სანამ Cardi B Balenciaga-ს სარეკლამო ბანერებში გამოჩნდებოდა, A$AP ROCKY და Tyler The Creator Gucci-ის კამპანიის სახე გახდებოდნენ, Kanye West ქუჩის მოდას შექმნიდა და ლოგომანია მთავარ ტრენდად დამკვიდრდებოდა, ჰიპ-ჰოპის მოდის ბაბუად წოდებული Dapper Dan იყო პირველი, ვინც 80-იან წლებში დაამკვიდრა დიზაინერული მოდა ქუჩის კულტურაში. მისი კლიენტები იყვნენ იმ დროის ყველაზე პოპულარული და ცნობილი - Run DMC, Mike Tyson, Salt and Pepa, LL Cool J, და Bobby Brown. ისინი საათობით ატარებდნენ დროს მის სტუდიაში, ჰარლემში, რომელიც 8 წლის განმავლობაში მუდმივად ღია იყო.
Dapper Dan ქუჩის მოდის პიონერი იყო, რომელიც ცნობილი ბრენდების ლოგოებს არგებდა თავის შექმნილ დიზაინს. ისეთი მოდის სახლები, როგორიცაა Louis Vuitton, Fendi, Gucci, იმ დროისთვის არ ქმნიდნენ ჰიპ-ჰოპ კულტურაზე მორგებულ ტანსაცმელს. მათ მაღაზიებში შავკანიანები სასურველ ზომებსაც ვერ პოულობდნენ. Dan-მა კი ახალი ერა შექმნა მათთვის მოდაში. თავიდან ის ყიდულობდა ნამდვილ დიზაინერულ ჩანთებს, ჭრიდა და მიღებული ქსოვილიდან ქმნიდა ქუჩის სტილს მაღალი მოდის ბრენდების ლოგოებით. რადგან ხელი არ მიუწვდებოდა დიზაინერულ ქსოვილებთან, Dan-მა თავისით დაიწყო ბრენდების ლოგოების ბეჭდვა და გაყალბება. მისი შექმნილი ტანსაცმელი შავკანიანებისთვის საშუალება იყო მოდის სფეროსგან თამაშგარედ დარჩენილი კულტურა სრულიად ახლებურად წარმოეჩინათ. MTV-ის ეთერში გასულ ყველაზე პოპულარულ კლიპებში ადვილად შეამჩნევდით მის ნამუშევრებს. მას შემდეგ, რაც Mike Tyson-მაც მოირგო Dapper Dan-ის მიერ შექმნილი ტანსაცმელი, პრესა მასზე ალაპარაკდა. დილერები მიდიოდნენ სტუდიაში, პოლაროიდებს იღებდნენ და სხვადასხვა ქალაქებში ავრცელებდნენ.
მის შესახებ უცებ მთელმა ამერიკამ შეიტყო, რამაც Dan-ის მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. Louis Vuitton-ის, Gucci-ის და Fendi-ის მოდის სახლებმა მათი ლოგოების არაოფიციალური გამოყენებისთვის უჩივლეს და ყველაფერი წაართვეს, 90-იან წლებში Dapper Dan-ის სახელი სამყარომ ნელ-ნელა მიივიწყა, ინტერნეტის ერაში მისმა დაბრუნებამ კი უკვე ახალ თაობაში გამოიწვია ინტერესი.
გავრცელდა მისი ძველი დიზაინის სამოსში გამოწყობილი ცნობილი არტისტების ფოტოები, რამაც Dapper Dan-ის სახელი კვლავ აქტუალური გახადა. 2017 წლის Gucci-ის ჩვენებამ კი ყველაფერი შემოატრიალა. იტალიური სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ თავის ახალ კოლექციაში Dapper Dan-ის მიერ 80-იან წლებში შექმნილი ქურთუკის დიზაინი გამოიყენა, რამაც ინტერნეტის აფეთქება გამოიწვია და შეირაცხა, როგორც
შავკანიანთა კულტურის კიდევ ერთ ქურდობად. ირონიულია, რომ ერთ დროს Gucci-ის მოდის სახლი ლოგოს გამოყენებისთვის უჩიოდა და ახლა სწორედ მათ მოიპარეს მისი დიზაინი.
მაგრამ სწორედ ამ სიტუაციის შედეგად, Alessandro Michele თავად ეწვია მოსალაპარაკებლად ჰარლემში Dan-ს და შედგა ყველაზე დასამახსოვრებელი კოლაბორაცია Gucci-ისა და Dapper Dan-ს შორის. Gucci-მ მოამარაგა ყველაზე ძვირად ღირებული იტალიური ქსოვილის ულევი რაოდენობით და შეუქმნა ახალი სივრცე ჰარლემში, წითელი ველვეტითა და იტალიური ავეჯით მოწყობილი ატელიე. მალევე გამოჩნდა მზა ტანსაცმლისა და აქსესუარების საერთო კოლექციაც, რომელიც ორივე ბრენდის იდენტობისთვის ავთენტური იყო, კამპანიის ფოტოები გადაიღო Ari Marcopoulos-მა და მოდელების როლი ჰარლემის ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოირგეს.
ამ კოლაბორაციის წყალობით Dapper Dan-მა დაიბრუნა მოდის სამყაროში თავისი მნიშვნელობა, მეტ გალაზე არაერთმა ცნობილმა სტუმარმა მოირგო მისი ლუქები და დღეს ის კვლავ აქტუალურია, როგორც თავისი თემისთვის, ასევე, ზოგადად, მოდის სფეროსთვის. მაგრამ ამ წარმატებისა და მსოფლიო ინტერესის მიუხედავად, ის დღესაც ჰარლემში ცხოვრობს, ყოველდღიურად მუშაობს და ცდილობს თავისი შრომით და ხედვით მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს საკუთარი კულტურა.
მართალია, Dapper Dan “ყალბ” მოდას ქმნიდა, მაგრამ არასოდეს იმეორებდა და “აკოპირებდა” დიზაინერებს, ყოველთვის განსხვავებულს და ჯერ არ არსებულს სთავაზობდა თავის კლიენტებს, რითაც საბოლოოდ შავკანიანთა მოდას ჩაუყარა საფუძველი. ცნობილ და ყველაზე პოპულარულ ბრენდებს წლები დასჭირდათ მიმხვდარიყვნენ ურბანული სტილის მნიშვნელობას, რაც თავის დროზე Dapper Dan-ის გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.
დაწერე კომენტარი