“აიღეთ შემთხვევითი ფიქრები, ცოტაოდენი დოზით დაუმატეთ დღევანდელი დღისა და წარსულისაგან დანატოვარი მოგონებები, აურიეთ ისინი სიყვარულთან, მეგობრობასთან და საერთოდ - ყველანაირი სახის ურთიერთობასთან. ამ ინგრედიენტებს დაუმატეთ სიმღერები, რომლებსაც მთელი დღე უსმენდით, მოვლენები, რომლებსაც დღის განმავლობაში შეესწარით, ცოტაოდენი პერსონალური შტრიხიც არ დაივიწყოთ და თქვენი სიზმარი მზადაა”. უცნაურია, თუმცა სწორედ ამ რეცეპტით ხელმძღვანელობს მიშელ გონდრის ფილმის მთავარი პერსონაჟი და ენთუზიაზმით აღსავსე მაყურებლებს თავის სიურრეალისტურ სამყაროში, ანუ სიზმარში უკვალავს გზას. გასაკვირი არაა, რომ გონდრიმ ფილმის სათაური მეცნიერება სიზმარზე (The Science of Sleep) სიმბოლურად აირჩია, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სიზმრის ფორმირების ფენომენს მეცნიერული თვალსაზრისით ოდნავ უფრო კომპლექსური სახე აქვს. 


სიზმართა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით მკვლევრებს განსხვავებული ხედვები აქვთ. თუ ზიგმუნდ ფროიდის ფსიქიკის სქემას მოვიშველიებთ, ადამიანში, როგორც სუბიექტში, სამი ინსტანცია მოქმედებს. იდი (გერმ. das Es), აღნიშნული ინსტანციებიდან ერთ-ერთია, რომელიც არაცნობიერის ლტოლვების საცავს წარმოადგენს. ფროიდის თეორიის თანახმად, არაცნობიერი გონების შესწავლის უმარტივესი გზა სწორედ სიზმრების ახსნის მცდელობაა, რაზეც თავის ნაშრომში სიზმრების ახსნა (The Interpretation of Dreams) უფრო ვრცლად საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით კარლ იუნგი განსხვავებულ თეორიას უჭერდა მხარს, რომლის მიხედვითაც სულაც არ იყო აუცილებელი, რომ სიზმრის ფარულ შეტყობინებებს სექსუალური დატვირთვა ჰქონოდა, რადგან იუნგი თვლიდა, რომ სიზმარი, პირველ რიგში, ადამიანის ემოციებსა და შიშებს ხდიდა ფარდას.


სიზმარი, რომელიც მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ ამოუხსნელი თავსატეხია, ადამიანებისათვის ძირითადად ფარული სურვილებისა და გონებაში დალექილი მოვლენების ვიზუალური წარმონაქმნია. სიზმრის ფენომენის გაშიფვრამ ინტერესი მხოლოდ მეცნიერებს კი არა, ბევრ ხელოვანსაც გაუღვივა და თუ შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის სიტყვებს მოვიშველიებთ, სიზმრის გამოსახვისათვის კინო ყველაზე ზუსტი მედიუმია. 

 

ამ სტატიაში მოგიყვებით იმ ფილმებსა და სერიალზე, რომლებში არსებული სიზმრების სცენებით რეჟისორები მაყურებლებს დამატებით ინფორმაციას აწვდიან და ამასთან ადამიანთა გონებაში ფორმირებულ ალტერნატიულ სამყაროებს გამაოგნებელი ვიზუალური ეფექტითაც წარმოაჩენენ.

 

8 ½ - ფედერიკო ფელინი

 

 

ის, რაც ხელოვანს ყველაზე მეტად თრგუნავს, სხვა არაფერია, თუ არა შემოქმედებითი კრიზისი. მოცემულობა, როდესაც შესაძლებლობები ძალ-ღონეს კარგავს და ერთადერთ გამოსავლად ლოდინიღაა დარჩენილი, ხელოვანს შესამჩნევად ზაფრავს და მას თავშესაფრის გარეშე დატოვებულ სუბიექტად აქცევს. როგორც ცნობილია, იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინიც ამ მოცემულობაში იყო გამომწყვდეული, ამიტომ 8 ½ ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, სადაც მთავარი პერსონაჟი გვიდო ანსელმი (მარჩელო მასტროიანი), რომელიც ასევე რეჟისორია, შემოქმედებით სტაგნაციას განიცდის და ფილმს ვერ იღებს. 


სიზმარი ფილმის პირველივე სცენაა, სადაც გვიდო მანქანების უკიდეგანო საცობშია გაჭედილი. ირგვლივ კი სრული სიჩუმეა, თითქოს სამყაროს სვლა უხილავი ძალის მიერაა დაპაუზებული.  ტრანსპორტში არსებული ადამიანების უმრავლესობა ერთ პოზიციაშია გაქვავებული. კამერა, რომელიც ავტობუსის ფანჯრებთან მდგომ მგზავრებზე რამდენიმე წამის განმავლობაში ჩერდება და ამასთან მანქანების მძღოლებისა და მათი თანამგზავრების გაქვავებულ პოზებსაც აფიქსირებს, სიზმრის ერთ-ერთი დრამატული მონაკვეთია. ავტობუსის მგზავრებს ხელები ფანჯრებიდან აქვთ გადმოცვენილი, მხოლოდ კისრამდე ჩანან და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს მათი თავები წაცლილია. ამ დროს კი გვიდოს, რომელიც მანქანის ფანჯრებს ქვემოთ ვერ სწევს, კლაუსტროფობიული შეტევა ემართება და სული ეხუთება. აქ გვიდოს იმ რეჟისორს ვამსგავსებ, რომელიც სიუჟეტს ვეღარ აგრძელებს და ამიტომაც იგი, როგორც შემოქმედი, ნელი სვლით კვდება, ხოლო გვიდოს გარშემო არსებული გაქვავებული მგზავრები მის მიერვე განუვითარებელ პერსონაჟებზე მაფიქრებენ, რომლებიც შემოქმედის მოლოდინში სიცოცხლის ხელახალ გაგრძელებას ელიან, ხსნა კი არა და არ ჩანს.


რთულია პერსონაჟის შემოქმედებით კრიზისზე ისაუბრო მეტაფორული სიზმრით, ისე რომ მნახველი არათუ დააბნიო, არამედ პირიქით, გონება გაუნათო და ამასთან კინოენის შეუზღუდავი შესაძლებლობებიც გააცნო, რასაც ფელინი ნამდვილად ახერხებს. სიზმრის სცენის ბოლო ნაწილში ფელინი ცად ამაღლებული გვიდოს ზღვაში ვარდნას, სავარაუდოდ, სიმბოლურად გვაჩვენებს, რათა სრული დესტრუქციის წყალობით  შემოქმედი თავიდან დაიბადოს.

მონუსხული - ალფრედ ჰიჩკოკი

 

 

ალფრედ ჰიჩკოკის 1945 წლის ფილმის, მონუსხულის სიუჟეტი ფსიქოანალიზის თეორიებზეა აგებული. ფილმში მთავარ როლებს ინგრიდ ბერგმანი და გრეგორი პეკი ასრულებენ, რომელთა ტანდემი სიუჟეტის ისედაც დამაინტრიგებელ მსვლელობას ერთიორად მომნუსხველს ხდის. 

 

 

ინგრიდ ბერგმანის პერსონაჟი ფილმში სიმართლის მაძიებელ ფსიქოანალიტიკოსად გვევლინება, რომელიც ცდილობს, რომ “დანაშაულის კომპლექსის” მქონე “დამნაშავეს” (გრეგორი პეკი) უდანაშაულობა მისი სიზმრების გაშიფვრით დაამტკიცებინოს. სიზმარი, რომელიც ფილმის ერთ-ერთი საკვანძო სცენაა, სიურრეალისტური ვიზუალითაა გამორჩეული. საინტერესო ფაქტია, რომ სიზმრის ამგვარი ფორმების წარმოსაჩენად ჰიჩკოკმა სიურრეალისტ არტისტს, სალვადორ დალის მიმართა და ბუნებრივია, გამაოგნებელმა შედეგმაც არ დააყოვნა. 


დალის მიერ შექმნილ სამყაროში რეალური და გამოგონილი ფორმები ერთმანეთში მონაცვლეობს - ჩანს ათამდე უზარმაზარი თვალი, ადამიანის ხელი ამ თვალებს მაკრატლით აქუცმაცებს, ვიღაც სახურავიდან ეშვება, კაცს სახე შენიღბული აქვს, იგი ბორბალს დამრეც სახურავზე აცურებს, ირეალური სილუეტებით მოცულ გარემოში პეკის პერსონაჟს გრძელი ფრთები მისდევს… ინგრიდ ბერგმანის სიტყვებზე დაყრდნობით დალისა და ჰიჩკოკის კოლაბორაციით შექმნილი სიზმრის დიზაინი ფილმის პირვანდელ ვერსიაში დაახლოებით ოცწუთიანი უნდა ყოფილიყო, რაც ფილმის საბოლოო ვერსიაში ორ წუთამდეა დაყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ ჰიჩკოკისათვის სიზმარი ერთგვარი გასაღებია, რომლის შემადგენელ საგნებსა თუ მოვლენებს დამოუკიდებელი დეფინიცია გააჩნია. ამას ფილმის ფინალური ნაწილიც ამტკიცებს, სადაც ინგრიდ ბერგმანის ფსიქოანალიტიკოსი პერსონაჟი დაავადებულის სიზმარს რეალობის შესაბამისად “გადათარგმნის”, რომელზე დაყრდნობითაც მას “დანაშაულის კომპლექსისაგან” გაათავისუფლებს და ბავშვობის ტრავმის შემსუბუქებით რეალური სამყაროს მარწუხებისაგანაც იხსნის.

მარწყვის მდელო - ინგმარ ბერგმანი

 

 

ფილმის მთავარი პერსონაჟი 78 წლის პროფესორია, რომელსაც გაწეული სამსახურისათვის საჯარო ცერემონიალზე აჯილდოებენ. მიუხედავად ამ პომპეზური ღონისძიებისა, ფილმში აღნიშნულ მოვლენას უმნიშვნელო ადგილი უკავია, რადგან ბერგმანს წინა პლანზე არა კარიერული დიდება, არამედ ადამიანის ეგზისტენციალური მარტოობა, საკუთარი თავის შეცნობა, წარსულის შეცდომების გადააზრება და არსებობის იდეა აქვს წამოწეული. 


ფილმის მთავარი პერსონაჟი, 78 წლის ისააკი უცნაური სიზმრებითა და წარმოსახვებითაა მოცული. ერთ-ერთ სიზმარში იგი გამოცდაზეა, სადაც შემფასებელი არაკომპეტენტურად შერაცხავს და იმასაც დასძენს, რომ ბრალდებები აქვს წაყენებული, რომელთა მიხედვითაც ისააკი ეგოისტი, უგულო და უხეშია. ისააკი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს ყოველთვის ზედაპირულად განიხილავდა და ოჯახის წევრებთანაც კი არ იყო სულიერად დაკავშირებული,  მხოლოდ ღრმად მოხუცებულობის პერიოდში, სიზმრებში ნანახი  შეტყობინებების საშუალებით იწყებს ფიქრს იმაზე, სად უშვებდა შეცდომებს და როგორ უნდა გამოესყიდა ისინი. “ამდენი ისწავლე და მაინც არაფერი არ იცი”, -  ეუბნება ისააკს სიზმრად მოვლენილი საყვარელი ქალი და მას სახესთან სარკეს მიუშვერს, რაც ისააკის მიერ საკუთარი “მეს” სიღრმეებში წვდომის სიმბოლოდაც შეგვიძლია აღვიქვათ. სიმართლე რომ ითქვას, ამ დროს მაყურებლებიც ვფიქრდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრებაში სულიერების წვდომის მოტივებს.

როდესაც მარწყვის მდელოში ასახულ სიზმარზეა საუბარი, თავიდან მაინც პირველივე წუთების სიურრეალისტური სცენა წარმოგვიდგება წინ, სადაც ისააკი ცარიელ ქუჩებში მიაბიჯებს და გზა ეკარგება. ისააკი ხედავს საათს ისრების გარეშე, გაყინულ თვალებს, რომლებიც პირდაპირ მას უმზერენ, კაცს, რომელსაც სახე არა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ისააკი ამჩნევს კუბოდან გადმოვარდნილ მიცვალებულს, რომელიც მისი ვიზუალის იდენტურია. სცენა უამრავი სიმბოლოთია დატვირთული, ხოლო მათი ამოხსნა მაყურებლის ინტერპრეტირების უნარზეა დამოკიდებული.


ტვინ პიკსი - დევიდ ლინჩი


სანამ ამ ნაწილის კითხვას გააგრძელებდეთ, გირჩევთ, რომ კითხვა დროებით შეწყვიტოთ, ანჯელო ბადალამენტის კომპოზიცია Dance of the dream man მოიძიოთ და ტვინ პიკსისათვის განკუთვნილი ტექსტიც მის ფონზე წაიკითხოთ. 


ლოგიკას მოკლებული იქნება ვივარაუდოთ, რომ “ტვინპიკსური” სიზმრები პერსონაჟების გონებაში დალექილი მოვლენების ვიზუალურ ინტერპრეტაციას ან თუნდაც მათი ფარული ლტოლვების კოდირებულ შეტყობინებებს წარმოადგენდეს. აქ უფრო დასაშვები ისაა, რომ ტვინ პიკსში განვითარებული სიზმრები ლინჩის შინაგანი სამყაროს შესაძლო რეპრეზენტაციად აღვიქვათ, სადაც დედამიწელებისათვის განკუთვნილი კანონები არ მოქმედებს. დევიდ ლინჩის სახელოვნებო პრაქტიკა რეჟისურის ფარგლებს სცდება და ობიექტური თვალსაზრისით, იგი ვიზუალური არტისტია. ყურადსაღები ფაქტია ის, რომ მისი ადრინდელი ფერწერული ნამუშევარი, ტვინ პიკსის სიზმრის ერთ-ერთი ეპიცენტრის - წითელი ოთახის - ესთეტიკის მატარებელია და სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ “ტვინპიკსური” სიზმრები, პირველ რიგში, ლინჩის პერსონის შინაგანი ამოძახილია.


გრძელი წითელი ფარდები, შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი იატაკი, თეთრი ქანდაკება, გარდაცვლილი ლორა პალმერი, საზარელი მანიაკი ბობი, გოლიათი და ჯუჯა - ისინი გამომძიებელ დეილ კუპერის სიზმრებში მოვლენილი საგნებისა თუ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ლინჩის ნამუშევარს განსაცვიფრებლად არაორდინალურსა და თვითმყოფადს ხდიან. დაძაბული სიუჟეტის პარალელურად მაყურებლები დეილ კუპერის სიზმრებს ყოველთვის 

წარმოუდგენელი ინტერესით ელოდებიან, რადგან წითელი ოთახის სცენები, შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალური ესთეტიკის ზეიმია. იქ ადამიანები გაუგებრად საუბრობენ და ცეკვავენ, კონტექსტიდან ამოვარდნილ წინადადებებს გვთავაზობენ - “შენი საყვარელი საღეჭი რეზინა მალე მოდაში დაბრუნდება” (The gum you like is going to come back in style), “25 წლის შემდეგ გნახავ”,  ხოლო მათ წარმომავლობაზე წითელ კოსტიუმში გამოწყობილი ჯუჯა ასე პასუხობს: “ჩვენს სამშობლოში ჩიტები ლამაზ სიმღერას გალობენ და ჰაერს ყოველთვის მუსიკა ავსებს” (Where we’re from the birds sing a pretty song and there’s always music in the air.). 


სიმართლე რომ ითქვას, ტვინ პიკსის სიუჟეტი სიზმრისეული ელემენტებით მაშინაც კი არის დატვირთული, როდესაც იგი რეალურ ამბებს მიჰყვება. ამას ადასტურებს ერთ-ერთი პერსონაჟის, ოდრი ჰორნის სიტყვებიც - ეს ძალიან სიზმრისეულია, არა?”(Isn’t it too dreamy?), რასაც ანჯელო ბადალამენტის ზედ დართული კომპოზიცია ერთიორად ამძაფრებს.

 

საშლელთავა - დევიდ ლინჩი


საშლელთავა ლინჩის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარს თავდაპირველად უმნიშვნელო წარმატება ხვდა წილად, დღეს იგი რეჟისორის ერთ-ერთ წარმატებულ ნამუშევრად მოიაზრება. ფილმი სავსეა სიურრეალისტური სცენებით, უჩვეულო ფორმებითა და სიზმრებით და ისიც უნდა ითქვას, რომ საათნახევრიანი სიუჟეტი სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა სიზმრის მსგავსი სამყაროს ანარეკლს. 


მას შემდეგ, რაც ჰენრი სპენსერი გაიგებს, რომ მეგობარმა გოგომ მისგან ბავშვი გააჩინა, ისინი ერთად ცხოვრებას იწყებენ. გაურკვეველი მიზეზის გამო ბავშვს დეფორმირებული ვიზუალი აქვს, რაც სპენსერს შესამჩნევად აფორიაქებს და გულის სიღრმეში შვილის მოცილებაზე ოცნებობს. რადგანაც ამ შემარცხვენელ სურვილს სპენსერი საკუთარ თავსაც კი ვერ უმხელს, ამ საქმეში სიზმრები ერთვება. ქალი რადიატორში, ასე ჰქვია სპენსერის სიზმრის პერსონაჟს, რომელიც სპერმის მსგავს წარმონაქმნს ფეხებით საგულდაგულოდ სრესს და შედეგით ნასიამოვნები სპენსერს კმაყოფილი ღიმილით აჯილდოებს. ამერიკელი მწერალი მარკ სტიუარტი თავის წიგნში გაშიფრული დევიდ ლინჩი (David Lynch Decoded) წერს, რომ ქალი რადიატორში თავად სპენსერია, რომელიც მას ფარული სურვილების მანიფესტაციად ევლინება - მოკლას შვილი და მხოლოდ ამ გზით მოიპოვოს სიმშვიდე.


ფილმის უკანასკნელი სცენა ისევ სპენსერის სიზმარს წარმოადგენს. მას ქალი რადიატორში ისევ ესიზმრება. იგი სიმღერა In Heaven-ს ასრულებს, რომლის ტექსტსაც სიმბოლური დატვირთვა ეძლევა მას შემდეგ, რაც სპენსერი თავისი სურვილების სასარგებლოდ დაიწყებს მოქმედებას. 

 

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე - ფილიპ კაუფმანი


ამერიკელმა რეჟისორმა ფილიპ კაუფანმა ფილმი მილან კუნდერას ამავე სათაურის წიგნის მიხედვით გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ყოფის აუტანელი სიმსუბუქის სიზმრის სცენა ვიზუალური თვალსაზრისით გამორჩეულ ელემენტებს არ აერთიანებს, იგი კუნდერას მოყვარულებისათვის მაინც დასამახსოვრებელ მონაკვეთს წარმოადგენს. ნაწარმოები, რომელიც კაუფმანის მთავარი სახელმძღვანელო იყო, ძირითადად ადამიანთა შეგრძნებების ვარიაციებზეა ორიენტირებული, რაც ეკრანიზაციაში პრაქტიკულად ვერ პრეზენტირდება. უფრო სწორად, რთულია პრეზენტირდეს. სწორედ ამიტომაც კაუფმანისეული სიზმრის სცენა განსაკუთრებულ ეფექტს კუნდერას კონცეპტის ფონზე იღებს.


ფილმის სიზმრის სცენაში ტერეზა საცურაო აუზშია. უეცრად მის წინაშე შიშველი ქალების გუნდი აღიმართება, რომელთა შუაგულში მისი საყვარელი კაცი, ტომაში დააბიჯებს და მოცურავე ტერეზას მათკენ გამომწვევად ეპატიჟება. სიზმრები ტერეზასათვის ერთგვარი შეტყობინებებია, რომლებიც საფუძვლიანი ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიქმნება. ტომაში, რომელიც ყველა ქალს ერთნაირად კოცნის, ერთნაირად ეალერსება და ერთნაირი ტექნიკით ისაკუთრებს, ტერეზას ხანგრძლივი სევდის მთავარი მიზეზია. მის გაცოფებას ის იწვევს, რომ ტომაში მას და სხვა ქალებს შორის გამოკვეთილ ტოლობის ნიშანს სვამს, ამიტომაც ტერეზასათვის საკუთარი თავი, როგორც ტომაშის საყვარელი ქალის სიმბოლო, უჩინარდება. სიზმარში ქალების შუაგულში აღმოჩენილი ტომაში ტერეზას მათთან შეერთებისაკენ მოუწოდებს, რაც ტერეზას, როგორც შეყვარებულ ქალს, აკნინებს და ამასთან წარმოუდგენლად ამძვინვარებს.