თვითნასწავლმა დიზაინერმა სიმონ ჟაკმუსმა მოდის ინდუსტრია მთლიანად შეცვალა, მის კოლექციებში მუდმივად იგრძნობა გულწრფელი სულისკვეთება და თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ხშირად ასიმეტრიული დიზაინით, "მკაცრი" სილუეტებით, ექსპერიმენტული მაკიაჟითა და ნახევრად შიშველი მოდელებით გამოიხატება. დიზაინერს საკუთარი სტუდია Place des Vosges აქვს და აქტიურად უშვებს მამაკაცის ხაზს, ფეხსაცმლისა და ხელჩანთების კოლექციას.
ფრანგმა დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ზამთრის 2020/21 კოლექცია წარადგინა. მისი სხვა შოუებისგან განსხვავებით, რომლებიც სითამამისა და ექსტრავაგანტულობის გამო მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ, წლევანდელი კოლექცია მინიმალისტური და განსხვავებული გახლდათ, ერთადერთი ფონი, რომელიც კოლექციას აფორმებდა, თეთრი იატაკი და მუქი კედლები იყო. კოლექციას მან L’année 97 უწოდა.
ასევე აღსანიშნავია კოლექციის ვიზუალური მხარეც, ფოტოსესია ცნობილმა ფოტოგრაფმა ვალენტინ ჰერფრიმ გადაიღო, რომელშიც მკვეთრად შეინიშნება 90-იანი წლების მოდის ინდუსტრიის გავლენა. L’Année 97 კამპანია, რომელშიც მოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა მონაწილეობს, რეტრო სტილით არის შთაგონებული. ლეტიციას ბრენდის ყველაზე პოპულარული ტანსაცმელი აცვია და ფოტოსესიაში მას ხან Nokia-ს ძველი ტელეფონი უჭირავს და ხან კი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. ფოტოსესიაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ვენდინგ აპარატსაც, რომელიც დიზაინერის ჩანთებით ივსება. დინამიკური ფოტოების ნაკრებში მოდელი სპორტულ კაბებს, ბაიკერების შორტებსა და სხვა, Jacquemus-ის ბრენდის ტანისამოსს ირგებს. კამპანიაში ასევე გვხვდება პინგ პონგის მაგიდები, CD ფლეიერები, ვარდისფერი მანქანაც, რომლებიც რეკვიზიტების როლს ასრულებენ.
დაწერე კომენტარი