - „ქორწილი“ დიდი მოწონება დაიმსახურა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზიც მიიღო.
კობახიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი, პოეტური შავ-თეთრი ფილმებით მაყურებელს არაჩვეულებრივი იუმორითა და სიმსუბუქით სიყვარულისაკენ მოუწოდებს. მუსიკა მის შემოქმედებაში წარმოდგენილია, როგორც ფილმის მთავარი აზრობრივი მსაზღვრელი, სწორედ მელოდიით გადმოცემული სიტყვები აქცევს რეჟისორს უდიდეს კინოკომპოზიტორად.
„მუსიკა ამბობს იმავეს, რასაც ფილოსოფია, ოღონდ ამას ამბობს სიტყვების გარეშე“, - ეს სიტყვები ყველაზე კარგად მიხეილ კობახიძის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმს, „ქოლგას“ ესადაგება. შეყვარებული წყვილი, რომელიც ჰაერში მოფარფატე ქოლგას დაუღალავად მისდევს, მაგრამ საბოლოოდ დევნაში დაღლილები მიხვდებიან, რომ ოცნება როდია ყოველთვის ხელმისაწვდომი. ფილმში დრო და სივრცე არ არსებობს, რეჟისორის ეს ექსპერიმენტი მუსიკის გაქრობითა და გაჩენით, ქოლგის დაკარგული მნიშვნელობითა და ახალგაზრდების სიყვარულის ისტორიით შესანიშნავ, დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. ქოლგა სიმბოლოა, თუმცა რისი, ეს თავად მაყურებლის გადასაწყვეტია.
ნიჭია 14 წუთში, უსიტყვოდ, საოცარი სიმსუბუქით აღწერო ადამიანური ურთიერთობები, ამ ნიჭით დაჯილდოებულმა კობახიძემ კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი დაუტოვა მაყურებელს. 1967 წელს რეჟისორმა „მუსიკოსები“ გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი თავად შეასრულა. ფილმი მარტოხელა ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სამყაროს აკვირდებიან და ამ პროცესში ერთმანეთს გაიცნობენ. ბევრი სიხარულის, ცეკვა-თამაშის შემდეგ ურთიერთობა ჩხუბსა და დაძაბულობაში გადაიზრდება, რის შემდეგაც მეგობრები გაიყრებიან. ისევ მარტო დარჩენილი ახალგაზრდები შერიგებას გადაწყვეტენ, ერთმანეთთან მიიჩქარიან, რადგან მარტოობა რთული ასატანია. ადამიანური გრძნობებით გაჟღენთილი, თბილი, რეალური ისტორია მიხეილ კობახიძემ შეუდარებელი ხედვითა და სტილით გადმოსცა, თუმცა საბჭოთა იდეოლოგიისთვის რეჟისორის შემოქმედება მიუღებელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მას დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.
ერთ-ერთ ინტერვიუში კობახიძე წერს: “მოვიდა ბრძანება მოსკოვიდან – მე ამიკრძალეს რეჟისორად მუშაობა. იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი ამ პერიოდში, რომ “მუსიკოსების” ფინალში უკვე გამოვხატე ჩემი განწყობა – ბოლო სცენა რომაა, ჩვენ რომ გავდივართ უცბად კადრიდან, ეს იყო ჩემი დამშვიდობება კინემატოგრაფთან. ეს აზრი ჩავდე იქ, თუმცა ბევრი სცენის მერე დავბრუნდი” ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ იგი საფრანგეთში გადაღებული ფილმით დაბრუნდა, სახელწოდებით „გზა“. ამ ფილმს სიზმრის ფორმა აქვს და კარს წარმოადგენს, რეალურ და არარეალურ სამყაროს შორის, რომლის გაღებისაც მიხეილ კობახიძეს არასოდეს ეშინოდა.
მიხეილ კობახიძის ფილმები სიტყვის უთქმელად, გამოსახულებითა და მუსიკით ამბობენ სათქმელს. მიუხედავად მათი სიმცირისა, დიდი კინორეჟისორის შემოქმედება განსაკუთრებული ინდივიდუალიზმითა და დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებით გამოირჩევა. ავტორი თვითმყოფადი ნიჭით, სამყაროს თავისებურ, ძალზე განსხვავებულ ხედვას ასახავს. მისი თითოეული ფილმი ღრმა სათქმელს იტევს, იქნება ეს აზრის ოსტატურად ასახვა თუ ადამიანები, რომლებიც სიყვარულისაკენ და ოცნებებისკენ მიისწრაფვიან.
დაწერე კომენტარი