თანამედროვე ცხოვრების წესის, ფრანგული ესთეტიკისა და ერთმანეთისგან განსხვავებულ კულტურათა ურთიერთმიმართებით გამოკვეთილი დეტალების ნაზავი დერენ სთარის სერიალში - Emily in Paris - პარიზულ თავგადასავალს გპირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების აზრით, სერიალში ასახული დეტალები ის კლიშეებია,  რასაც ფრანგულ სამყაროს ხშირად მიაწერენ, ფაქტია - მთელი ეს ისტორია ფრანგული რომანტიკით, ესთეტიკითა და დაბრკოლებებით გაჟღენთილ, მიმზიდველ სცენარს ქმნის, რომელიც ცოტა ხნით მრავალფეროვან  პარიზულ სამყაროში გვამოგზაურებს.



სერიალის მთავარი გმირი, ემილი კუპერი ჩიკაგოდან პარიზში, ცნობილ მარკეტინგულ კომპანიაში გადადის სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კოლაბორაციის მიზანი ფრანგულ კომპანიაში ამერიკული მსოფლმხედველობის შეტანაა, წინაღობები ემილის პირველივე დღიდან ხვდება. პარიზში მისი პირველი დაბრკოლება, თუკი საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის არარსებობას არ ჩავთვლით, კომპანიის ხელმძღვანელი სილვია.

ემილის, როგორც ენთუზიაზმით სავსე და ინოვაციების მოყვარული ამერიკელის სახეს ამგვარ წინააღმდეგობებთან გამკლავების პროცესი უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. დერენ სთარი, ისევე როგორც მის სერიალში - Sex and the City პერსონაჟის წინაშე წამოჭრილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის პროცესს აქაც კომედიანარევი სიმსუბუქით გვიჩვენებს.

ემილი თითქმის ყოველი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფრანგული თავგადასავალი არცთუ ისე სასიამოვნოდ იწყება, ემილი, შეიძლება ითქვას, არასდროს კარგავს იმ ენთუზიაზმს, რომელიც საბოლოოდ მისი წარმატებების გასაღები ხდება.



ემილის ყოველდღიურ ცხოვრებაში სილვი ის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც მის მიმართ გულგრილობას პირველი სეზონის ბოლომდე ინარჩუნებს. ვინაიდან ის ემილის პარიზული ცხოვრების პირველი სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდა, ბუნებრივი იქნებოდა, თუკი ემილის ეს წინააღმდეგობა შეაჩერებდა და თანდათან ფრანგული “წესებით” თამაშს მოარგებდა, თუმცა ამ ამბის მთავარი ხიბლი სწორედ ამ წესების დაღვევასა და  კომპანიის მიერ დიდი ხნის დამკვიდრებული წესრიგის ინოვაციათა ქაოსში გახვევას წარმოადგენს.

ემილის პერსონაჟის განსაკუთრებული შტრიხი სწორედ საკუთარი საქმისადმი სიყვარულია, რომელიც ნებას არ აძლევს, განსხვავებული მოსაზრებებისა და იდეებისგან თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავოს, რომ ეს ვინმესთვის მიუღებელია, ან, როგორც სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი, Pierre Cadeau იტყოდა - “Ringarde” (უგემოვნოა).



დაბრკოლებების მიღმა სამსახურებრივი მოვალეობები ემილის ბევრ საინტერესო ადამიანს აცნობს, მათ შორის მათაც, ვინც განსაკუთრებულად მოხიბლული რჩება მისით. მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერის, პიერ კადოს ძმიშვილი, მეთიუ კადო აღმოჩნდება.

თუმცა მისი და ემილის ურთიერთობის ხაზი არცთუ ისე ხანგრძლივია, მეთიუს პერსონაჟით დერენ სთარი, სავარაუდოდ, გავლენიანი ფრანგი მამაკაცების ურთიერთობისადმი დამოკიდებულების სიმსუბუქესა და უშუალობას გამოხატავს.

ამის კიდევ ერთი მაგალითი კომპანიის ერთ-ერთი გავლენიანი კლიენტი, ანტუან ლამბერია, რომელსაც არც დაოჯახებული მდგომარეობა და არც სილვისთან არსებული რომანი უშლის ხელს იმაში, რომ ემილის მიმართ ღიად გამოთქვას სიმპათია.

შესაძლოა კრიტიკოსები მართლები არიან და ეს კონკრეტული მახასიათებლები ნამდვილად კლიშეს წარმოადგენს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პარიზის, როგორც რომანტიკის ქალაქის, ამგვარი ისტორიებისა და ადამიანების გარეშე წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.



ფრანგული კარიერის მიღმა კი ემილის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ბევრისთვის საოცნებო სიუჟეტით ვითარდება - სწორ დროსა და სწორ ადგილას აღმოჩენილი, ორ მნიშვნელოვან მეგობარს - მინდისა და გაბრიელს იცნობს. აღსანიშნავია, რომ ემილისთვის ორივე მათგანის გაცნობას წინ კონკრეტული დაბრკოლება უძღოდა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ეს ორი პერსონაჟი იმის მკაფიო მაგალითია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს პარიზია, რომი, თუ სხვა ქალაქი - დადებითი და უარყოფითი ყველგან არსებობს. გარკვეული პრობლემების ფონზე, ემილის მიერ პარიზული ცხოვრების დადებითი მხარეების დანახვაც სწორედ მინდისა და გაბრიელის დამსახურება მგონია.

მინდი და გაბრიელი იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებიც ემილისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დგანან მის გვერდით, იქნება ეს გაბრიელის მიერ ორგანიზებული ვახშამი “Savoir”-ისა და მათი კლიენტებისთვის, თუ მინდისთან ერთად ლანჩის დროს განხილული თითოეული მიმდინარე პრობლემა.



ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ხაზს ემილისა და გაბრიელის ურთიერთობა წარმოადგენს. ფარული რომანი, რომელიც მათ შორის ემილის პარიზული ცხოვრების პირველივე დღეებიდან არსებობს, შეიძლება ითქვას, ყველაზე გულწრფელი ამბავია მთელი სერიალის განმავლობაში. თუმცა  ეს გულწრფელი ისტორია კვლავ გაბრიელისა და ემილის კიდევ ერთ მეგობარ კამილს შორის არსებული ურთიერთობის მიღმა მიმდინარეობს.

მიუხედავად გამხელილი დამოკიდებულებებისა, სეზონის დასასრულს გაჟღერებული გაბრიელის პარიზში დარჩენის ამბავი ჯერჯერობით კამილისა და გაბრიელის ურთიერთობის ხაზის გაგრძელებას მიგვანიშნებს, რომელსაც ამ ორ პერსონაჟს შორის არსებული სხვა პრობლემების გათვალისწინებით, მეორე სეზონში დასრულების დიდი შანსი აქვს.



დღის არაორდინალური დასაწყისები, ხმაურიანი ლანჩის საათები, რომანტიკული საღამოები, ღამის პარიზი, დღის დასასრულს წამიერად ნაჩვენები, მრავალი წლის წინ აშენებული კორპუსების ფანჯრებიდან გამომავალი შუქი - ეს და კიდევ მრავალი დეტალი დერენ სთარის მიერ წარმოდგენილი პარიზის განუყოფელი ნაწილია.

თითოეული შტრიხი, თავად სთარის თქმით, საკუთარი გამოცდილებიდანაა გადმოღებული - სერიალის შემქმნელთა კონკრეტული ჯგუფი გარკვეული პერიოდი პარიზში იმყოფებოდა. სთარმა სწორედ მათი პარიზული ცხოვრების ამსახველი შტრიხებით ააგო ისტორია, რომელიც, მიუხედავად ბევრი ნეგატიური გამოხმაურებისა, Netflix-ის რომანტიკულ კომედიათა შორის ნახვებით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.