მოდის სტერეოტიპების რღვევით ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც არ ემორჩილება წესებს, როცა საქმე მის ჩაცმულობას ეხება, ჟურნალის დეკემბრის გამოცემის გარეკანზეა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე “ვოგის” ყდაზე მხოლოდ ქალები და ის მამაკაცები იბეჭდებოდნენ, რომლებიც მათ გვერდით იყვნენ, სწორედ ამიტომ ჯგუფ One Direction-ის ყოფილი სოლისტი პირველია, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.
„ჰარი სთაილსი თავად ქმნის საკუთარ წესებს“. - ვკითხულობთ გარეკანის ფოტოს აღწერაში. მომღერალი შესანიშნავად პოზირებს “გუჩის” თეთრ, მაქმანებიან კაბასა და იმავე ეტიკეტის სმოკინგში. ინტერვიუ ჰარისთან ლეგენდარულმა მოდის რედაქტორმა ჰემიშ ბოულსმა ჩაწერა, ხოლო ფოტოების ავტორი ტაილერ მიჩელი გახლავთ.
„ტანსაცმელი არსებობს იმისთვის, რომ გაერთო, ექსპერიმენტები ჩაატარო და ითამაშო. მაშინ როდესაც უარყოფ, რომ კონკრეტული სამოსი მხოლოდ ქალებისთვის ან მხოლოდ კაცებისთვისაა, შენთვის ახალი არენა იხსნება, სადაც შეძლებ თავად ითამაშო. შოპინგის დროს ზოგჯერ საოცრად მომწონს ქალების ტანსაცმელი, საკუთარი თავისთვის ბარიერების დაწესებით ჩვენ მხოლოდ თავებს ვიზღუდავთ“, - აღნიშნავს 26 წლის მომღერალი ინტერვიუში.
შეხედულების შესაბამისად, სთაილსს არც “ვოგის” გადაღებაზე შეუზღუდავს საკუთარი თავი. ერთ-ერთ კადრში ის უელს ბონერის ნაქსოვ სვიტერსა და ქვედაბოლოში გვევლინება.
გულშემატკივრებს შეუძლიათ იხილონ უფრო მეტი დეტალი “ვოგის” გადაღებებიდან მომღერლის კლიპში - "Cherry", რომელიც სწორედ ამ კამპანიისთვის შეიქმნა.
“ვოგის” დეკემბრის ნომრის წაკითხვას 24 ნოემბრიდან შეძლებთ.
დაწერე კომენტარი