სამყარო ერთი დიდი ჰარმონიაა, იდეალურად დაპროექტებული სივრცე, რომელშიც თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური მისია აქვს და დაკავშირებულია სხვა ადამიანთან. მათ ყოველ მოქმედებას გააჩნია კონკრეტული მიზეზი და გავლენა სხვის ცხოვრებაზე. სწორედ უცნობ ხალხს შორის კავშირი,  ბუნებასთან სიახლოვე, ეგზისტენციალიზმი, გროტესკული რეალიზმი, სიყვარულის სევდა და სისასტიკე - ეს ის მთავარი თემებია, რომელიც მექსიკელი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ტრადიციულ ხელწერად იქცა.

მისი კადრები უწყვეტია, ქრონომეტრაჟი - არასტანდარტული. თუ ერთი პერსონაჟი ავტოკატასტროფაში მოყვება, ჩვენ ვიცით ვის დაეჯახა, როგორი იყო მათი ცხოვრების წამები ავარიამდე და როგორი გახდა მათთვის ახალი ყოველდღიურობა. თუ პროტაგონისტი გულს გადაინერგავს, ვიცით, ვისგან და რატომ მიიღო ეს გული, რას განიცდიდა დონორის ოჯახი და როგორ გარდაიქმნა ეს აქტი ორივე მხარის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად.  

 

 

ინიარიტუს კარიერა 1984 წელს რადიოსადგურში დაიწყო. აქ მას მოუწია ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან: რობერტ პლანტი, დევიდ გილმური, ელტონ ჯონი, კარლოს სანტანა და სხვა. 1987-1989 წლებში მან 6 მექსიკური ფილმისთვის შექმნა მუსიკა, ამავე პერიოდში გაიცნო მწერალი გილერმო არიაგა, რომელთან ერთადაც შემდეგ გადაიღო ტრილოგია. როგორც თავად ინიარიტუ ამბობს, მისი როგორც ხელოვანის მსოფლმხედველობაზე მუსიკამ დიდი გავლენა იქონია და სჯერა კომპოზიციის დიდი შესაძლებლობების. 

 

Amores perros (2000) 

 

 

„სიყვარული ბოროტია“ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს პირველი ფილმია „სიკვდილის ტრილოგიიდან“ ("Trilogy of Death"). რეჟისორის სადებიუტო ფილმი გილერმო არიაგას სცენარით, ნომინირებული იყო ოსკარზეც. ინიარიტუმ სურათში იმ სამი ადამიანის ისტორია მოგვითხრო, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან მეხიკოს ცენტრში მომხდარი ავტოავარიით. სამივე პერსონაჟის ცხოვრება სხვადასხვანაირია: ცხოვრობენ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიით; აქვთ ინდივიდუალური პრობლემები, სასიყვარულო ცხოვრება, ასაკი... ავარიამდე მათ ერთადერთი რამ აერთიანებთ - ძაღლის, როგორც უახლოესი პერსონაჟის არსებობა ცხოვრებაში. 

ფილმი კარგად აღწერს ადამიანებს შორის არსებულ განხეთქილებებს, მათ აგრესიულ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი.

 

 

ყოველგვარი ბოროტების ფონზე, ძაღლის, როგორც ადამიანების საუკეთესო მეგობრის სახე მკაფიოდ ჩანს. მაყურებელი უყურებს უცნობ კაცს, რომელიც დაქირავებული მკვლელია და ხედავს იგივე ადამიანის დამოკიდებულებას ძაღლებთან. ის უვლის რამდენიმე ცხოველს და ერთ დღესაც სახლში მისულს ყველა მათგანი მოკლული ხვდება ახალი ძაღლის მიერ (რომელსაც ავარიის შემდეგ უმკურნალა). მისი ყველა საუკეთესო მეგობარი ამოხოცა ერთმა ცხოველმა და ადამიანების მკვლელი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ შური იძიოს მკვლელ ძაღლზე.  

 

 

აღსანიშნავია ფილმის სათაურის თავისებურებაც - ესპანურად სიტყვა  perros გამოიყენება როგორც უბედურების, ისე ძაღლის მნიშვნელობით; ამიტომ, ხშირად გვხვდება სათაურის განსხვავებული ვარიანტები. ინგლისურენოვან სამყაროში სახელწოდების შემდეგნაირი ვარიაციაც გვხვდება - Love’s a bitch. ერთი სიტყვით, ფილმის ამ ნაწილის მნიშვნელობა მთარგმნელისა და მაყურებლის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.  

 

21 გრამი (2003) 

 

 

„21 გრამი“ ტრილოგიის მეორე ფილმია, რომელიც მოგვითხრობს სამ პერსონაჟზე, რომელთაც აქვთ თავიანთი წარსული, აწმყო და მომავალი. ჯეკ გორდონი დამნაშავეა, რომელმაც აღმოაჩინა ღმერთი და სწამს, რომ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, უფლის ნებაა, ის კი ვალდებულია დაემორჩილოს შემოქმედს; პოლ რივერსი მათემატიკოსია, რომელსაც სულ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა და ახალი გულის მოლოდინში დღეებს ითვლის;   კრისტინა პეკი ფილმის მესამე ცენტრალური პროტაგონისტია.

 

 

ის ნარკოდამოკიდებულია, რომელიც მკურნალობს და ფილმის დასაწყისში ქმრითა და შვილებით ჩვეულებრივი  ქალის როლს განასახიერებს. დროის ყველა მონაკვეთში ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ფილმის კულმინაციაში ხდება კიდეც შეტაკება. 

ქრონოლოგიური ხაზი ფილმში არასტანდარტულია. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ფრაგმენტებს, რომლებიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან და მნიშვნელობას იძენს ფილმის მომდევნო ნაწილებში. 

 

 

შესამჩნევია ფერების ცვლილებაც - როდესაც ინიარიტუ მოგვითხრობს პოლის ამბავს, ის იყენებს გრილ ფერებს, ჯეკთან შედარებით თბილს, ხოლო კრისტინას პალიტრა წინა ორის ნაზავია და მაქსიმალურად დაახლოებული ბუნებრივ ფერებთან. 

Amores perros-ის მსგავსად, აქაც სათაურს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თავის მონოლოგში პოლი ამბობს, რომ 21 გრამს იწონის ადამიანის სული:  

„ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რაღაც წონას ვიკლებთ... ზუსტად სიკვდილის მომენტში. 

ყველა ჩვენგანი.  

და რამდენი ეტევა ამ გრამებში? რამდენს ვიკლებთ? რამდენს ვიმატებთ? 

 21 გრამს: შოკოლადის ფილის წონას; კოლიბრის წონას; 5 პატარა მონეტის წონას...“.  

 

ბაბილონი (2006) 

 

 

„ბაბილონი“ სიკვდილის ტრილოგიის მესამე ფილმია, რომელმაც ოქროს გლობუსი მიიღო საუკეთესო დრამისთვის. ტრილოგიის წინა ორი ფილმის მსგავსად, აქაც ინიარიტუს პერსონაჟებს ერთმანეთთან უბედურება აკავშირებთ და სიუჟეტური ქარგაც სამი ნაწილისგან შედგება. მოქმედება მექსიკაში, იაპონიასა და მაროკოში ვითარდება. სიუზანი და რიჩარდი მაროკოში მოგზაურობენ, სადაც სიუზანს მოხვდება ბრმა ტყვია.

 

 

სამი ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურა, თავისივე ინდივიდუალური ხედვით, მოგვითხრობს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. ფილმი ჰუმანურობის ერთგვარი მანიფესტიცაა - ლოდინით გაღიზიანებული ტურისტები ტოვებენ სოფელს, მაშინ როცა ავტობუსის მძღოლი ცდილობს, რომ სიუზანი ჰოსპიტალში დროულად მიიყვანოს და გადაარჩინოს.  

 

Biutiful (2010) 

 

 

მთავარი პერსონაჟი თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ბარსელონის ერთ პატარა ბინაში. უქსბალდის ცოლი მარამბრა ალკოჰოლიკია, რომელმაც მეურვეობა დაკარგა შვილებზე. პროტაგონისტი ადრე დაობლდა და მისი ერთადერთი ოჯახი თავისივე შვილებისა და ძმისგან შედგება. ავადმყოფი უქსბალდი ცდილობს სიკვდილის წინ შვილებისთვის ფული შეაგროვოს, რათა მის გარეშე ცხოვრება შეძლონ.  

 

 

ფილმში კარგადაა გამოხატული ოჯახური პრობლემები; მამის სახე, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილების კეთილდღეობისთვის, თუმცა ხანდახან ძალიან აგრესიული ხდება. სიკვდილის წინ ის ინანიებს წარსულის ცოდვებს და ცდილობს გახდეს კარგი ადამიანი. 

 

Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance) 

 

 

ადამიანი ჩიტი (ანუ უმეცრების მოულოდნელი ღირსება), თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ინიარიტუს მაგნუმ ოპუსად. იდეალური სამსახიობო შესრულება, მონტაჟი, ოპერატურა და საუნდტრეკი ქმნის „ბირდმენს“, როგორც ხარისხიანი კინოს მანიფესტს. 

ფილმი მოგვითხრობს მსახიობ რიგან ტოპსონის ისტორიას, რომელმაც წლების წინ საკულტო როლი შეასრულა და სამუდამოდ ამ როლის ჩრდილქვეშ დარჩა. დღეს ის არავის არ ახსოვს და უნდა აღიარება ისევ მოიპოვოს ბროდვეის სცენაზე სპექტაკლის დადგმით. ამ აქტით ტომპსონი რისკავს ყველაფერს: კარიერას, ქონებას და საერთოდაც - მთელ მის დარჩენილ ცხოვრებას.  

 

 

ინიარიტუმ ჰოლივუდში არსებული გროტესკული რესურსი მთლიანად ამოწურა და გამოიყენა ბირდმენში (გთხოვთ, მიუტევოთ ავტორს სუბიექტურობა). რიგან ტომპსონის მომავალი დამოკიდებულია კინოკრიტიკოს ტაბიტას შეფასებაზე - თუ მას მოეწონება ფილმი, მოეწონება მთელ ჰოლივუდს; თუ ტაბიტას არ მოეწონება - ჩაიძირება სპექტაკლი და მიჰყვება რიგანიც. სასაცილოა ისიც, რომ ტაბიტა თავიდანვე ცუდადაა განწყობილი რიგანის მიმართ და წინასწარ იცის, რომ კრიტიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ შეფასებას დაიმსახურებს ეს სპექტაკლი. მერე რა, რომ პიესიდან ერთი სიტყვაც კი არ წაუკითხავს?!

 

 

ირონიულია მაიკლ კიტონის როლიც - რიგან ტომპსონის მსგავსად, წლების წინ მანაც ითამაშა ბეტმენის როლი და იმ პერიოდის პოპულარობის აჩრდილი დაჰყვება მუდამ. აქვე უნდა ვახსენოთ რიგანის კომენტარი ჯორჯ კლუნზე, რომლის სახელიც, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა და ნახსენებია ბეტმენის განსახიერების გამო (კიტონის შემდეგ). არ უნდა გამოგვრჩეს მაიკ შინერის, როგორც ტიპური ჰოლივუდელი ცნობილი მსახიობის სახე, რომელსაც სჭირდება სოლარიუმი (ისედაც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სპექტაკლში), რათა თავისი როლი უკეთ განასახიეროს.  

და ბოლოს, საოცარია ფილმის ვიზუალური და აუდიოგაფორმება. რადიოში მუშაობის წლებმა თავისი ქნა და თითქმის მთელი ფილმი გადაღებულია დრამების ფონზე, რომლის რიტმიც სიუჟეტთან ერთად იცვლება. ემანუელ ლუბეცკის, როგორც ოპერატორის შედევრმა  მაყურებელი ცალკე პერსონაჟად აქცია. უწყვეტი კადრები და კამერა, რომელიც ყველაფერს ისე აღიქვამს, როგორც გარეშე პიროვნება, უფრო რეალისტურს ხდის სურათს. 

 

გადარჩენილი (2015) 

 

 

ფილმი დაფუძნებულია ჰიუ გლასის რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს ადამიანის ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ გადარჩენაზე ველურ პირობებში.  მე-19 საუკუნის ამერიკაში, ინდიელთა ტომის შეტაკების შემდეგ გადარჩენილი ჰიუ გლასი შვილთან და მეგობრებთან ერთად ცდილობს სამშვიდობოს გავიდეს. თუმცა, რამდენიმე დღეში გრიზლის ბელთან შეტაკებისას ის სერიოზულად დაშავდება და ამ წუთიდან უწევს საშინელ პირობებში გადარჩენისთვის ბრძოლა.

 

ფილმს 9 თვის განმავლობაში იღებდნენ, ზოგჯერ -40C სიცივეში და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩივო ლუბეცკი (ოპერატორი) ბუნებრივი სინათლის ფონზე იღებდა ეპიზოდებს და გადამღები ჯგუფისთვის დღის განმავლობაში სამუშაოდ მხოლოდ 2 საათი იყო “ხსნილი”. როგორც თავად ლუბეცკი ამბობს, ერთხელ კამერა გაეყინათ კიდეც. 

 

 

„ეს ჩემი თეორიაა, ჩემი სამუშაო პროცესი და არ ვამტკიცებ, რომ ეს ან სწორია, ან არასწორი. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ასეთი ფილმის გადაღება ერთი დიდი მოგზაურობაა; ოღონდ არა ტურისტული, ჯიპიესით ხელში და დაგეგმილი. ეს ჩემი ცხოვრების თავგადასავალია, რომელშიც შეიძლება დავიკარგო. მე თუ მკითხავთ, დაკარგვა აუცილებელი რამაა ღირებული რაღაცის აღმოსაჩენად. ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა მაშინ, როცა ვიღაც დაიკარგა და იპოვა ის, რაც მასზე წლებით ადრე გაუჩინარდა. როცა ფილმის გადაღება ასეთ პირობებში დავიწყე, ვიცოდი რაზეც მივდიოდი, მაგრამ ამ მოგზაურობის დროს ვფიქრობდი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც გარემომ მომცა, სწორედ ამ რისკის დამსახურება იყო“. - ამბობს ინიარიტუ, როცა მას ეკითხებიან “რევენანტის” გადასაღებ პროცესზე. 

კადრები მაქსიმალურად რეალისტურია, იმდენადაც კი, რომ სცენა, რომელშიც ჰიუ გლასი (დიკაპრიოს პერსონაჟი) ბიზონის ღვიძლს ჭამს, ნამდვილია. ინდიელების შეტაკება, რომელიც 11-წუთიანი გადაბმული კადრია (და პირველი შემთხვევაც კინოისტორიაში), მაყურებელს მესამე პერსონაჟად ხდის.