მომხიბვლელი კინემატოგრაფიითა და ოსტატური სიმსუბუქით გამორჩეული რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ნანა ჯორჯაძე პირველი ქართველი შემოქმედია, რომლის ნამუშევარიც ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინანტი გახდა. კულტურული ინტროსპექტივა, ახალგაზრდული გატაცება, წარსულით რეფლექსია თუ ქართული კულინარია - ჯორჯაძის შემოქმედებითი ხაზი თემატურად მრავალფეროვანი, კომპოზიციურად კი ყოველთვის დახვეწილია.


რეჟისორობამდე ჯორჯაძემ მუსიკალური სკოლა, შემდეგ კი არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა კინოშემოქმედებით ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე გაცილებით ადრე იყო გატაცებული. პირველად მსახიობის ამპლუაში 1977 წელს გამოჩნდა ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ორი წლის შემდეგ კიმისი  რეჟისორული დებიუტი შედგა ფილმით -  “მოგზაურობა სოპოტში”.  კარიერაზე საუბრისას რეჟისორი ამბობს, რომ კინო არა პროფესია, არამედ მისი ცხოვრების წესია.  


ჯორჯაძის პირველი წარმატება 1987 წელს გადაღებული ნამუშევარი “რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” აღმოჩნდა, რომელსაც “კამერა დო” - კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა და რეჟისორის სახელი საერთაშორისოდ ცნობილი გახადა. ამბის მთხრობელი ფილმში უკვე მოხუცებული მოქმედი გმირია, მოვლენებს კი თვალს როგორც წარსულ, ისე აწყმო დროში ვადევნებთ. ფილმი ბრიტანელი ინჟინრის, ჰიუს გურიაში ჩამოსვლას, მისთვის ძვირფასი ადამიანის გაცნობასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტს ეხება. ამბის კონკრეტული გმირის პერსპექტივიდან აღქმა ნამუშევრის მთავარი სახასიათო ელემენტია.


ოთხმოცდაათიან წლებში რეჟისორი გარკვეული დროით საფრანგეთში ცხოვრობდა, იქ გატარებულ დროში კი, ათწლიანი შუალედის შემდეგ, მომდევნო ნამუშევარი, მისი შემოქმედებიდან გამორჩეულად სამახსოვრო, “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” შექმნა. ფრანგი მოგზაური და შეფი, პასკალი, რომელსაც მოულოდნელად ქართველი პრინცესა უყვარდება, რეჟისორის სახელის ხსენებისას შესაძლოა უამრავი ადამიანისთვის პირველი ასოციაცია იყოს. განსაკუთრებული ყნოსვის შეგრძნებით დაჯილდოებული, შეყვარებული შეფის ამბავი, რომელიც თბილისში დარჩენასა და თავისი ოცნების რესტორნის გახსნას გადაწყვეტს, კვლავ ერთ-ერთი მოქმედი გმირის, პრინცესა სესილიას შვილის გადმოსახედიდანაა მოთხრობილი. ქართული კულინარია, პიერ რიშარის საინტერესო შესრულება და პოლიტიკური დაძაბულობა ნამუშევრის წამყვანი ელემენტებია. ნაშრომი პირველი ქართულენოვანი ფილმი აღმოჩნდა, რომელიც 1996 წელს ოსკარზე, საუკეთესო სურათის ნომინაციაში მოხვდა.


ერთი რამ, რისგანაც რეჟისორი დღემდე თავს იკავებს, თავისი ნამუშევრების ნახვაა, რადგან მისივე სიტყვებით, ფილმს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კრიტიკულ კითხვებამდე მიჰყავს, რატომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო მონტაჟისას ან როგორი იქნებოდა კადრის სხვა პერსპექტივიდან გადაღება. საინტერესოა ისიც, რომ ჯორჯაძე გადაღებამდე სცენარს არცერთ მსახიობს არ აკითხებს. რეჟისორი თვლის, რომ მოულოდნელი, წამიერად დაჭერილი, ხშირად იმპროვიზებული კადრი ბევრად მეტყველი და ხშირად მის ხედვასთან ახლოა, ვიდრე მსახიობის მიერ პერსონაჟის წინასწარ შექმნილი ინტერპრეტაცია. “არ მიყვარს რეპეტიციები, არასოდეს გავდივარ მსახიობებთან რეპეტიციებს, ფილმში ყველაზე ხშირად პირველ დუბლს ვიყენებ”. გარდა რეჟისორობისა, ნანა ჯორჯაძე სან-სებასტიანის, კანის, ვენეციის კინოფესტივალებისა და ამერიკის კინოაკადემიის ჟიურის წევრიც ყოფილა. 


რეჟისორის ოთხმოცდაათიანების მიწურულს გადაღებული ნაშრომი - “ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა” კომედიისა და დრამის სინთეზურ ჟანრს მიეკუთვნება,  შინაარსობრივად კი ახალგაზრდა გოგონას, მის გატაცებებსა და ასაკობრივი ზრდის თანამდევ შეგრძნებებს ეხება,  საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარზე მოხვდა.  სიბილს, რომელიც ზაფხულს რუსულ სოფელში ატარებს, 41 წლის ქვრივი, ალექსანდრე მოსწონს, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს მის შვილთან, მიკისთან ატარებს.

 

 

ახალგაზრდა, აქამდე უცნობი შეგრძნებებით გატაცებული ადამიანების ისტორიას რეჟისორი კიდევ ერთხელ, 2013 წელს, უბრუნდება თავის ნამუშევრით, “ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელეი”. ამჯერად ამბავი 14 წლის ფეოდორისა და მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიურკას ურთიერთობას აღწერს. რეჟისორის დაწერილ სცენარში სიყვარულს ასაკი არ აქვს და ახალგაზრდა ბავშვების მაგალითით, ის სწორედ ამ პათოსზე მეტყველებს.


ჯორჯაძე წლების განმავლობაში გადასაღებ მოედანზე არაერთ ადამიანთან ინარჩუნებდა ურთიერთობას და მომდევნო პროექტებზეც მათთან ერთად მუშაობდა. რეჟისორის უახლესი ფილმი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული გახდა, კვლავ ორი ადამიანის ურთიერთობასა და დაუფასებელ შემოქმედებას ეხება. “პეპლების იძულებითი მიგრაცია”, ჯორჯაძის თქმით, ერთ წელიწადში მომხდარ მოვლენებს აღწერს და უამრავ სხვადასხვა პერსონაჟს აერთიანებს. ამბავი ზამთარში იწყება, სიუჟეტი კი ოთხივე სეზონის განმავლობაში ვითარდება, ტონი სევდიანი და დრამატულია, თუმცა როგორც ყოველთვის, მასში იუმორი და ღიმილი სევდას წონის.

 

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფილმში სევდიანი, დრამატული თუ ტრაგიკული სიტუაცია ღიმილით, ხანდახან კი სიცილით მოვყვე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მე თვითონ ასე ვცხოვრობ”.