ნაზი, გულწრფელი და ადამიანურ განცდებთან ახლოს მდგომი - ეს სიტყვები ფრანგი შემოქმედის, ჟულიეტ ბინოშის რეზონანსულ კინოპერსონას ზუსტად შეესაბამება და ამავე დროს ყველა მისი პერსონაჟის მთავარ ხასიათსაც აერთიანებს. ადრეულ ასაკში არჩევანის წინაშე მყოფ ბინოშს ვერ გადაეწყვიტა, ხატვა ყოფილიყო მისი სამომავლო საქმიანობა თუ მსახიობობა, როცა დედის მეგობრისგან ხელით დამზადებული პოსტერი მიიღო მოკლე წარწერით: “ჟულიეტ, აირჩიე ყველაფრის კეთება!”. “ყოველთვის ყველაფერში თავს ვიზღუდავთ. ამ პოსტერის სიტყვები კი სამუდამოდ დამამახსოვრდა”, - ამბობს მსახიობი.


მას შემდეგ, ბინოშისთვის შემოქმედებითი ჩარჩოები პრაქტიკულად არარსებულია, მეტიც, გამორჩეული ურთიერთობები სხვადასხვა რეჟისორთან, რომლებთანაც მან შემდგომში რამდენჯერმე იმუშავა, ძირითადად მისივე ინიციატივით შედგა. სხვა სიტყვებით, ბინოში არ ერიდება, შემოქმედებითი გზის მიმართულება და ნარატივი თავადვე აირჩიოს. “მომწონს დამოუკიდებლობა, ჩემი სამყაროს შექმნა. სისტემის გარეთ ყოფნა. ვფიქრობ, ადამიანს ასე მეტი შესაძლებლობა გაქვს”.


ერთი კვირით ადრე იმ ფილმის გადაღებიდან, რომლის დამსახურებით ჟულიეტს “სეზარის” ჯილდო გადაეცა, პოლონელი რეჟისორი, კშიშტოფ კიშლოვსკი მსახიობს მოკლედ აფრთხილებს: “არანაირი ცრემლები, არცერთ სცენაში”. ბინოშის გაკვირვება უცხო სულაც არ იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ნამუშევარში “Three Colours: Blue” ავტოავარიაში მოხვედრილი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი ჯული - ბინოშის გმირია, რომელიც ამბის დასაწყისშივე კარგავს შვილსა და მეუღლეს. მშვიდი, სევდით გაყუჩებული ატმოსფერო და ფერთა სიმბოლიზმი ნაშრომს წამყვან ელემენტებად თან სდევს, ბინოში კი გლოვის, როგორც  ემოციის, ცოცხალ მანიფესტაციად იქცევა. მწუხარება, სიცარიელე და გამქრალი შეგრძნებები ჯულის ხასიათში ბინოშის ნაზი, უცვლელი გამომეტყველებითა და დაღლილი სხეულის მანერიზმით იხატება. საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებული გმირი ოთახიდან ოთახში აჩრდილივით უხმოდ სიარულს იწყებს, როცა კუთხეში მოტირალ დიასახლისს გადააწყდება. “რატომ ტირი?”, კითხულობს ჯული, რაზეც შემდეგ პასუხს იღებს: “იმიტომ, რომ შენ არ ტირი”.


კიშლოვკისთან მუშაობისას გადამწყვეტი მიზეზი ბინოშისთვის ფილმის თემატიკა აღმოჩნდა. შინაარსი მსახიობს თავის ახლო მეგობარს აგონებდა, რომელმაც მისი პერსონაჟის მსგავსად, შვილი და მეუღლე დაკარგა. “ბოლო კადრის გადაღებისას ვუთხარი, მოეცა თავისუფლება, რაც მინდოდა, ამ ერთხელ ის გამეკეთებინა. მინდოდა, გამეღიმა. უარი მივიღე. ვუთხარი, ერთხელ გვეცადა, რაზეც დამთანხმდა. ასეც გადავიღეთ, საბოლოოდ ღიმილი ნამუშევარში დარჩა. ფილმის ჩვენებაზე კი კშიშტოფმა მითხრა: მართალი იყავი”.  - იხსენებს ბინოში. “ლურჯი” -  როგორც ამბავი, ისე ფერი -  კიშლოვსკისთვის ტკივილის, დანაკარგისა და სიცოცხლის აღიარებაა. ბოლო კადრში კი ბინოშის ღიმილი სწორედ იმას გვამცნობს, რომ მისი გმირი საბოლოოდ პოულობს ძალას, ცხოვრება აღიარებით განაგრძოს.


იმ შემოქმედებით ადამიანებს შორის, რომლებთანაც ბინოში ურთიერთობდა, ავსტრიელი კინორეჟისორი და სცენარისტი, მიხაელ ჰანეკე უპირობოდ გამორჩეულია, მასთან დაკავშირებული ისტორია კი არანაკლებ შთამბეჭდავი. ჟულიეტის სიტყვებით, რეჟისორებთან მუშაობისას ხშირად მათ ნამუშევრებს გადაღების პარალელურად ეცნობოდა, ჰანეკეს შემთხვევაში კი მსახიობს უკვე ყველა მისი ნაშრომი ნანახი ჰქონდა, როცა მასთან გაგზავნილ წერილში თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ჰანეკეს შემოქმედების მიმზიდველ მხარეს ბინოში შემდეგნაირად ახასიათებს: “ყველა მის ამბავში ინტელექტი ჩანს. დიალოგი, ვიზუალური ცნობიერება, მონტაჟის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ცხადი და ცოცხალია, ბოლოს კი მის ენად იქცევა”. თამამი, მკაცრი და ხშირად დაუნდობელი ხედვით გამორჩეული ჰანეკე ტრადიციას ჟულიეტის დახმარებით, მათ საერთო ნამუშევარში, “Code Unknown” კვლავ მოვლენათა ცივი, ობიექტური აღწერით აგრძელებს. 


უწყვეტი კადრები, უხეში ჭრა და გმირთა უარყოფითი თვისებების დღის შუქზე გამოაშკარავება ამბის მთავარი მახასიათებლებია, შინაარსობრივად კი ნამუშევარი ადამიანთა შორის ურთიერთობის  სირთულეს, მათ უხეშ მიდრეკილებებსა და ძალადობის, როგორც უწყვეტი ციკლის, ფენომენს ეხება. ქსენოფობიურ პარიზში მცხოვრებ მსახიობს, ანას, რომელსაც ბინოში განასახიერებს, მეზობლის სახლიდან საღამოობით ბავშვის ყვირილი ესმის, თუმცა არაფერს აკეთებს, რადგან საზოგადო სტანდარტით, ეს მისი საქმე არაა. დანაშაულის გრძნობა ქვეცნობიერად იზრდება, მალე კი ანას კართან ანონიმური წერილი ხვდება, რომელიც პირდაპირ მას მიმართავს და დაუცველი ბავშვის მიმართ აპათიაში ადანაშაულებს. ნაშრომი ჰანეკესა და ბინოშის პირველი კოლაბორაციაა. მისი დახასიათებით, “ჟულიეტს შეუძლია შექმნას ინტენსიურად ჯიუტი ადამიანის სახე, ამავდროულად  კი სიმპათიას იწვევდეს შენში”. ბინოშის გმირებს შორის, ცივი ბუნებით გამორჩეული ენი, რომელიც უხილავი ძალადობის პასიური წევრია, შემდეგ კი თავად ხდება მისი მსხვერპლი, ჩემთვის უდავო ფავორიტია. 


მსახიობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი “The Lovers on the Bridge” ლეოს კარაქსის რეჟისურით შექმნილი ამბავია, რომელიც პარიზის ხიდზე მცხოვრები ორი ახალგაზრდა უსახლკაროს ურთიერთობას აღწერს. ერთი მათგანი ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ წამალზეა დამოკიდებული, ამავდროულად, სურს ცირკის მსახიობი გახდეს, მეორე კი, მხატვარი გოგონა, რომლის როლსაც ბინოში ასრულებს, უშედეგო ურთიერთობის გამო, ქუჩაშია დარჩენილი და მხედველობას კარგავს. დინამიკური თხრობის სტილი, თამამი ვიზუალი, ბინოშის სახით ცეცხლწაკიდებული პოსტერები და ფეირვერკით განათებულ პარიზში მორბენალი წყვილი ის ასოციაციებია, რომლებსაც ამბავთან პირველი ვაკავშირებთ.  


იმ ადამიანთა შორის, რომლებთან ერთად მუშაობასაც მსახიობი განსაკუთრებულად იხსენებს, ერთ-ერთი ბინოშის დიდი ხნის ნაცნობი, ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი კლერ დენია. ავტობიოგრაფიული ელემენტების გამოყენებით, დენი ნაშრომში “Let The Sunshine In” ზრდასრული, მარტოხელა მხატვრის ყოველდღიურობას და უსარგებლო შეხვედრებს აღწერს, რომელსაც მუდმივად იმედგაცრუება მოჰყვება. ჭკვიანური დიალოგისა და ავტორის მგრძნობიარე, თუმცა ამავდროულად, უხეში ხედვის თანხლებით, ბინოში ღირებული ურთიერთობის ძიებაში დაკარგული, უკმაყოფილო და სევდიანი არტისტის სახეს განსაკუთრებულ ნატურალიზმს სძენს. ნამუშევარი ერთდროულად როგორც თბილი, ისე უკომპრომისოა, რადგან ერთჯერადი ურთიერთობების დინამიკას რეალისტური ფორმით გვაწვდის და პერსონაჟში დაბუდებული სიცარიელის ჩვენებით პირდაპირ რეჟისორის პირად გამოცდილებას ეხმიანება. “მე და კლერი ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რაღაც არაპროგნოზირებადია მის ბუნებაში. არ ცდილობს გადაღებისას რაიმე მკაცრად აკონტროლოს, მაგრამ ამასთან ერთად, პროცესში სულ ჩართულია. სცენას პორტრეტივით ქმნის და დეტალებს აკვირდება: განათებას, კადრის პერსპექტივას, შენს თვალებს… ყველაფერს. თავს მართლა “დანახულად” გაგრძნობინებს”. - ამბობს ბინოში.


კინოშემოქმედებისა და სცენის გარდა, თავისუფალ დროს ბინოში დიდი ხნის განმავლობაში ცეკვავდა, ამასთან ერთად, ხშირად ხატავს. აქტიურობა მსახიობის შინაგანი მდგომარეობაა.  “ხანდახან მგონია, სხვა პროფესიითაც ვიმუშავებდი. არ ვიცი, შეიძლება, რადგან მსახიობი სხვადასხვა გმირს თამაშობ, გგონია, ნამდვილ ცხოვრებაშიც ყველაფერი ასე გამოგივა”. - ეს ჟულიეტის სიტყვებია.


კომპლექსური ემოციების ინტერპრეტირება იქნება თუ მელანქოლიურ გმირთა ბუნებრივი პორტრეტის შექმნა, ჟულიეტ ბინოში ფრანგული კინოს  გამორჩეულ, განუყოფელ ფიგურად რჩება, რომელიც თითოეულ ამბავში, რა მცირედიც  უნდა იყოს მისი სამუშაო, ცოცხალ კვალს ტოვებს. 

“ვცდილობ, ჩემი ფილმები მარტო ერთხელ ვნახო. ისე აღვიქვამ, როგორც სიზმარს, რომელიც კარგად გახსოვს, თუმცა ხელახლა გინდა გამოცადო, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მის არსებობაში დარწმუნდე”.