საინტერესო ფიგურები, რომლებიც უცნაურ, ლამაზ სივრცეებში არიან განთავსებული, ნათელი ფერები და განსხვავებული ხედვა მარიამ საშას ნამუშევრებს გამოარჩევს და სახასიათოს ხდის. გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვანთან, რომლის შემოქმედებაც გრაფიკულ დიზაინსა და მხატვრობას მოიცავს.
როდის აღმოაჩინე, რომ ხატვა მოგწონდა და მაშინვე მიხვდი, რომ ამ პროფესიას გაჰყვებოდი?
როგორც უმრავლესობამ, ხატვა მეც ლაპარაკთან ერთად დავიწყე და მთელი ჩემი ცნობიერი ასაკის მანძილზე ვიცოდი და ვამბობდი, რომ ამას გავყვებოდი. სულ მინდოდა ხატვაზე მევლო, თუმცა ჩემ მშობლებს არ უნდოდათ მასწავლებლის გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი და ამ თხოვნაზე სულ უარს მეუბნებოდნენ. მიუხედავად ამისა, ხატვისთვის თავი არასოდეს დამინებებია და როდესაც ამის დრო დადგა, პროფესიის არჩევაზეც არ მიყოყმანია.
როდის და რატომ დაინტერესდი გრაფიკული დიზაინით?
თინეიჯერობიდან მოყოლებული ძალიან მიზიდავდა კომპიუტერული გრაფიკა. როგორც კი პირველად დავაინსტალირე ფოტოშოპი, ის ჩემს მთავარ გასართობად იქცა. სამხატვრო აკადემიაში პოსტერის დიზაინს ვსწავლობდი, თუმცა ვფიქრობ, გრაფიკული დიზაინერობისკენ მთავარი ნაბიჯი შემთხვევით გადავდგი, როდესაც სააგენტო Betterfly DDB-ის კონკურსში სახატავ პლანშეტთან ერთად “მოვიგე სტაჟირება”. იქ გატარებულმა მცირე დრომ ჩემი შემდგომი პროფესიული ნაბიჯები განსაზღვრა.
სად გადის შენთვის ზღვარი მხატვრობასა და გრაფიკულ დიზაინს შორის?
ვფიქრობ, მთავარი განმასხვავებელი მათში ჩართული პირების რაოდენობაა. მხატვრობა, ასე ვთქვათ, 1- ან 2-პირიანია, მხატვარი ხატავს თავისთვის ან ვინმესთვის (პიროვნებისთვის ან ხალხისთვის). დიზაინი კი 3-პირიანია - დიზაინერი დიზაინს უქმნის ვიღაცას რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის. ამით ვსაზღვრავ ხოლმე და ხშირად აღმოვაჩენ, რომ რაც დიზაინი მეგონა, ნახატი ყოფილა და პირიქით.
რომლის პროცესი განიჭებს უფრო დიდ სიამოვნებას და რატომ?
ჩემთვის ხატვის პროცესი არ არის პირდაპირ დაკავშირებული სიამოვნებასთან. მაშინ ვხატავ, როდესაც არ შემიძლია არ დავხატო. ხატვა შვებას მგვრის, დიზაინის პროცესი კი კმაყოფილების განცდას მიტოვებს. გააჩნია კონკრეტულ მომენტში რა მჭირდება.
საიდან იღებ ინსპირაციას, შეიძლება ყოველდღიური მოვლენა ან უბრალო საგანი შენი შთაგონების წყარო გახდეს?
სკეჩებისთვის ძირითადად სწორედ ყოველდღიურობა და უბრალო საგნები შთამაგონებს, სხვა დანარჩენისთვის კი ჩემი სულიერი გამოცდილებები.
გამორჩეულად საყვარელი ხელოვანი თუ გყავს, რომლის შემოქმედებაც შენზე გავლენას ახდენს?
ძალიან ბევრი ხელოვანი მომწონს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე მითოლოგია და ფიზიკა მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მხატვრობა.
როგორ ფიქრობ, რა არის შენი ნამუშევრებისთვის დამახასითებელი ელემენტი, რომელიც შენს შემოქმედებას ინდივიდუალიზმს ანიჭებს?
ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც ყველაზე მოქნილად ხაზით ვმოქმედებ და ხშირად ამ მსუბუქ ელემენტს ვანიჭებ კომპოზიციაში მთავარ დატვირთვას. ალბათ ეს უნდა იყოს.
შენს ნამუშევრებში ქალის ფიგურები დომინირებენ, რას ნიშნავს შენთვის ქალის სხეულის ხატვა?
ძირითადად ქალის ფიგურა საშუალებაა, რომ ჩემი გმირის ამბავი მოვყვე ან მისი გამოცდილება აღვწერო.
როგორ უყურებ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ სახელოვნებო სივრცეს?
მიჭირს შეფასება, რადგან მე ამ ეტაპზე ძირითადად ციფრულ არხებს ვითვისებ. როგორც დამკვირვებელს, მომწონს, რომ სახელოვნებო სივრცეები მრავალფეროვნდება და საჯარო სივრცესთან ჰიბრიდებს წარმოქმნის.
ბოლო დროს დავით კაკაბაძისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ საინტერესო პროექტ GAMMA-ზე მუშაობდი, მოგვიყევი ამ გამოცდილების შესახებაც...
GAMMA - მულტიმედია პროექტი - დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა, რომელზეც ჩემთან ერთად ნიკოლოზ კაპანაძემ და დიმიტრი შუბითიძემ იმუშავეს. ინსტალაცია მაყურებელთან ინტერაქციისას იმიტირებდა ფარდობითობისა და კვანტური ფიზიკის უცნაურ ფაქტებს. ეს მოვლენები დიდი ხანია მაინტერესებდა და მათი ჩემეული აღქმის ესკიზებს ვაკეთებდი. ისინი ამ პროექტისთვის მოძრავ გრაფიკად ვაქციეთ.
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა გვეჩვენებინა, როგორია კვანტური სამყარო მაშინ, როდესაც მას ვაკვირდებით და როგორი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც არ ვაკვირდებით.
Gamma-ს თითოეული ეტაპის გავლა ჩემთვის ზღაპრული გამოცდილება იყო. მსგავს პროექტში სულ მივიღებდი მონაწილეობას, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული.
ამჟამად რაზე მუშაობ?
ბოლო დროს ნახატმა ანიმაციამ გამიტაცა და დამოუკიდებლად მოკლე ანიმაციებზე დავიწყე მუშაობა.
დაბოლოს, რას ურჩევდი იმ დამწყებ ხელოვანებს, რომლებიც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ?
დამწყებ ხელოვანებს ვურჩევ, რომ შემოსავლისთვის ალტერნატიული, მათ პროფესიასთან ახლოს მყოფი საქმიანობაც მოძებნონ, რომ არ მოუწიოთ საკუთარი შემოქმედების ბაზარზე მორგება. ეს მათ ხედვას და უნარებსაც გააფართოებს.
დაწერე კომენტარი