ამერიკელი კინორეჟისორისა და სცენარისტის, სოფია კოპოლას უახლესი ნამუშევარი, “On The Rocks” როგორც ავტობიოგრაფიული ელემენტებით დატვირთული, ექსცენტრიკული მამისა და შინაგანი კრიზისის პირას მდგომი შვილის ამბავი, ისე მუქი, პასტელური ფერებით დახატული ნიუ-იორკის პერსონალური პორტრეტია. კოპოლას სამყარო კვლავ მდიდრული და დახვეწილია, რთულად შესამჩნევი მელანქოლიისა და სევდის ელფერი კი ახლაც განუყოფელ ნაწილად დაჰკრავს.





ამბის მთავარი მოქმედი გმირი ლორა, რომელსაც ფილმში რაშიდა ჯონსი განასახიერებს, პროფესიით მწერალია და ქმარ-შვილთან ერთად მანჰეტენის ქუჩაზე ცხოვრობს. თანამედროვე დროისთვის დამახასიათებელ რუტინასა და წერის უშედეგო მცდელობას პირად ურთიერთობაში გაჩენილი ეჭვიც ემატება, რჩევისთვის კი ლორა პრივილეგირებულ მამას, ფელიქსს მიმართავს. კომიკური ხასიათის მექალთანე მშობელს ფილმში კოპოლასთვის გამორჩეული ბილ მიურეი თამაშობს.




მამა-შვილის კონფლიქტურ, თუმცა ახლო ურთიერთობაზე დაკვირვებით სოფია ორ თაობას შორის სხვაობასა და სახალხოდ ცნობილი მამის შვილად ყოფნის უპირატესობას შეისწავლის, რაც ცხადად ეხმიანება რეჟისორის პირად გამოცდილებას და თან ამბის კომედიურ ელემენტად იქცევა. “ისტორია ორი თაობის შეტაკებაზეა - ერთი პერსონაჟი ახალგაზრდა ქალია, მეორე წინა თაობის ჯენტლმენი, და  კიდევ იმაზე, როგორ წარმართავს მშობლებთან დამოკიდებულების დინამიკა მომავალში ჩვენს პირად ურთიერთობებს”, - ამბობს კოპოლა, რომლისთვისაც ლორას დაბნეულობა თავისი ცხოვრების კონკრეტულ პერიოდზე რეფლექსიაა. ნამდვილი მამისა და პერსონაჟის პარალელზე აქვე აღნიშნავს, რომ ფელიქსი ფიქციის ნაწილია, თუმცა მამამისის ზოგიერთ თვისებას მართლაც ატარებს. “ბევრი მოგონება და ფრაზა მახსოვს მამაჩემისგან, საერთოდ, ამ ურთიერთობას მკაფიო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის”.




ქმრის კვალში ჩამდგარი მამა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში წითელი ვინტაჟური “ალფა რომეოს” ავტომობილით დაქრიან, კოპოლას შემოქმედებაში კი ეს კონკრეტული სცენა განსაკუთრებული დინამიკითა და ენერგიით გამოირჩევა. რეჟისორის თქმით, მოძრაობისა და სისწრაფის ასეთი კუთხით გადაღება მისთვის ახალი გამოწვევა იყო. კოპოლას ნამუშევრები პირველ რიგში მისთვის დამახასიათებელი ნაზი განწყობის, ფემინური ესთეტიკისა და დამაბნეველი შეგრძნებების ვიზუალურ ახსნას ემსახურება, მანჰეტენზე სწრაფად მოძრავი მამა-შვილის აბსურდული ეპიზოდი კი, რეჟისორის სტილიდან გამომდინარე, რამდენადაც კომიკური, იმდენად ახლებურია.  


ატმოსფერული კინემატოგრაფია ნიუ-იორკს მთლიანად სოფიას თვალებით დაგვანახვებს, ქალაქის იერსახეში მუქი, ცივი ფერები დომინირებს, რაც ამბავს ერთი მხრივ, მელანქოლიურ ტონალობას ანიჭებს. გამორჩეულად კომედიური ფიგურა კი ჩემთვის უდავოდ ჯენი სლეიტის პერსონაჟია, რომელიც ფილმში მეორეხარისხოვან გმირად ფიგურირებს, თუმცა ექსცენტრიკული მანერიზმისა და ერთმანეთზე არასერიოზული, კონტექსტიდან ამოვარდნილი ისტორიების მოყოლით ყველა სცენაში ყურადღებას იპყრობს.


ნიუ-იორკის კოპოლასეული პორტრეტი - თანამედროვე აპარტამენტები, დახვეწილი არქიტექტურა და გმირთა შინაგან მდგომარეობაზე ფერთა პალიტრით ფოკუსირება კინემატოგრაფ ფილიპ დე სურდისა და სეთ დეკორატორის, ემი სილვერის დამსახურებაა. კოპოლასთან მათ წარსულშიც უთანამშრომლიათ. გმირთა სტილისტურ, თუმცა სადა, ხშირად განწყობის გამომხატველ ჩაცმულობაზე კი სტეისი ბატეთმა იმუშავა.


ნამუშევრის უარყოფითი მხარე მოკლე ქრონომეტრაჟია, რაც გმირების გასაცნობად ან ამბავში წამოჭრილ თემებზე უკეთ დასაკვირვებლად საკმარის დროს არ იძლევა. კომპოზიციაში კოპოლასთვის დამახასიათებელი ვიზუალური მიმზიდველობა მკაფიოა, თუმცა აზრობრივად ამბავი სიცარიელისა და დანაკლისის შეგრძნებით გვტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მარტივი ფაბულის გარშემო ტრიალებს და პერსონაჟები მასში რაიმე განსაკუთრებულ ემოციურ გარდატეხას არ გადიან, კოპოლას ხელწერა შესამჩნევია. ფილმი უამრავი მაყურებლისთვის კვლავ რელევანტური და შესაძლოა პირად გამოცდილებასთან ახლოც აღმოჩნდეს.

მამა-შვილის თავისებური დინამიკით, ნიუ-იორკის დაცარიელებული ქუჩებითა და დაბნეული მწერლის სახით სოფია კოპოლა კიდევ ერთ ამბავს გვიყვება, რომელშიც მოვლენათა ნელი განვითარება კომფორტისა და სიმშვიდის, ცოტაოდენი სევდისა და მარტოობის განწყობით გამოირჩევა.