ფრანგი მომღერალი და მსახიობი შარლოტა გინსბურგი “Zara Home”-ის ახალ კოლექციაზე ფოკუსირებულ მოკლემეტრაჟიან შავ-თეთრ ფილმში იდენტობის ძიებით გატაცებული ფოტოგრაფია, რომელიც პორტუგალიის ზღვისპირა კუნძულზე მდგარ გრანდიოზულ, თუმცა მიტოვებულ სახლში ცხოვრობს.
სიურრეალისტური ხასიათის ექვსწუთიანი ნამუშევარი - “Exposure” ფრანგი არტ-დირექტორის, ფაბიენ ბარონის დაწერილი და გადაღებულია, რეკლამა კი მხატვრულ სტილს ატარებს. “ფაბიენმა ფილმის მოკლე სინოფსისი გამომიგზავნა, რაც მაშინვე მომეწონა, ცხადია, პროექტი კომერციულია, თუმცა სტრუქტურა და ხედვა შემოქმედებითი”, - ამბობს გინსბურგი, რომელმაც ნამუშევარზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ამბავში რეალობასა და ფიქციას, ლინზასა და ობიექტს შორის ხაზი ბუნდოვანია.
შარლოტას გმირი ხელში ფოტოკამერით იღვიძებს, საწოლის თავზე დაკიდებულ სარკეში კი ავტოპორტრეტებს იღებს. გმირის სახლში იატაკზე მიმოფანტული სარკეების გარდა, სივრცეს “ზარას” ახალი კოლექციის სხვადასხვა ნიმუში ავსებს. “სახლი და მისი დეტალები მომხიბვლელი და ორიგინალური იყო, ადგილის შესწავლა კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო. დეკორი - ხის მასალისგან დამზადებული საწოლი და ვინტაჟური ჭურჭელი ქალაქგარე სივრცეს მაგონებდა, რაც განსაკუთრებით მიყვარს”, - ამბობს გინსბურგი.
ნამდვილ ცხოვრებაში გინსბურგი ფოტოგრაფიით ხელმეორედ არცთუ დიდი ხნის წინ დაინტერესდა, მისი გადაღებული ავტოპორტრეტები ფილმის მიმდინარეობისას უკანა ფონზეც შეიმჩნევა.
“გმირის სამყაროზე სახლის ინტერიერი მეტყველებს, რადგან დროის ძირითად ნაწილს ის ოთახიდან ოთახში სიარულს უთმობს, ინსტალაციებითა და სარკეებით კი პერსონალური სივრცე აქვს შექმნილი. ამბავი თვითდაკვირვებაზეა, ამავდროულად, მარტოობასა და იზოლაციაზეც, რაც ამ წლისთვის შესაფერისი და შესაძლოა კომფორტის მომტანი განწყობაცაა”, - ამბობს შარლოტი.
დაწერე კომენტარი