განს ვან სენტი ამერიკელი რეჟისორი და მწერალია, რომელიც ცნობილია მარგინალური და იზოლირებული პერსონაჟებით. მან შექმნა ღრმად არატრადიციული, დამოუკიდებელი ფილმები, რომელიც ამავდროულად მეინსტრიმულია. ვან სენტი არის რეჟისორი, რომელმაც მოახერხა ჰოლივუდში საკუთარი ნიშის შექმნა.
რეჟისორი 1952 წლის 24 ივლისს კენტუკის შტატში დაიბადა, განათლება როდ აილენდის სამხატვრო სკოლაში მიიღო, სადაც კინოხელოვნება შეისწავლა. მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო “ცუდი ღამე”, რომელშიც ასახულია ამერიკელი მამაკაცის ცალმხრივი სიყვარული მექსიკელი მამაკაცის მიმართ. ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორიები მის მომდევნო ნამუშევრებშიც ხშირად გვხვდება.
რეჟისორს აღიარება და პირველი წარმატება ფილმმა “აფთიაქის კოვბოიმ” მოუტანა, რომელშიც მთავარ როლს მეტ დილონი ასრულებს. ფილმში არაჩვეულებრივი სიზუსტითა და სიმძიმითაა გადმოცემული ნარკოდამოკიდებული ადამიანების ცხოვრება, რომლებიც მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, თუ სად და როგორ იშოვონ წამალი. ფილმში აღწერილ ტრაგედიას რეჟისორი განუმეორებელ განზომილებასა და ჟღერადობას ანიჭებს.
ფილმი, რომელიც ავტორის შემოქმედებაში აგრეთვე ძალიან დიდ ადგილს იკავებს, “ჩემი პირადი შტატი აიდაჰოა”, სადაც მთავარ როლებს რივერ ფენიქსი და კიანუ რივზი ასრულებენ. ფილმი ახალგაზრდების მიერ განვლილ უმძიმეს გზაზე, უპასუხო სიყვარულის, გაუცხოების, ნარკოტიკებისა და ოჯახის შესახებ მოგვითრობს. ამ ფილმმა მსახიობებს აღიარება მოუტანა, ხოლო რეჟისორი ცოცხალ კლასიკოსად აქცია.
ვან სენტის შემოქმედება კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფილმით “ჭკვიანი უილ ჰანტინგი”, სადაც მთავარ როლში მეთ დეიმონი გვევლინება, ამ როლისთვის მსახიობმა ოსკარიც მიიღო. რეჟისორმა შექმნა ახალგაზრდა გენიოსის პორტრეტი, რომელმაც თავისი პოტენციალისთვის უნდა იბრძოლოს. არაჩვეულებრივი მსახიობებისა და რეჟისორის ოსტატობის დამსახურებით ფილმი მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.
21-ე საუკუნის დასაწყისში ვან სენტმა არაერთი ფილმი გადაიღო, დღესაც მაყურებელი მისგან სიახლეებს მოუთმენლად ელოდება. ის არის რეჟისორი, რომელიც საუბრობს მძიმე და რეალურ თემებზე განსაკუთრებული ინდივიდუალიზმითა და უცნაური სიმსუბუქით, რომელიც მნახველს თავიდან არიდებს იმ დამთრგუნველ რეალობას, რომელსაც თითქმის ყველა მის ფილმში ვხვდებით.
დაწერე კომენტარი