Less is More ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ იტალიელ დიზაინერთა ჯგუფისთვის ნაკლები მოსაწყენი და არასაკმარისი აღმოჩნდა... 1980 წლის დეკემბერში Ettore Sottsass-მა მილანში ჩამოაყალიბა დიზაინერებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი გუნდი, რომელმაც შექმნა 80-იანი წლების ესთეტიკა და დაუპირისპირდა მოდერნიზმის დაწესებულ ჩარჩოებს.
სახელის მიუხედავად, მემფისის ჯგუფს არაფერი აკავშირებდა ამერიკის შტატ ტენესისთან. უბრალოდ, თავდაპირველ შეხვედრაზე ისინი Bob Dylan-ის სიმღერა “Stuck inside of Mobile with the Memphis Blues Again” უსმენდნენ და სახელის შთაგონებაც სწორედ აქედან გაჩნდა. მართალია, მემფისი მილანში დაარსებული სკოლაა, მაგრამ წევრები სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავდათ - იტალიელებთან ერთად ამერიკელი, იაპონელი, ფრანგი, ავსტრიელი და ბრიტანელი დიზაინერები საკუთარი საქმიანობით ვიზუალური რევოლუციის მოხდენას ცდილობდნენ.
ჯგუფს საერთო მიზანი აერთიანებდა, გაერღვიათ 70-იანი წლების მოდერნიზმის მიერ შექმნილი საზღვრები, სადაც ისინი თავს შეზღუდულად გრძნობდნენ. დიზაინში ირონიისა და იუმორის შემოტანით ცდილობდნენ წესად ქცეულ ფუნქციურობას დაშორებულიყვნენ და შეექმნათ ახალი, ამაღელვებელი პროდუქტები. ჯგუფი რადიკალური დიზაინის ტრადიციიდან მომდინარეობს და მათი მთავარი გავლენა არტ-დეკოსა და პოპ-არტში მოიძებნება. ისინი ყველანაირი ექსპერიმენტისთვის მზად იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ დიზაინში თამაშისა და გართობის ელემენტების შემოტანას. კაშკაშა ფერების, გრაფიკული პატერნებისა და გეომეტრიული ფორმების ინოვაციური გამოყენებით კი საბოლოოდ მათ თავისი პერიოდის დიზაინ-კონცეფციის ანბანი შექმნეს.
Memphis Group-ის კოლექციის პრეზენტაცია პირველად მილანში, 1981 წლის ავეჯის გამოფენაზე შედგა. ყველაზე პრესტიჟულ და ტრადიციულ ღონისძიებაზე გამოჩნდნენ “ხულიგანი” დიზაინერები, რომლებმაც დაცინვით და ირონიით პროტესტი გამოუცხადეს იმ პერიოდის სახელოვნებო სფეროს. იაფფასიანი მასალისგან დამზადებულ ავეჯს ყველაზე ცნობილი და მდიდრული სასტუმროების დასახელებები შეურჩიეს, რითაც იმდროინდელ დიზაინში დამკვიდრებული ნორმების აბსურდულობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
პირველ გამოფენასთან ერთად, მათ პირველი კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და კოლექციას faux chic უწოდეს. ბევრისთვის მათი პროდუქტები იყო მახინჯი, ძვირი და არაპრაქტიკული. მაგრამ სწორედ ამ არსებული სტანდარტებისგან გადახვევა და განსხვავებულის შექმნა გახლდათ მემფისის ჯგუფის მიზანიც. მათი დიზაინი არ გაუთვლიათ, რომ მასობრივი პროდუქტი და მეინსტრიმი გამხდარიყო, ან დროში სამუდამოდ გაეძლო. ეს იყო განაცხადი და პროტესტი ნეიტრალური და ფუნქციური მოდერნიზმის წინააღმდეგ. ფერებსა და ფორმებზე ორიენტირებული მოძრაობა, რომელიც თავისი დიზაინით ემოციების გამოწვევას ცდილობდა.
კონტრასტული ფერების შეჯახება, ლამინატის მასალით ავეჯის დამზადება, Ettore Sottsass-ის მიერ შექმნილი ახალი პრინტები, რომლებიც დეკადის სავიზიტო ბარათი გახდა, გეომეტრიული ფიგურების გამოყენების ტრადიციული წესების დარღვევა, აქამდე არავის უცდია. ფუნქციურობის ნაცვლად მათ დეკორაციული ავეჯი შემოგვთავაზეს და ჩვეულებრივი, ყოველდღიური ნივთები უცნაური და სასაცილო გახადეს. ვოგის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის აზრითაც, ავეჯი არ იყო სახალისო 1981 წლამდე, სანამ მილანში მემფისის ჯგუფი არ გამოჩნდებოდა და ისტორიული ალუზიისა და როკ-ენ-როლის სინთეზს მოახდენდა. ვინტურთან ერთად მემფისის ჯგუფის თაყვანისმცემლების სიაში კარლ ლაგერფელდიც მოხვდა, რომელიც მათი ერთგული კოლექციონერი იყო, ასევე დევიდ ბოუი, რომლის პირადი კოლექციის აუქციონზე, 2016 წელს, იტალიური ჯგუფის 400-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
მოწინააღმდეგეები ვერ აფასებდნენ მემფისის ჯგუფის ინოვაციურობას, შექმნილი დიზაინის ნიმუშებს ახირებად უთვლიდნენ და მოკლევადიან არსებობას უწინასწარმეტყველებდნენ. მართლაც, ჯგუფი 6-წლიანი კოლაბორაციის შემდეგ, 1987 წელს დაიშალა, მაგრამ, ის, რაც კრიტიკოსებმა ვერ გათვალეს, კულტურული გავლენა აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმეწლიანი მოღვაწეობით ჯგუფმა მაინც შეძლო, იმდენად, რომ მათი ესთეტიკა დღესაც პოპულარულია.
შეიძლება მემფისის ჯგუფის სახელი აქამდე არ გსმენიათ, მაგრამ მათ პატერნებს, ფორმებს, ფერების დაწყვილებას ყოველდღიურად ხედავთ. შეიძლება 1995 წელს გამოშვებული, პირველი Apple Watch-ის დიზაინი გაქვთ ნანახი, ან Dior-ის 2011 წლის Haute Couture ჩვენებიდან გეცნობათ, შეიძლება მემფისის ყოფილი დიზაინერის, Nathalie Du Pasquier-ის მიერ შექმნილი პრინტები შეამჩნიეთ American Apparel-ის 2014 წლის კოლექციაში, ან მისივე ძველი თანაგუნდელის, Allessandro Mendini-ს სკეიტბორდები შეგხვდათ Supreme-ის პროდუქტების თვალიერებისას, ანდა თუნდაც წელს, ლოქდაუნისას, ინსტაგრამის თვალიერებაში ინფლუენსერების, Gustaf Westman-ის სარკეში გადაღებულ ფოტოებს წააწყდით, რომელიც Ettore Sottsass-ის ნეონებიანი ვარდისფერი სარკის, Ultrafragola-ს ინსპირაციით შეიქმნა, ყოველი მათგანის ორიგინალური დიზაინი სწორედ მემფისის ჯგუფს ეკუთვნის.
დაწერე კომენტარი