გაოცებას არ იწვევს ფაქტი, რომ Covid-19-ის რეკორდული სისწრაფით გავრცელება უარყოფითად მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე არ ასახულა. ვირუსისაგან გამოწვეულმა ეპიდმდგომარეობამ საჯარო და კერძო სექტორების მუშაობის შეფერხებაც განაპირობა და ადამიანები ამოუცნობი თავსატეხის წინაშე დააყენა. “როგორ უნდა ვიმოქმედო ამ მდგომარეობაში?” - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც Covid-19-ის მიერ შექმნილ ვითარებას ავთენტურად ესადაგება და დაზარალებულებს ალტერნატიული გზების ძიებისაკენ მოუწოდებს.
ამ კუთხით გამონაკლისი არც ქართული მოდის ინდუსტრია აღმოჩნდა, რაზეც არაერთი ფაქტი მეტყველებს. გასული წლების გამოცდილებით მტკიცდება, რომ ქართული მოდის ინდუსტრია ეკონომიკურად დაწინაურებულ ისეთ მოდელს წარმოადგენს, რომლისთვისაც მუდმივი წინსვლა, მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, შთამბეჭდავი პერფორმანსების სიუხვე და ონლაინშოპინგების რეკორდული მაჩვენებელი მისი საქმიანობის შედეგების არასრული ჩამონათვალია. თუმცა, Covid-19, რომელიც დღევანდელ ეპოქაში უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს, აქაც ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება. მაგალითისათვის, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული, რომელიც ჯერ კიდევ მაისში უნდა გამართულიყო, რამდენიმე თვით გადაიდო და 19-22 ნოემბრის ჩათვლით მას ონლაინპლატფორმა მასპინძლობს, გაყიდვების მაჩვენებლების პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ქართველი დიზაინერები 2020 წელს, დიდი ალბათობით, პოზიტიურ შედეგებს მოიმკიდნენ, პანდემიის გამო სავალალო ნიშნულს მიუახლოვდა.
ბუნებრივია, ამგვარი ლაბირინთებიდან გაღწევის დაუოკებელი სურვილის მიზნით მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები სხვადასხვა ალტერნატიულ საშუალებას ეძიებენ და აღსანიშნავია, რომ მათი დაუღალავი მცდელობებით პოზიტიურ შედეგებსაც იმკიან. კითხვას - “როგორ ვიმოქმედო ამ მდგომარეობაში?” სოფო ჭყონიამ Georgian Fashion Foundation-ის (GFF) დაარსების სახით შთამბეჭდავი პასუხი გასცა.
სოფო ჭყონია, რომელიც სხვა ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასთან ერთად BoF 500-ის სიაში საპატიო ადგილს იკავებს, ქართული მოდის ინდუსტრიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. “ქართული მოდისა და ქართველი დიზაინერების გასამხნევებლად ახალი გზების ძიებაა საჭირო”. - განაცხადა მან რამდენიმე თვის წინ Vogue-იტალიასთან მიცემულ ინტერვიუში და Georgian Fashion Foundation-ის დაარსებამაც არ დააყოვნა.
Georgian Fashion Foundation ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ეგიდით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულთან თანამშრომლობს. კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის შენობაში არსებული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი 27 800მ2-იანი სივრცეა, რომელიც ადგილობრივ დიზაინერებს, ფოტოგრაფებსა და ხელოვანებს მათი ნამუშევრების საჯაროდ ჩვენების შანსს აძლევს. Georgian Fashion Foundation ქართული მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფინანსურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად და იმ მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის, რომლის დახმარებითაც პანდემიისაგან გამოწვეული მდგომარეობით დაზარალებული ნიჭიერი დიზაინერები მათი საქმიანობის მიღმა არ აღმოჩნდებიან. შესაბამისად, GFF ქართველ მოდის დიზაინერებს მნიშვნელოვნ ბიძგს აძლევს და ამასთან მათ გლობალური მასშტაბის წარმატებისაკენაც უხსნის გზას.
ასევე GFF ქართველ დიზაინერებს მათ სფეროში განათლების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს და მოდის ინდუსტრიის წამყვან პირებთან პარტნიორობას ჰპირდება. “საქართველოს ახალ თაობას მათი ორიგინალურობისა და შემოქმედებითობის გამოხატვისათვის მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მათ სჭირდებათ მოტივაცია, რათა საქმის კეთება გააგრძელონ. ეს მოტივაცია კი მათ მშობლიურმა ქვეყანამ და იმ ადამიანებმა უნდა გაუღვივონ, რომლებიც მათ გარშემო ცხოვრობენ და მუშაობენ. შემოქმედებითი სული ადამიანებს სჭირდებათ იგრძნონ, რომ მათ მიერ გაწეული სამსახური კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.” - აცხადებს სოფო ჭყონია.
აღსანიშნავია, რომ GFF-ს შექმნა მხოლოდ Covid-19-ის პრობლემას არ უკავშირდება და მის სამომავლო მიზნებს ბევრად მასშტაბური სახე აქვს. GFF-ის გრძელვადიანი ხედვის მიხედვით აუცილებელია საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა, ასევე გაიხსნას ახალი გზები, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში მცხოვრები კრეატიული ადამიანების დინამიკურ ურთიერთობებს წაახალისებს და იარსებოს ერთგვარმა ხიდმა, რომელიც ქართველ კრეატიულ ინდივიდებს საერთაშორისო პლატფორმებისაკენ გაუხსნის გზას.
ამგვარი მასშტაბური მიზნების განსახორციელებლად GFF-ს სპეციალურად მოწვეული მრჩეველთა საბჭო უწევს დახმარებას, რომლის წევრები მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე გავლენიანი პირებითაა დაკომპლექტებული. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: Godfrey Deeny, Marina Testino, Luca Rizzi, Antonio Mancinelli, Filip Niedenthal, Valerie Steele, David Koma, Stefan Siegel, Hiroshi Fujiwara, Mickey Boardman, Diane Pernet, Hilary Alexander, Danilo Venturi, Steven Kolb, Gena Smith, Sara Maino.
დაწერე კომენტარი