უელსის პრინცესა, ლედი დაიანა, ლედი დი ან სულაც ხალხის პრინცესა - მისი სახელი კოლექტიურ მეხსიერებაში შემორჩა, როგორც სილამაზის, სიკეთისა და სტილის ხატი. სამეფო ოჯახის წევრი თავისი სამოსით მკაფიოდ გამოხატავდა განსხვავებულ, ინდივიდუალურ სტილს. მისი ჩაცმულობა ყველაფერს მოიცავდა, მაცდური და მოდური სამოსიდან დაწყებული, თამამი ფერის კოსტიუმებით დამთავრებული.
დაიანა ფრენსის სპენსერი 1961 წლის 1 ივლისს დაიბადა. მას მშობლები მკაცრი არისტოკრატიული და ტრადიციული წესებით ზრდიდნენ. იგი მორიდებული, მორცხვი ბავშვი იყო, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს ცეკვისა და მუსიკის მიმართ ავლენდა.
დაიანას ძალიან უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, ლონდონში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, მან საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა. მისით მალევე პრინცი ჩარლზი დაინტერესდა, რომელიც, როგორც წესი, მედიის ყურადღების არეალში ხვდებოდა. პრესა და საზოგადოება მოხიბლული იყო ამ ერთი შეხედვით უცნაური წყვილით - თავშეკავებული პრინცი და მორცხვი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მოდა და კულტურა აინტერესებდა.
1981 წელს პრინცმა ჩარლზმა და ლედი დაიანამ გრადიოზული ქორწილი გადაიხადეს უამრავი სტუმრით, თუმცა მათი ქორწინება ცხოვრების ბოლომდე არ გაგრძელებულა. დაიანასთვის სამეფო ოჯახის მითითებებით ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა, ასევე ვერ ეგუებოდა მედიას, რომლის განხილვის საყვარელი თემა თავად იყო. პრინცესა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა - ქველმოქმედება. სწორედ მისი განსაკუთრებული ჰუმანურობისა და გულისხმიერების გამო მას ხალხის პრინცესა ეწოდა.
არაჩვეულებრივი აღნაგობის ქალი არასოდეს ატარებდა ზედმეტ მაკიაჟს, მისი ცისფერი თვალები და სქელი, ოქროსფერი თმაც საკმარისი იყო. ლედი დაიანა არ საუბრობდა ბევრს, თუმცა სათქმელს ყველაზე კარგად მისი სტილი და სამოსი გამოხატავდა.
უელსის პრინცესას განუმეორებელი, განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ტანისამოსით გამოეხატა ის, რასაც სიტყვებით ვერ ამბობდა. ხალხის საყვარელი პრინცესა საქველმოქმედო ვიზიტებზე ფერად სამოსში გამოწყობილი მიდიოდა, თითქოს ამ მხიარული ფერებით იგი სითბოსა და ხალისის გადმოცემას ცდილობდა.
იგი ხელთათმანებს თითქმის არასოდეს ატარებდა, რადგან ხალხთან პირდაპირი შეხება და მათი ხელების დაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაიანას თბილი, კეთილი და მორცხვი პიროვნება მის სამოსში, სტილში ყველაზე კარგად ისახებოდა.
წლების განმავლობაში მისი სტილის ევოლუცია თვალსაჩინოა - ახალგაზრდა, მიამიტი გოგონა, როგორ იქცა ხალხის დამცველად, მათ ხმად და გამბედავ ქალად, ეს გარდასახვა მის ჩაცმულობაშიც კარგად გამოჩნდა. ლედი დაიანა აშკარად ერთობოდა მოდით, იღებდა გამოწვევებს, მიდიოდა რისკზე, ატარებდა ექსპერიმენტებს, გამოთქვამდა პროტესტს სამოსით და არღვევდა წესებს. იგი საკმაოდ თამამი და მხიარული სახე იყო, სწორედ ისეთი, როგორსაც საზოგადოება პრინცესისაგან არ ელოდა.
დაიანას შესანიშნავმა ქარიზმამ, პიროვნულმა მახასიათებლებმა და სახასიათო გარეგნობამ მისი გარდერობი და სტილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ხალხის პრინცესა საზოგადოების გონებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც თავმდაბალი, გაბედული და კეთილი ქალი, რომელიც არაჩვეულებრივი სტილითა და გემოვნებით გამოირჩეოდა.
დაწერე კომენტარი