ინტერიერის დიზაინის ტრენდები ყოველწლიურად იცვლება, მაქსიმალიზმს მინიმალიზმი ანაცვლებს, ბოჰემურ სტილს ინდუსტრიული, ჩნდება ახალი ფერები, ახალი must have დეტალები. ამ ცვლილებების პარალელურად სკანდინავიური სტილი ინარჩუნებს დროში გამძლეობას, რომელიც უმეტესად ფილოსოფიას და ემოციებს ემყარება, ვიდრე არსებულ ტენდენციებს. 




ბუნებით ინსპირირებული ფუნქციურობა - სკანდინავიური დიზაინი მსოფლიოს გასული საუკუნის 50-იან წლებში გაეცნო და ინტერიერის დიზაინი გახადა უფრო დემოკრატიული, ბუნებრივი, მინიმალისტური, ინტიმური და ოჯახის, სახლის შეგრძნებებზე ორიენტირებული. მისი გამოკვეთილი მახასიათებლებია: ფართო სივრცეები, თეთრი კედლები, დიდი ფანჯრები მაქსიმალური ბუნებრივი განათების მისაღებად, ნეიტრალური ფერთა გამა, ხის და ქვის ბუნებრივი მასალები, ბევრი მცენარე და ნაკლები გადატვირთვა დეტალებით.




სკანდინავიური დიზაინის და არქიტექტურის პრინციპები განპირობებულია მისი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატით. გრძელი, ცივი ზამთრები და მოკლე დღეები ბუნებასთან სიახლოვის და მზის სხივების ნაკლებობას იწვევს და რის გამოც, სკანდინავიელებს ძალაუნებურად უფრო მეტი დროის გატარება სახლებში უწევთ. აქედან გამომდინარე, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი სახლები იდეალური, ჰარმონიული იყოს  და მათი ფილოსოფია ემყარება დანიურ სიტყვა “Hygge-ს”, რომელსაც არ გააჩნია შესატყვისი თარგმანი. “Hygge” მენტალური მდგომარეობა, გრძნობა და ცხოვრების პრაქტიკაა, რომელიც აერთიანებს კომფორტის, სიმყუდროვის, კმაყოფილების და კარგად ყოფნის გრძნობებს. მის მისაღწევად სკანდინავიელები დიზაინში იყენებენ ნეიტრალურ ფერებს და მასალებს, ქმნიან მყუდრო, ადვილად გასათბობ სივრცეებს, როგორიცაა საკითხავი ზონები ფანჯრებთან. უფრო მეტი სინათლის მისაღებად დიდი ფანჯრები, შუშის ჭერი და ნეიტრალური, ღია ფერები ეხმარებათ. მაქსიმალურად ცდილობენ ბუნება საკუთარ სახლებში შემოიტანონ, ხის მასალისა და მცენარეების გამოყენებით. 




სითბოსა და კომფორტთან ერთად სკანდინავიურ სტილს განსაზღვრავს შვედური სიტყვა “Lagom”, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს ბალანსს, სიმარტივეს, საკმარისობას, ადეკვატურობას, და ასახავს მათ მენტალობას, აქ ზომიერება და ბედნიერება ერთმანეთშია შერწყმული. ნაკლები უფრო მეტია ფილოსოფიით სკანდინავიურ დიზაინში აღმოაჩენთ სუფთა ხაზებს, ფართო სივრცეებს, მარტივ დეტალებსა და უმეტესად შიშველ კედლებს. ფუნქციურობა დიზაინის მთავარი პრინციპია, შესაბამისად, ვერ შეხვდებით ზედმეტ და გადატვირთულ ელემენტებს, დეკორაციებიც კი მინიმალურია. უმეტესად მცენარეებს და პატარა აქსესუარებს იყენებენ სახლის გასაფერადებლად. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, თავისი ფუნქცია, მაგრამ ამ პრაქტიკულობას არ ეწირება ესთეტიკა. 




სიმარტივისა და მინიმალიზმის გამო სკანდინავიური დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ადვილად მიღწევადი, მთავარ სირთულეს ზედმეტ ელემენტებთან განშორება წარმოადგენს. თქვენი სახლის სკანდინავიური ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია ინტერიერში კონკრეტული რჩევების გათვალისწინება: 




მასალის შერჩევისას იფიქრეთ, თუ რამ შეიძლება გაგახსენოთ ბუნება, გარე სამყარო - შეიძლება იყოს ხის საწოლი, ტყავის სავარძელი, ნატურალური ქსოვილებით შექმნილი აქსესუარი. 

 

არ შეგეშინდეთ სხვადასხვა ტექსტურის ერთმანეთში შერწყმა. კონტრასტული მასალის გამოყენებით, როგორიცაა ტყავი, ან ხელოვნური ბეწვი ხის ავეჯთან, თქვენს ოთახებს ახალ სიღრმეს, ხასიათს შესძენს და შედეგად ჰარმონიულ სივრცეს მიიღებთ. 

 

კაშკაშა ფერებს ნაკლებად შეხვდებით სკანდინავიურ სახლში. არჩევანი ნეიტრალურ, დედამიწის ფერებზე შეაჩერეთ და მონოქრომულ ფონზე ნათელი ფერების სიმცირე პასტელური, ფერადი აქსესუარებით დააბალანსეთ. 


 

კონტრასტი მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ერთმანეთის საპირისპირო ფერების გამოყენებით  მიიღწევა. შეგიძლიათ ერთმანეთში აურიოთ კონტრასტული ნათელი და მუქი ნეიტრალური ფერები, ახალი და ძველი ავეჯი, რბილი და მყარი მასალა, ჭკვიანი თანამედროვე ტექნიკა და ხელნაკეთი აქსესუარები, გეომეტრიული, სწორი ხაზები და აბსტრაქტული ელემენტები. 

 

კარგად დაფიქრდით, გადაახარისხეთ და შეელიეთ ზედმეტ ნივთებს. მინიმალისტური იერის შესაქმნელად მხოლოდ საჭირო და ფუნქციურად დატვირთული საგნები დაიტოვეთ და შედეგად სუფთა, ფართო სივრცეს მიიღებთ. 


 

აქსესუარების შერჩევისას ფერთან ერთად მარტივი, გეომეტრიული ფორმებიც გაითვალისწინეთ, რომელთაც შეუძლიათ ახალი ხასიათი შესძინონ თქვენს ოთახს. 

 

სიმარტივე არ ნიშნავს, რომ სკანდინავიურ სახლში კრეატიულობის ადგილი არა არის. მინიმალისტური ნახატებით შეგიძლიათ თქვენი გამოფენა მოაწყოთ კედლებზე, აირჩიოთ ორიგინალური ფორმის სანათები, გამოიყენოთ განსხვავებული ქსოვილები. 

 

ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს. ავეჯის ან ინტერიერის ნებისმიერი სხვა დეტალის შეძენისას ფული დააბანდეთ მაღალი ხარისხის, მულტიფუნქციურ და პრაქტიკულ ნივთებში, რომელიც დიდხანს გაძლებს. 




და რაც მთავარია,  დაამატეთ “Hygge” კომფორტის ელემენტი, ბევრი სხვადასხვა ფერის და ფორმის სანთლებით, სხვადასხვა ქსოვილის გადასაფარებლებით, დიდი სარკეებით, ფერადი თეთრეულით, ლამაზი ჭურჭლით, ყველაფრით, რაც სახლში გაგრძნობინებთ თავს და რაც სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება.