გაზაფხულზე გიორგი დანიბეგაშვილის სამი კონცეპტუალური ნამუშევარი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის ფინალურ შოუზე, Talante 2021-ზე (the International Crafts Fair in Munich) გამოიფინება.
Talents 2021 საერთაშორისო კონკურსია და იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომლებიც დიზაინისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ. კონკურსი ყოველწლიურად მიუნხენში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის ფარგლებში ტარდება და იგი ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალებას აძლევს საზოგადოებას თავიანთი ახალი და ინოვაციური იდეები გააცნონ.
2021 წელს კონკურსზე საქართველოს ხელოვანი გიორგი დანიბეგაშვილი წარმოადგენს, რომელიც 102 ფინალისტთა შორის მოხვდა. კონკურსში კი 50 ქვეყნის 500 წარმომადგენელი მონაწილეობდა. Talante 2021 2021 წლის 13 მარტს მიუნხენში გაიმართება.
გიორგი დანიბეგაშვილი მულტიდისციპლინური ხელოვანია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მან 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. აკადემიის დამთავრების შემდეგ, აქტიურად მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. 2017 წელს მისი ნამუშევარი ფრანსუაზა შნაიდერის ფონდის კონკურსის, "თანამედროვე ტალანტების” ფინალისტებს შორის შეირჩა.
მისი მიდგომა იმ ინტერდისციპლინური კვლევისა და გამოცდილების შედეგია, რომელიც ისეთ მედიუმებს აერთიანებს, როგორიცაა: ფერწერა, ვიდეოარტი, ინსტალაცია თუ ქანდაკება. მხატვრული ინტერესის სფერო კი გრძნობებისა და მოგონებების კავშირს მოიცავს და ზოგადად აღწერს, თუ როგორ აისახება ტექნოლოგია მის შემოქმედებით პროცესზე.
დაწერე კომენტარი