სიურრეალიზმი, ანდრე ბრეტონის განმარტებით, ფსიქიკის წმინდა სახით გამოვლენაა, ფიქრის ნაკადის პირდაპირი გამოსახულება, რომელიც ნამუშევრებში სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა სახით შეიძლება წარმოჩინდეს. მამაკაცებისთვის სიურრეალიზმი ახალი შესაძლებლობა იყო შინაგანი სამყაროს, სიზმრების, არაცნობიერი გამოცდილებების გამოსახატავად, ქალებისთვის კი მან უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა, რადგან სიურრეალიზმით  ქალების ფსიქიკის თავისუფლად  წარმოჩენა გახდა შესაძლებელი. 

ქალების სიურრეალიზმში ჩართვამ მას ახლებური მიდგომა შესძინა, თუკი მანამდე სიურრეალიზმის ნამუშევრები რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი იყო, ახლა ის პირადი ტრავმების, არაცნობიერის, ქალური სექსუალობისა და იდენტობის სიღრმისეული კვლევის საგანი გახდა.  სიურრეალიზმმა ქალებს საშუალება მისცა, ამ დრომდე დაწნეხილი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არაცნობიერი ახლა თავისუფლად წარმოეჩინათ.

დოროთეა ტენინგი 1910 წელს გეილსბურგში დაიბადა. ხელოვნებისადმი ინტერესი ახალგაზრდამ გამოავლინა და როდესაც პირველად გაეცნო სიურრეალისტების -  მაგრიტის, ერნსტის და სხვების ნამუშევრებს, აღფრთოვანდა უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომლებსაც ეს მიმდინარეობა ხელოვანებს აძლევდა. 

 

1942 წელს ტენინგმა პირველი ნახატი „დაბადების დღე“ შექმნა - ავტოპორტრეტი, რომელიც ქალური სექსუალურობის უხეში გამოსახულებაა. ნახატზე ტენინგის აწეწილი თმა, მოშიშვლებული კისერი და მკერდი, აკეცილი კაბა, რომელსაც ხის ფესვებისმაგვარი ქსოვილი აქვს შემოხვეული, შიშველი ტერფები და მისი ცივი გამომეტყველება სიურრეალიზმისთვის დამახასიათებელ უცნაურობის შეგრძნებას გვიქმნის.

ამ შეგრძნებას ამძაფრებს ნახატის ქვედა ნაწილში მოთავსებული ფრთიანი ცხოველი, რომელიც შესაძლებელია ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მოგზაურობის  ალუზია იყოს, ისევე როგორც ბზრიალა კარები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს. ნახატის დეტალები ადამიანის ფორმებისა და სექსუალურობის განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს და პირქუში განწყობის შექმნასთან ერთად, უსასრულობაზე და ხელახალ დაბადებაზე გვაფიქრებს.

დოროთეა ტენინგი 1960 წელს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი უკანასკნელი ქმნილება ლექსების კრებული იყო, სახელწოდებით - “Coming to that”, რომელიც მან 102 წლის ასაკში გამოსცა.

 

მერეტ ოპენჰაიმი ბერლინში დაიბადა, თინეიჯერს ფსიქოანალიტიკოსი მამა სიზმრების ჩაწერას ურჩევდა, რაც სიურრეალიზმის ქმნილებებისთვის შთაგონების მნიშვნელოვანი წყაროა. შემოქმედი ამ პრაქტიკას მთელი კარიერის განმავლობაში მისდევდა.

23 წლის ასაკში პირველი სოლო-შოუ გამართა, რომელშიც მას  ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მამაკაცს, მის ნამუშევრებში ასახულ მოძრაობებში შესამჩნევი მასკულინურობის გამო. ოპენჰაიმის სიურრეალიზმი ეხებოდა იმას, როგორ აღიქვამდა ქალს 1930-იანების საზოგადოება. მისი ნაშრომები იუმორისტული და ეროტიკული ტონითაა გაჯერებული.

მისი 1936 წლის ნამუშევარი “Object” ერთი ხუმრობის შედეგად შეიქმნა. როდესაც ოპენჰაიმი პარიზში დორა მაართან და პაბლო პიკასოსთან ერთად მიირთმევდა ლანჩს, ხელზე ბეწვით დაფარული სამაჯური ეკეთა, რაც ოპენჰაიმის თქმით, იმას უსვამდა ხაზს, რომ ყველაფრის ბეწვით დაფარვა შეიძლება, რასაც მოჰყვა ხუმრობა, რომ იგივე შეიძლება გავუკეთოთ ამ ფინჯანს და კოვზსაც. ეს სურათი მის წარმოსახვაში დაილექა და სიურრეალისტმა შემოგვთავაზა ყავისფერი ბეწვით დაფარული ჭურჭელი, რომელმაც ამ საყოფაცხოვრებო ნივთებს საზოგადოებაში მიღებული ფუნქცია დაუკარგა. ამით ოპენჰაიმმა დაამსხვრია ლოგიკა, რომელსაც საზოგადოება საყოფაცხოვრებო ნივთებში დებს და რაც შემდეგ გენდერულ როლებში აისახება.

ეს  სიურრეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან აღწევს მიზანს, აჩვენოს ამ მიმდინარეობის ძირითადი იდეა, სრულიად უბრალო და არაფრით გამორჩეული ნივთები ალოგიკურად წარმოაჩინოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს რაციონალური განსჯა.

 

კლოდ კაჰუნს ანდრე ბრეტონი მისი დროის ყველაზე ცნობისმოყვარე სულს უწოდებდა. იგი საკუთარი გენდერული იდენტობით იყო დაინტერესებული და მას სიურრეალიზმის გავლით, ფოტოაპარატით აკვირდებოდა. „ამ ნიღბის ქვეშ კიდევ ერთი ნიღაბი, - ამბობს მისი ერთ-ერთი ციტატა, - არასოდეს დავასრულებ ყველა ამ სახის წაშლას“ ( “I will never be finished removing all these faces).

კაჰუნის სიურრეალიზმმა ფოტოგრაფიის რეალისტურობა ამოუხსნელ სიმბოლიზმად აქცია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმბოლო გაორებაა, რომლის დროსაც კაჰუნი ორჯერ ჩნდება ფოტოზე იმისთვის, რომ იდენტობის გარდამავლობა გამოიკვლიოს.

კიდევ ერთი სიურრეალისტური მიდგომა მისი ფოტომონტაჟია, რომლის დროსაც ავტორი სიმბოლოებს უყრის თავს. ნამუშევარში „Aveux non Avenus“, რომელიც 1930 წელს შექმნა, კაჰუნი ტუჩების, თვალების, ხელების და ცხოველების გამოსახულებებით ქმნის კოსმოსურ სივრცეს, რომელიც, თუ კარგად დავაკვირდებით, თავად ავტორს აირეკლავს, კონკრეტულად კი მის ერთ-ერთ ავტოპორტრეტს - “Que Me Veux-Tu”, რომელშიც ის საკუთარი თავის გვერდით ორმაგი იდენტობისა და არაცნობიერი ორეულის გამოკვლევას ცდილობს.

 

ლეონორა ფინი არგენტინელი მხატვარია, რომელმაც სიურრეალისტური ეროტიკა მამაკაცური ფეტიშისგან გაათავისუფლა. ის ხატავდა ძლიერ ქალებს და ნახატებში განსაკუთრებით გამოკვეთდა ფეტიშურ სიმბოლოებს, როგორიცაა კორსეტი, წელის დავიწროების მცდელობები,  მათ მითურ არსებებთან შესადარებლად.

მისი ნამუშევარში “Femme en Armue II”, რომელიც 1938 წელს შეიქმნა, ქალი რეზინის კორსეტითა და ხელთათმანებითაა შემოსილი. მასალა, რომელსაც ფინი არჩევს და რომელიც მისი ჯავშნის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, აჩვენებს ფინის დამოკიდებულებას, რომლის მიხედვითაც, სექსს მხსნელის როლი აქვს. მისი შემოქმედება უპირისპირდება კაცის, როგორც ძლიერისა და ძლევამოსილის გამოსახვას, რაც კარგად ჩანს ფინის ნახატში - „Woman Seated on a Naked Man”.

 

ლი მილერი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც სიურრეალისტურ ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით,  მოდასთან ურთიერთობაში, გადატრიალება მოახდინა. მან, როგორც მოდელმა, კარიერა ნიუ-იორკში,  „ვოგში“ დაიწყო, შემდეგ კი პარიზში გადავიდა, სადაც მოდისა და Fine art-ის ფოტოგრაფიაზე დაიწყო მუშაობა.

მილერის ბოჰემური ცხოვრების სტილი პირდაპირ კავშირში იყო იმ ფსიქოლოგიურ სიღრმესა და ემოციურ თავისუფლებასთან, რომელიც მის ნამუშევრებში იგრძნობა. მან გაათავისუფლა შეზღუდვებისგან, რომელსაც ის, როგორც ქალი   30-იან 40-იან წლებში განიცდიდა. მილერის სიურრეალისტური ხედვა მჟღავნდებოდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფიაში, რომელშიც მან მოდის ტრადიციული სიმბოლიზმი მოულოდნელ სცენებთან გააერთიანა და გააბათილა რაციონალურობა.

მილერის შიშველი სურათები ქალის სხეულის თავისუფლებას წარმოაჩენს და მის ობიექტივიზაციისა და მამაკაცური მზერისგან დაცლას ოსტატურად ახერხებს.

სიურრელიზმის გზით მილერი ქმნიდა პროვოკაციულ ნამუშევრებსაც. V&A-ს 2007 წლის შოუს კურატორის, მარკ ჰავორთ-ბუთის (Mark Haworth-Booth) თქმით, მილერის ფოტოგრაფიას  ადამიანები კომფორტის ზონიდან შოკით გამოჰყავდა, საგნებთან ძალიან ახლოს მიდიოდა და რაც სხვებისგან განსხვავდებდა,   შოკისთვის მზადყოფნა იყო. 

 

ინგლისელი სიურრეალისტის, ლეონორა კარინგტონის მთავარი მახასიათებელი მისი ფერმაში გატარებული ბავშვობის და კელტურული ხალხური ზღაპრების ახალი მნიშვნელობებით, სიურრეალიზმის ხედვით ასახვაა. მისი ზღაპრული ნამუშევრები ბავშვობის მოგონებებს, კარლ იუნგის ფსიქოანალიზს, შუა საუკუნეების ალქიმიასა და რენესანსულ ნახატებს აერთიანებს.

კარინგტონის ნამუშევრებში ადამიანები ხშირად ნახევრად ცხოველებად არიან გამოსახულები, რითაც ავტორი მათ ბუნებასთან სიახლოვეს უსვამს ხაზს.  მის 1938 წლის ნამუშევარში - „ავტოპორტრეტი“ - ხელოვანი შარვლით მითოლოგიურ  ცხენებთან ერთადაა გამოსახული. მისი ჩაცმულობა და მოუწესრიგებელი ვარცხნილობა გენდერული ნორმებისადმი დაუმორჩილებლობად შეიძლება მივიჩნიოთ. რაც შეეხება ცხენებს, სიურრეალიზმის ეს სიმბოლო, განსაკუთრებით სალვადორ დალისთან, აგრესიულ ჰედონიზმს, არაცნობიერ მისწრაფებებს განასახიერებს.

 

დორა მაარი ყველაზე მეტად ცნობილი გახლდათ, როგორც პიკასოს „შავი მუზა“, რადგან  მისი ცოცხალი ნატურა იყო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, მაარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოტოგრაფია სიურრეალიზმის ეპოქაში, რომელიც შინაგანი ხედვით გამოირჩეოდა. მან საკუთარი არაცნობიერის ხმით საკუთარი სიურრეალიზმი შექმნა.

მაარი იყენებდა სიმბოლოებს, როგორიცაა ნიჟარები, სპირალები, თმა, ჩრდილები, მაგრამ მათ ყოველთვის მუქ ტონს ანიჭებდა, რითაც არაცნობიერის ბნელ კუთხეებზე მიანიშნებდა.

მისი ფოტო „Pere Ubu“ იმდენად მძაფრად ატარებდა სიურრეალისტურ სულს, რომ ამ მიმდინარეობის ემბლემა გახდა მას შემდეგ, რაც ლონდონში სიურრეალისტების საერთაშორისო გამოფენაზე მისი ნამუშევრები დალისთან, მაგრიტთან, ერნსტთან და სხვა დიდებულ არტისტებთან ერთად იყო გამოფენილი.

 

კეი სეიჯი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიურრეალისტია, რომელმაც მისი ქმრის, ასევე ძალიან ცნობილი სიურრეალისტის, ივ ტანგის უეცარი გარდაცვალების შემდეგ შექმნა ნამუშევარი - „Tomorrow is Never”.

ლანდშაფტებს ეს ავტორი, სხვების მსგავსად, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და გონების მეტაფორად იყენებდა. ეს ნახატი მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც მან 1963 წელს,  თვითმკვლელობამდე შექმნა.

 

ერთდროულად ზღაპრული და სიურრეალისტური პირქუში განწყობა იგრძნობა რემედიოს ვაროს შემოქმედებაში. ესპანელ-მექსიკელი მხატვრის მიდგომა მექსიკის სიურრეალიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა. მისი ნამუშევრებში ჯადოსნური სამყაროა ასახული, რომელსაც თან გაუგებარი და უცნაური განწყობა ახლავს. შემოქმედი ხშირად იყენებს მკვეთრ ნარინჯისფერს, რითაც მაგიურობისა და სიცოცხლის არსებობას შთამბეჭდავად გამოხატავს.

სიურრეალიზმი გამოწვევა იყო ხელოვანებისათვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რათა  საზოგადოებისთვის მათი აქამდე უცნობი, ფროიდის თეორიით შებოჭილი შინაგანი სამყარო თავად წარმოეჩინათ ისეთად, როგორადაც სურდათ. მათ შემოქმედებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათმა შედევრებად ქცეულმა მცდელობებმა სიურრეალიზმს უფრო ღრმა, გამორჩეული და განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.