საუკუნეებია თავისუფლება ადამიანის უმთავრეს კონცეფციად იქცა - უდიდეს ღირებულებად, რომელიც სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. სამწუხაროდ, რამდენიმე ათეულმა დეკადამ ვერ უზრუნველყო ამ იდეის სრულყოფილება და წელიწადის ნებისმიერ დროს, სამყაროს რამდენიმე წერტილში აქტივისტები ერთიანდებიან და ებრძვიან სხვადასხვა სფეროში თავისუფლების შეზღუდვას. სამოქალაქო აქტივიზმი ერთგვარ რუტინად იქცა, ხოლო მისგან გამოწვეული ქაოსურობა - უკეთესობის გარანტიად. სახალხო პროტესტის საგანმა უკანასკნელ ასწლეულში თითქმის ყველა სფერო მოიცვა, პროტესტანტები ცდილობენ თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ცნებები უფრო მისაღები, ხოლო ცხოვრება ნაკლებად შეზღუდული გახადონ.
„საკუთარი თავის გამოხატვა ადამიანური ყოფის ნაწილია. სიტყვის თავისუფლების ჩამორთმევა იგივეა, გითხრან, რომ თქვენ საზოგადოების წევრი აღარ ხართ“, - ამბობს აი ვეივეი და ამით ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების წინააღმდეგ ფსევდოიარაღად სიჩუმის გამოყენების აბსურდულობას.
აი ვეივეი ხშირად გამოდის სიტყვით სოციალური პრობლემების წინააღმდეგ და მისი შემოქმედების კრედოც პროტესტია. აღსანიშნავია ის, რომ ხელოვანი არ არის ერთადერთი, რომლისთვისაც სამოქალაქო აქტივიზმი შთაგონების წყაროდ იქცა. პროტესტის ხელოვნება გვხვდება ჯეიკობ ლოურენსის, Guerilla Girls-ის, პაულა რეგოს, ნენ გოლდინისა და სხვების შემოქმედებაში. ხელოვნება ერთგვარი მესიჯია კაცობრიობისთვის და არცაა გასაკვირი, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დამხმარე ძალად იქცა აქტივისტებისათვის.
აი ვეივეი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი ინტერესები ხელოვნების რამდენიმე სფეროს თანაბარი წარმატებით მოარგო და დღეს კითხვაზე, „ვინ არის აი ვეივეი?“, შეგვიძლია შემდეგი პასუხი გავცეთ: მხატვარი, ფოტოგრაფი, არქიტექტორი, პოეტი, რეჟისორი და პოლიტიკური აქტივისტი. ის რეპრესირებული ხელოვანია, რომელიც წლებია აკრიტიკებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. 2011 წელს აი აშკარა პოლიტიკური მოტივებით დააკავეს და 81 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ავანგარდული მოძრაობის პროტაგონისტისთვის გირაოს სოლიდური გადასახადი მოსახლეობამ გადაიხადა.
აის შემოქმედების მთავარი დანიშნულება საზოგადოებრივი სამართალი, სოციალური პრობლემების ხაზგასმა და ხალხის გვერდით ბრძოლაა. ვეივეის ნამუშევრები ხასიათდება მაღალი ინდივიდუალიზმითა და საკუთარი წარსულის ამსახველი ელემენტებით. მისთვის სიჩუმე მიუღებელი აქტია და როგორც თავად ამბობს, ხელოვნებას მაშინ აქვს გავლენა, როცა ის ჩვეულებრივ ადამიანებს უკავშირდება.
აი ვეივეის მსოფლმხედველობა მისი ცხოვრების ადრეულმა წლებმა, განსაკუთრებით კი მამამ განაპირობა. მამამისი პოეტი იყო, რომელიც საკუთარი ტექსტების გამო გააკრიტიკეს და აის ბავშვობაში გობის უდაბნოში გადასახლებით დასაჯეს. მთელი ბავშვობა აისთვის მამა იყო ის ძაფი, რომელიც აკავშირებდა მას და ხელოვნებას ერთმანეთთან.
ჰანის დინასტიის ურნის ვარდნა (Dropping a Han Dynasty Urn) - ნამუშევარი აერთიანებს აის სამ ფოტოს. პირველ ფოტოზე ვხედავთ, რომ ხელოვანს ხელში უჭირავს ჰანის დინასტიის არტეფაქტი, რომელიც 2000 წლისაა. მეორე ფოტოზე აი ხელებს ათავისუფლებს და ნივთი ჰაერშია, ჩვენ კი წინასწარ ვიცით, თუ რა დაგვხვდება მესამე ფოტოზე - დამსხვრეული არტეფაქტი. აი ვეივეი აღნიშნავს, რომ ნამუშევრის შექმნის პროცესში მან ორი ურნა დაამსხვრია, თუმცა ფოტოგრაფმა ამის აღბეჭდვა ვერ მოახერხა.
სამწუხაროა, უყურებდე - როგორ ნადგურდება ასეთი ღირებული ნივთი, თუმცა აი თვლიდა, რომ მისი მესიჯი ამად ღირდა. ამ მოქმედებით აიმ დაანახვა ხალხს მაო ძედუნის რეჟიმის აბსურდულობა, მაო ხომ ხშირად იმეორებდა: ახალი სამყაროს შექმნის ერთადერთი გზა ძველის განადგურებაა.
მზესუმზირების ინსტალაცია აის ერთ-ერთი ნამუშევარია. მან ასობით ოსტატი დაიქირავა და მათ დაავალა ფაიფურისგან დაემზადებინათ ასი მილიონი მზესუმზირის მარცვალი.
გამოფენაზე უკლებლივ ყველა იატაკზე დაყარა და დამთვალიერებლებს მისცა საშუალება მასზე ევლოთ. ამ აქტით აიმ ხაზი გაუსვა ჩინეთში იაფი მუშახელის დაუფასებლობას და მათი შრომის უპატივცემლობას; დამთვალიერებელი უყურადღებოდ ტოვებს იმ ფაქტს, რომ თითოეული მზესუმზირის მარცვალი, რომელზეც ის ახლა დააბიჯებს, ოსტატის ხელითაა დამზადებული და თავისებურად უნიკალურია.
ნენ გოლდინი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც საკუთარი ცხოვრების აღბეჭდვა 80-იან წლებში დაიწყო. ის აღბეჭდავდა მის გარემოცვაში არსებულ ვნებებს, სიყვარულს, მელანქოლიასა და ემოციებს. გოლდინის თითოეული კადრი გაქვავებული წამია, უკანა ფონზე კი სამყარო აგრძელებს ჩვეულ რიტმში მოძრაობას და მაყურებელს აქვს შესაძლებლობა გონებაში გააცოცხლოს ის კადრი, რომელიც თითოეული ფოტოს გადაღების შემდგომ წამებში მოხდა.
ფოტოგრაფის ადრეულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ლგბტქ ადამიანებს. ნენს აღაფრთოვანებდა მათი ინდივიდუალიზმის, თავისუფლებისა და შინაგანი ბუნების რადიკალური გამოხატვა. „მე მინდოდა, ისინი მესამე სქესის წარმომადგენლებად მეჩვენებინა; გამომეხატა დიდი პატივისცემა და სიყვარული მათი პერსონაჟების მიმართ, რადგან მოხიბლული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ახერხებენ საკუთარი „მეს“ საჯარო მანიფესტაციას. ამ ყველაფერს დიდი სიმამაცე სჭირდება“. - ამბობს ნენი.
ჯერ კიდევ 14 წლის ნენ გოლდინი მარიხუანის მოხმარებისთვის სკოლიდან გარიცხეს. წლების შემდეგ ფოტოგრაფი ნარკოტიკებზე
დამოკიდებული გახდა და დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს ბრაზილიაში სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ რეაბილიტაციას გადიოდა.
ნენსიმ წამოიწყო კამპანია P.A.I.N (Prescription Addiction Intervention Now), რომლის ფარგლებშიც ხშირად გამოდის ტელევიზიით და ამხელს საკლერების ოჯახს (Sackler family), რომელიც ჩართულია ოქსიტოცინის ფართო წარმოებაში. ოჯახი თავს პასუხისმგებლად არ გრძნობს იმ შედეგების პირისპირ, რომელიც ოპოიდურმა კრიზისმა გამოიწვია.
2018 წელს ფოტოგრაფმა ხელოვნების მუზეუმში მოაწყო საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც ის მუზეუმებსა და გალერეებს სთხოვდა, არ მიეღოთ ის თანხა, რომელსაც საკლერების ოჯახი შემოწირულობის მიზნით იძლეოდა. „მე შევქმენი მოძრაობა, სახელწოდებით P.A.I.N (აბრევიატურა ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ტკივილი). ჩვენ ვართ ხელოვანები, აქტივისტები და ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომელთაც სწამთ სწორი გეზით მოძრაობის წარმატების. ჩვენი სამიზნე საკლერების ოჯახია; ოჯახი, რომელიც მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ხარჯზე აწარმოებს და ავრცელებს ოქსიტოცინს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ 250 000 ადამიანის სახელით, რომელთაც დღეს ეს აღარ ძალუძთ“, - განაცხადა გოლდინმა.
პაულა რეგო პორტუგალიელი მხატვარია, რომლის ნახატებშიც მკვეთრად იგრძნობა ფემინიზმი და ადგილობრივი ფოლკლორული ისტორიები. რეგო ლონდონ ჯგუფის (London Group) ერთ-ერთი წევრია დევიდ ჰოკნისა და ფრენკ აუერბახთან ერთად.
რეგოს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია მისმა ოჯახმა, კერძოდ - ბებიამ, რომელთანაც ის ცხოვრობდა მშობლების განშორების შემდეგ. მხატვარმა ბებიისგან მოისმინა რამდენიმე ფოლკლორული ზღაპარი, რომლებიც შემდეგ მისი შთაგონების წყაროდ იქცა.
მხატვრის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, როცა ლონდონ ჯგუფთან ერთად გამოფინა საკუთარი ნამუშევრები. მასზე დიდი გავლენა მოახდინა სიურრეალიზმმა, განსაკუთრებით კი ჟოან მიროს შემოქმედებამ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგოს ნახატების სტილი ნახევრად აბსტრაქტულია, რაც აიხსნება მარტივი მიზეზით - 60-იანი წლების ავანგარდულ მხატვრობაში აბსტრაქციონიზმი დომინირებდა. რეგოს ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა მხატვრის ანტიპათია მკვეთრი ხაზების მიმართ, მისი 1980-იანი წლების სერიის, „წითელი მაიმუნის“ (Red Monkey) ნახატები ექსპრესიონისტულ კომიქსებს წააგავს.
როგორც უკვე აღვნიშნე, რეგოს ნახატებში დიდი ადგილი უჭირავს ფემინიზმის თემატიკას. თავისი კარიერის მანძილზე მხატვარი გმობდა ქალთა უფლებების დარღვევას და აკრიტიკებდა აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობას. მოძრაობა ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებდნენ, კრიმინალებს უწოდებდა. აკრძალვების შედეგად ქალები იძულებულნი გახდნენ საშიშ, ანტისანიტარიულ გარემოში, გარეუბნებში ჩაეტარებინათ შესაბამისი პროცედურები.
თანაც, ამ პრობლემის წინაშე უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები იდგნენ, რადგან მდიდრებს შეეძლოთ კანონისთვის გვერდი აევლოთ და საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ მოეშორებინათ ნაყოფი. აბორტების სერია ( Abortion series 1988 წ.) აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებშიც მხატვარმა უკანონო აბორტები აღბეჭდა. ნახატები ხაზს უსვამს არალეგალური აბორტის საშიშროებას და წინა პლანზე წამოსწევს მის მომაკვდინებელ შედეგებს.
„სერია ხაზს უსვამს იმ შიშსა და ტკივილს, რომელიც თან ახლავს სასოწარკვეთილი ქალების უკანასკნელ გამოსავალს - უკანონო აბორტს. სხვა თუ არაფერი, ძალიან არასწორია ქალების კრიმინალიზება ამ გადაწყვეტილების გამო. აბორტის აკრძალვა პირდაპირ აიძულებს ქალებს თავიანთი ცხოვრება საფრთხეში ჩაიგდონ და ყველანაირი ნორმის დაცვით გაიკეთონ აბორტი გარეუბნებში“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვარი.
დაწერე კომენტარი