ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციის მიერ დაარსებული მუსიკალური დაჯილდოება Brit Awards, რომელზეც არტისტები პოპ-მუსიკის ჟანრში არიან ნომინირებულნი, პრემია გრემის ბრიტანულ ეკვივალენტს წარმოადგენს. 

პირველად დაჯილდოება 1977 წელს ჩატარდა, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის ვერცხლის იუბილეს ეძღვნებოდა. როგორც ყველა დაჯილდოებას, ასევე Brit Awards-საც თან ახლავს ცოცხალი შესრულება, უამრავი პოპ-ვარსკვლავი, სხვადასხვა გასართობი ელემენტი, თუმცა ცერემონიის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი მთავარი ჯილდო ლედი ბრიტანიას ფიგურა The Trophy-ია, რომლის დიზაინიც მუდმივად იცვლება. 

 


2011 წლიდან მოყოლებული დღემდე Trophy-ის დიზაინი შექმნეს ცნობილმა მოდის დიზაინერებმა, არქიტექტორებმა  და არტისტებმა. გუშინ Brit Awards-ის მე-40 საიუბილეო ცერემონია ჩატარდა და სანამ წლევანდელი Trophy-ის შემოქმედს გაგიმხელთ, მანამდე წარმოგიდგენთ იმ არქიტექტორებს, არტისტებსა და დიზაინერებს, რომელთაც Brit Awards-ის ჯილდოს ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. 


34 ჩავლილი ცერემონიის შემდეგ, Brit Awards-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მთავარი ჯილდოს დიზაინი  შეეცვალათ და მისი ბედი გამორჩეული კრეატიული ადამიანებისთვის მიენდოთ. ბრიტანელი მოდის დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი იყო პირველი, ვინც ვერცხლის ჯილდო Trophy-სგან ახალი სრულიად განსხვავებული და ინოვაციური დიზაინი შექმნა, რომელიც Brit Awards-ის ისტორიაში ახალი ერის საწყისად მოინიშნა. 2011 წლის ცერემონიისთვის შექმნილი სკულპტურა, რომელიც ეროვნულ ფერებში იყო შემოსილი, განსაკუთრებულ გზავნილს  - “Stop! Climate Change” ატარებდა. 


ლეგენდარული პოპ-არტისტი და ბრიტანული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფიგურა სერ პეტერ ბლეიკი Brit Awards 2012 წლის Trophy-ს სკულპტურის დიზაინის ავტორია, რაც მის მუსიკასა და პოპულარულ კულტურასთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ნიმუშია. Trophy-ს სკულპტურას, რომელიც ბრიტანული დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი, ბლეიკის კლასიკური პოპ-არტის მოტივები ამშვენებდა. 


 

2013 წლის Brit Awards-ის ჯილდოს დიზაინი საკულტო ბრიტანელ არტისტს, დემიენ ჰირსტს ეკუთვნის, თუმცა, ვფიქრობ, არტისტის დასახელება საჭირო არც არის, რადგან Trophy-ის შეხედვისთანავე მიხვდებით, თუ რომელ ხელოვანთან გვაქვს საქმე. ლაქების სერია ჰირსტის ხელწერის განმსაზღვრელი ნამუშევრებია, სადაც არც ერთი ლაქის ფერი არ მეორდება. 

 


ლონდონელი დიზაინერი ფილიპ ტრეასი, რომელსაც ისეთი ცნობილი არტისტებისთვის შეუქმნია თავსაბურავები, როგორებიც არიან ლედი გაგა, მადონა და გრეის ჯოუნსი, 2014 წლის Brit Awards-ის ჯილდოს, Trophy-ის დიზაინერი გახლავთ. დიზაინერის თქმით, სკულპტურაზე მუშაობისას მისი შთაგონების წყარო ბრიტანული მუსიკის ჟანრი - პანკი გახდა, რაც Trophy-ის შავ-თეთრ ვიზუალსა და თავსაბურავშიც გამოიხატება. 



 

ბრიტანელმა არტისტმა ტრეისი ემინმა 2015 წელს Trophy ღია ვარდისფერში წარმოადგინა, რომელსაც ფრთების გარდა, ხელით დაწერილი გზავნილი ამშვენებდა: “Congratulations on your talent on your life. On everything you give to others. Thank You”. ტრეისი ემინი უკვე მეხუთე ბრიტანელი ტოპ-დიზაინერი იყო, რომელმაც Brit Awards-ის ჯილდოს დიზაინი შექმნა. 


შოტლანდიელი დიზაინერის, პამ ჰოგის 2016 წლის Trophy-ის დიზაინი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, რადგან არც ერთი სკულპტურის ვიზუალი არ მეორდება, არამედ თითოეული მათგანის დიზაინი ინდივიდულურია, რაც მათ უნიკალურ თვისებებს უსვამს ხაზს


 

2017 წლის Brit Awards-ის Trophy-ის დიზაინი - “The Family of Statues”, რომელიც არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის, ცვლილებისა და ნაირსახეობის სიმბოლოს გამოხატავს. დიზაინი, რომელიც ნორმებს არღვევს და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, იმ მრავალფეროვნებას ასახავს, რომლითაც ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან. 

 

 

ერთ-ერთი პრესტიჟული Turner Prize-ის მფლობელმა არტისტმა ანიშ კაპურმა Brit Awards 2018 წლისთვის Trophy-ის სრულიად განსხვავებული დიზაინი შექმნა, რომლის წითელ გამჭვირვალე მართკუთხა ფორმაში ბრიტანიას ფიგურა არის განთავსებული. “სკულპტურა ხშირად ნეგატიურ და პოზიტიურ პროცესს მოიცავს, რომელიც, ვფიქრობ, ჩემს დიზაინში თანაბრად არის გაერთიანებული”, - აღნიშნავს კაპური. 

 


2019 წლის Trophy-ს დიზაინი ბრიტანელ არქიტექტორ დავიდ ადიაის ეკუთვნის, რომელმაც ბრიტანიას, დიდი ბრიტანეთის ქალი პერსონის ტრადიციული სუსტი ფორმისგან განსხვავებული სკულპტურა შექმნა. “ჩემი Trophy ცეცხლში გამოყვანილი საუკეთესო მეტალის ქალის ფორმაში გარდასახვის მანიფესტაციაა, რომელიც უნიკალურია და პროპორციულად ძალიან განსხვავებული”, - განმარტავს არქიტექტორი. “ჩემთვის Trophy-ს დიზაინის შექმნა ერთგვარი შესაძლებლობა იყო მეკვლია სრულყოფილებისა და არასრულყოფილების, ზოგადად, მშვენიერის ბუნება”.


 

წელს Brit Awards-ის საიუბილეო - მე-40 ცერემონია ჩატარდა, ხოლო ლედი ბრიტანიას ფიგურის ჯილდო The Trophy სწორედ ამ განსაკუთრებულ თარიღთან დაკავშირებით მის კლასიკურ დიზაინს დაუბრუნდა.