ნიუ ჯერსიში 1917 წელს დაბადებული ხელოვანი, ირვინგ პენი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდებული ფოტოგრაფი გახდა. მისმა გამორჩეულმა ხედვამ რეკლამებსა და ხელოვნებას შორის არსებული ზღვარი წაშალა და ხელოვნების ისტორიას არაერთი მინიმალისტური და ელეგანტური შედევრი დაუტოვა.
„გონება და თვალი, რომელმაც იცოდა, რისი დანახვა სურდა“, - ასე ახასიათებს პენს ალექსანდრ ლიბერმანი, 1943 წელს “ვოგის” ახალი შემოქმედებითი დირექტორი, რომელმაც იგი ყოველთვიური ჟურნალის გარეკანისთვის განლაგებისა და იდეების მოსაფიქრებლად დაიქირავა და პენი წაახალისა, რომ ფოტოები თავისებური ხედვით გადაეღო, რამაც წარმატებულ კარიერამდე, არაერთ წარმატებულ თანამშრომლობამდე და თანამედროვე ფოტოგრაფიის სახეცვლილებამდე მიიყვანა.
ანა ვინტურის, “ვოგის” მთავარი რედაქტორის თქმით, პენმა სამყაროს ხედვა და ჩვენი სილამაზის აღქმა შეცვალა.
გაეცანით გავლენიანი ფოტოგრაფის ცხოვრებასა და ნამუშევრებს და აღმოაჩინეთ მისეული, შავ-თეთრ და ფერად ფირზე აღბეჭდილი სამყარო, რომელიც ამდენად შთამბეჭდავი იყო მასთან მომუშავე ადამიანებისა და მნახველებისთვის და აღფრთოვანებას იწვევს ახლაც.
“ვოგთან” ფოტოგრაფმა 60 წელი ითანამშრომლა და 163 გარეკანზე იზრუნა, რომელთა შორისაცაა 1950 წლის ჟან პატჩეტის ფოტო. იმ დროის ერთ-ერთ წამყვან მოდელს, ახალგაზრდა ამერიკელს, პენი მაღალი მოდის ქალღმერთს უწოდებდა. ამ ნამუშევარში კლასიკურ სიმეტრიას მხოლოდ პატჩეტის გაბედული, გვერდული მზერა არღვევს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პენმა სწრაფად გაითქვა სახელი განსაკუთრებული სტილით და ლიბერმანმა ის მსოფლიოს გარშემო პორტრეტებზე და მოდის სამყაროზე სამუშაოდ გაგზავნა. ამ გამოცდილებამ პენს სტუდიაში მუშაობის უპირატესობა დაანახვა, სადაც შეეძლო ყველაფერი ამოეჭრა კადრიდან, რაც კომპოზიციებში ზედმეტი იყო და აქცენტი უკეთ დაესვა საგნებზე.
შესასრულებელი სამუშაოების გარდა, პენმა თავისი პროექტი წამოიწყო, ახლოდან იღებდა განათებულ შიშველ სხეულს, რომ სურათის გლუვ ზედაპირში შეჭრილიყო. ეს ახალი მიდგომა უფრო ადრეული ხელოვნების ნიმუშების ანარეკლი იყო, თუმცა ეს ნამუშევრები ძალიან პროვოკაციულად მიიჩნიეს და ათწლეულების განმავლობაში არ გამოუქვეყნებიათ.
1950 წელს პენი პარიზში გაგზავნეს სამუშაოდ, “ვოგის” მაღალი მოდის კოლექციების შესაქმნელად, სადაც მოცეკვავედ აღზრდილ მოდელთან, ლიზა ფონსაგრივსთან მუშაობდა, რომელსაც კარგად ესმოდა ფორმისა და პოზის მნიშვნელობა. პენი იხსენებდა: - „როცა ლიზა შემოვიდა, მას შევხედე და გული ამიჩქარდა, არასოდეს დავეჭვებულვარ, ეს ის იყო“. ისინი 1950 წლის სექტემბერში, ლონდონში დაქორწინდნენ. მის ერთ-ერთ ფოტოში ლიზას მასიური კაბა და ქუდი ამშვენებს, წყვილ ხელთათმანთან და მბრძანებლურ მზერასთან ერთად. ეს ნამუშევარი პენის მოდის ფოტოგრაფიული მიგნების ვარსკვლავური მაგალითია: სურათში მთავარი პერსონაჟიცა და სამოსიც თანაბრად ფასეულია, გარემოცვა - სიცარიელემდე დაყვანილი და შეულამაზებელი. კონტექსტზე მეტად სტილზე ხაზგასმამ ჟანრის გადატრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ირვინგ პენი ასევე ცნობილია კულტურული ვარსკვლავების ფოტოებითაც - ტრუმენ კეპოტი, იგორ სტრავინსკი, სპენსერ ტრეისი. მისი ხელწერა ამჯერად ამ ადამიანების ორი ნაცრისფერი კედლით შექმნილ, მახვილ კუთხეში მოთავსება იყო. „ისინი ვერ გამექცეოდნენ, - ამბობდა პენი, - დროის ამ მონაკვეთში [ისინი] მე მეკუთვნოდნენ“.
ეს ნამუშევრები „კუთხის პორტრეტების“ სახელით გახდა ცნობილი. ისევე როგორც მოდაში, პენი აქაც ერიდებოდა გლამურული ფონებს, რომ მთავარი ფოკუსი ფოტოზე გამოსახულ ადამიანებზე გადაეტანა.
1960-იან წლებში პენმა ნატურმორტების, ყვავილების კადრების გადაღება დაიწყო, შექმნა მთელი წიგნი ყვავილების შესახებ - Flowers, რომელიც 1980 წელს გამოიცა და ამის შემდეგაც აგრძელებდა ამავე თემატიკის ობიექტივში მოქცევას.
ყვავილების გარდა პენის გატაცება იყო სიგარეტები. 1972 წელს მისი ერთ-ერთი უდიდესი სერია - სიგარეტები გამოიცა, რომელშიც სიგარეტის ნამწვების გადიდებული სურათები გვერდიგვერდ ელაგა. დაკეცილი, დაჭმუჭნილი და გასრესილი სიგარეტები კლასიკური სვეტებისგან ძალიან არ განსხვავდება.
“ვოგისთვის” მოგზაურობამ წარმატებული ფოტოგრაფი იაპონიაში, ესპანეთში, ნეპალში, ახალ გვინეაში, მაროკოში, კრეტაზე, კამერუნში ჩაიყვანა. მოგზაურობისას პენს შეეძლო იმაზე კონცენტრირება, რაც ნამდვილად აინტერესებდა: ადამიანების პორტრეტები ბუნებრივ შუქზე. მან ჩამოაყალიბა კარვის ტიპის სტუდია, რომელიც თან დაჰქონდა და რომელიც, მისივე თქმით, განსხვავებული ადამიანებისთვის ახალი გამოცდილება იყო, რომელიც ძალიან ბუნებრივად ამჟღავნებდა მათ შორის გაშლილ ვრცელ უფსკრულს.
პენის შემოქმედებითობა მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო გაიფურჩქნა. მისი ინოვაციური პორტრეტები, ნატურმორტი, მოდა რეგულარულად ჩნდებოდა “ვოგის” ფურცლებზე. მისი სტუდია სიცოცხლის ბოლომდე ჟურნალით, რეკლამირებით, პირადი ნაშრომებითა და საგამოფენო პროექტებით იყო დატვირთული.
ირვინგ პენი 2009 წელს 92 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
„მე ყოველთვის კრძალვით ვიდექი კამერის წინ, - ამბობდა პენი, - ფოტოაპარატს ვცნობ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ნახევრად სტრადივარიუსია, ნახევრად სკალპელი“.
დაწერე კომენტარი