თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, სრულიად განსხვავებული ხატვის სტილით, ტექნიკითა და ხედვით - ეს მერაბ აბრამიშვილია... მისი სახელი საერთაშორისო ხელოვნების სივრცეშიც ცნობილია, იგი არის მხატვარი, რომლის შემოქმედებაც მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური სტილითა და ნარატივით ხასიათდება. მერაბ აბრამიშვილის ორიგინალური ხელწერა და მისი ხელოვნების თავისთავადობა ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე.

ცნობილი ქართველი მხატვარი 1957 წელს დაიბადა, განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, დაზგური გრაფიკის განხრით, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო და სოფლის სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. მერაბ აბრამიშვილი ხელოვანების ოჯახში იზრდებოდა - მამა ხელოვნებათმცოდნე იყო და ხშირად ატენის სიონის ფრესკების სანახავად დაჰყავდა, რაც მომავალში ხელოვანის შთაგონების წყაროდ და მისი სტილის განმსაზღვრელად იქცა.

მან ლევკასის ტექნიკა შემოიტანა და დაამკვიდრა სახელოვნებო სივრცეში, სწორედ ამ ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერითა და განსხვავებული თემატიკით, ხელოვანი ოთხმოციანელების თაობის გამორჩეულ ფერმწერად ჩამოყალიბდა. უამრავი წვრილმანი დეტალის გულმოდგინედ გადმოცემა, ფერების პალიტრა, რომელშიც მიწისფერი ჭარბობს და მისი ინტერესის მუდმივი თემები ხელოვანის შემოქმედებას გამოარჩევს და სახასიათოს ქმნის. მხატვრის გარშემო მიმდინარე პროცესები მის შემოქმედებაში შესაბამის განწყობას განაპირობებდა, მის ნამუშევრებში სხვადასხვა განწყობა, თემები და განწყობის შესაბამისი ფერები ისახება.

მერაბ აბრამიშვილის ძალიან ბევრი ნამუშევარი ცხოველებს, ბუნებასა და მცენარეებს უკავშირდება. მის მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი ფაუნის წამომადგენლებს უჭირავთ - ჟირაფი, ფარშავანგი, ავაზა და კიდევ ბევრი სხვა. რაც შეეხება მცენარეებს, ისინი ერთდროულად დეკორატიულები და რეალურები არიან, მისი ნამუშევრები დროთა განმავლობაში სიმსუბუქისკენ, სიმშვიდისა და ფერადოვნებისკენ წავიდა, რაც ცხოველებისა და მცენარეების სახით გამოვლინდა.

მისი ნახატები ხან სამოთხის ბაღებს, ხანაც ქრისტიანულ სამყაროს ან სულაც ინდურ მანდალას მოგვაგონებს. სამყაროს აღქმის კონტექსტებიდან მისთვის გამორჩეული სამოთხის თემაა. ამ თემაზე მრავალრიცხოვანი ნამუშევარი აქვს შესრულებული, სადაც ცხოველები ეგვიპტური და შუამდინარულ ღვთაებათა მსგავსად არიან წარმოდგენილები, ხოლო მცენარეები - არაჩვეულებრივი ჰაეროვნებით, სიმსუბუქითა და დეტალური მახასიათებლებით.

მერაბ აბრამიშვილის რელიგიური ნარატივი ერთ კონკრეტულ რელიგიას არ მოიაზრებს, იგი თავის თავში დასავლურ და აღმოსავლურ, ქრისტიანულ და ისლამურ კულტურებს აერთიანებს, ისე რომ ორი რადიკალურად განსხვავებული რამ ერთმანეთს ჰარმონიულად და ბუნებრივად ერწყმის.  მისი ნამუშევრები ანტიკურ საბერძნეთს, პერსეპოლისის რელიეფს, ნიკო ფიროსმანის ნახატებსა და პირველყოფილი გამოქვაბულის მოხატვრობას ერთდროულად გვაგონებს. აბრამიშვილის შემოქმედებაში უამრავი ემოცია, ფერი, გრადაცია და სხვადასხვა სამყაროების გავლენა იგრძნობა, რომელსაც ხელოვანი განსაკუთრებული დინამიკითა და არაჩვეულებრივი სინთეზით გადმოგვცემს.

მერაბ აბრამიშვილმა თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ღირებული ნამუშევარი შექმნა, მისი ნახატები ლონდონის სოთბის სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენებში იყო წარმოდგენილი. მან მსოფლიო სახვით ხელოვნებაში საკუთარი სივრცე დაიკავა, საქართველოს სახელოვნებო ისტორიაში კი მისი სახელი სამუდამოდ დარჩება. რთულია მის შემოქმედებით საიდუმლოებებს ჩავწვდეთ, თუმცა მარტივია მერაბ აბრამიშვილის არაჩვეულებრივი ნამუშევრებით დავტკბეთ.




დაბოლოს, ერთი რამ, რასაც მხატვარი ამბობდა: “დედამიწაზე თუ რაიმე ადგილი შეიძლება სამოთხეს ჰგავდეს, ეს აფრიკაა”.