„კოლექციონერი“ - სწორედ ასე ეწოდება გამოფენის ცენტრალურ ნამუშევარს, რომელიც ისეთივე ორაზროვანია, როგორიც მხატვრის მთელი შემოქმედება. 



“დავით კუხალაშვილი ჯგუფ On/Off-ის წევრია და ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იზიარებს სისტემის კრიტიკაზე მიმართულ ინტერესებს. ამ ჯგუფის მხატვრები აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის მკაფიო, ანიმაციური მოტივებით შექმნილ ექსპრესიულ გზას ირჩევენ და სახალისო მიდგომით გადმოსცემენ ეგზისტენციალური ვაკუუმის, ძალაუფლების დომინაციისკენ სწრაფვისა და კომერციალიზაციის პრობლემატიკას”, - წერს ხათუნა ხაბულიანი.



არტისტი თავის შემოქმედებაში იყენებს პოპ-არტის, სიურრეალიზმისა და Funk art-ის ელემენტებს, რომელთა სინთეზითაც გადმოსცემს სატირულ შინაარსს. ერთი შეხედვით ფერადი, მკაფიოდ გამოსახული, მხიარული სილუეტების მიღმა ის აგრესიულად  და დესტრუქციულად მოგვითხრობს თავის სათქმელს, რისი შემჩნევაც მახვილგონიერი დამთვალიერებლისთვის არც ისე რთულია. ინფანტილიზმი და მისი მძიმე შედეგები ეკოლოგიის თემაზე სიურრეალისტური პარადოქსივით ჩანს გამოსახულებებში, სადაც მშვენიერ ლანდშაფტში სრულიად შეუსაბამოდ იჭრება მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქცია ან გაშლილი გრძელი სუფრა.




დავით კუხალაშვილის ნამუშევრებს დამთვალიერებელი 13-დან 22 ნოემბრის ჩათვლით „დედიკას გალერეაში“  იხილავს.