ექსპერიმენტული ფილმებით გატაცებულ ბრიტანელ მსახიობზე ორი მოსაზრება არსებობს -  იგი ან მოგწონს, ან არა. კეტრინ მატილდა სუინტონი, რომლის ანგლო-შოტლანდიური ოჯახიც შუა საუკუნეების წარმომავლობით ხასიათდება, თანამედროვე ხელოვნების მუზა, ჯადოქარი და შთაგონების წყაროა. მსახიობის  ექსტრემალური სტილისა და არისტოკრატული ვიზუალის თანხვედრა, როგორც პრინცესის, ისე პრინცის გმირებს ქმნის. 

მოდის ეგზისტენციალისტმა მისი კარიერის განმავლობაში საზოგადოებას თავი არა მხოლოდ თეატრსა და კინოში შესრულებული როლებით, არამედ პოდიუმითა და სხვადასხვა სიურეალისტური ფოტოპროექტებითაც დაამახსოვრა.


პრინცესა დაიანას თანაკლასელი და მეგობარი სუინტონი კემბრიჯის უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე მიხვდა, რომ მისი ინტერესი თეატრს, კინოსა და ზოგადად, სამსახიობო კარიერას უკავშირდებოდა. სანამ ტილდა რეჟისორ დერეკ ჯარმანის ფილმ Caravaggio-ში გამოჩნდებოდა, იგი თეატრ The Royal Shakespeare Company-სთან თანამშრომლობდა, სადაც მისი პირველი პროფესიონალური დებიუტი სპექტაკლ Measure for Measure-ში შედგა. Caravaggio სუინტონისა და ჯარმანის ერთადერთი ნამუშევარი არ ყოფილა, მათი თანამშრომლობა კიდევ ათამდე ფილმში შედგა, რომელთაგან Edward II კარიერის ადრეულ წლებში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. სუინტონმა 1991 წლის ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა. ტილდას ანდროგენული სტილის მიმართ ინტერესი სალი პოტერის ფილმ Orlando-ში, რომელიც მწერალ ვირჯინია ვულფის ნოველის ადაპტაციას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ იკვეთება. ფილმმა მსახიობს საშუალება მისცა ეკვლია, თუ როგორია გენდერის პრეზენტაციისა და რეპრეზენტაციის ხერხები, თავისებურებები და მიზეზები კინოში. 


სუინტონს არაერთ გამორჩეულ ფილმში მიუღია მონაწილეობა,  საკმარისია დავასახელოთ - The Beach, Vanilla Sky, Constantine, The Statement. მისი ჯადოქრული ბუნება კი რეჟისორ ენდრიუ ადამსონის ფანტასტიკური ჟანრის კომერციულ პროექტში The Chronicles of Narnia-ში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. სუინტონმა პირველი ოსკარი 2007 წელს გამოსულ თრილერში Michael Clayton-ში შესრულებული როლისთვის დაიმსახურა. თეთრი ჯადოქარი, ვამპირი ევა, დედოფალი ელიზაბეტი, დევიდ ბოუის ცოლი, არისტოკრატი ლედი, მადამ დ. - სუინტონის, როგორც ავანგარდულ, ისე კომერციულ კინოში შექმნილი გმირები არასდროს მეორდება და ყოველთვის მსახიობის საოცარ გარდასახვას გვთავაზობს. თუმცა, რომ არა ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან - ჯიმ ჯარმუში, უეს ანდერსონი, ლუკა გუადანინო, რომელთან ერთადაც მსახიობს რამდენჯერმეც კი უთანამშრომლია, ალბათ სუინტონისთვის მარტივი არ იქნებოდა მისი მრავალსახიანი ბუნების მაყურებლისთვის გაზიარება. 

 





ტილდა სუინტონის შემოქმედებაში გარდა კინოსი, აღსანიშნავია ასევე მისი W Magazine-სთვის შექმნილი ფოტოპროექტები. ფოტოგრაფ თიმ ვოქერთან ერთად შექმნილი ნამუშევრები, რომლის მბრწყინავი მეოცნებე ფოტოგრაფია მოდის ინდუსტრიაზე უკვე ორი დეკადაა, რაც დომინირებს და თითქოს წარმოსახვის სამყაროსაც სცდება. ვოქერის გამორჩეული ხედვა და სუინტონის ნიჭი ეთერულ, ჰალუცინაციების გამომწვევ კადრებში ირეკლება, რომლებიც მოდის უცნაურ, სიურეალისტურ თავგადასავალს ემსგავსება.


თუმცა მსახიობი მოდაში მანამდე, 2003 წელს დიზაინერ Viktor & Rolf-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე One Women Show-ზე გამოჩნდა, სადაც ყველა მოდელი სუინტონის ერთგვარ ასლს წარმოადგენდა. ჩვენება განსაკუთრებული იყო პოემითაც სახელწოდებით "There is only one you. Only one", რომელსაც მსახიობი მთელი წარმოდგენის განმავლობაში სრულიად სიჩუმეში კითხულობდა. მას შემდეგ ტილდა მოდის ერთგვარი საკულტო ფიგურაა, რომელიც 52 წლის ასაკში მაღალი მოდის სახლის, Chanel-ის  შოტლანდიურ თემატიკაზე შექმნილი “Metiers d’Art Paris-Edimbourg Collection”-ის სახე გახდა. 2018 წელს კი ტილდა მოდის ვებგვერდმა Net-a-Porter-მა საუკეთესოდ ჩაცმულ ქალად აღიარა.


პერფორმანსის ხელოვნება მსახიობის კიდევ ერთი გატაცებაა, რომელიც 1995 წლიდან მისი შემოქმედების ნაწილია. პირველად მისი პერფორმანსი The Maybe მის მეგობარ პროდიუსერ ჯოანა სკანლანთან ერთად ლონდონში,  Serpentine Gallery-ში წარმოადგინა, სადაც იგი შუშის გალიაში გამომწყვდეული ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა. მას შემდეგ ნამუშევარი 1996 წელს რომში, Museo Barracco-სა და 2013 წელს MoMA-შიც იყო წარმოდგენილი. 



მსახიობი მუდმივად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. ბოლო დროს სუინტონის შეუდარებელი პერფორმანსი ლუკა გუადანინოს ფილმ Suspiria-სა და ჯიმ ჯარმუშის ზომბებზე შექმნილ კომედიური ჟანრის ფილმში,  The Dead Don’t Die-ში ვიხილეთ. მსახიობი წელსაც სიურპრიზებით არის სავსე და ჯერ კიდევ არავინ იცის, თუ რას შემოგვთავაზებენ უეს ანდერსონი და სუინტონი ფილმში The French Dispatch. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ცნობილია, რომ რეჟისორი პედრო ალმოდოვარი ტილდა სუინტონთან ერთად ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს, მაგრამ აქ მთავარი არა მხოლოდ მათი თანამშრომლობა, არამედ ის ფაქტია, რომ რეჟისორს არასდროს უმუშავია ინგლისურენოვან ფილმებზე და ვინ გახდებოდა მისი პრინციპის დათმობის საბაბი, თუ არა ტილდა.