სანტერია, ანუ „წმინდანთა ცხოვრების წესი“ წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, როდესაც იორუბას ტომის ასიათასობით წევრი აღმოსავლეთ აფრიკიდან კუბაში მონებად ჩაიყვანეს და მათმა ტრადიციულმა აფრიკულმა რელიგიამ კათოლიციზმის მნიშვნელოვანი ელემენტები შეითავსა.

 

 

სანტერიის მოძღვრების თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს ღმერთისგან მინიჭებული ბედი, რომელიც ორიშების დახმარებითა და ენერგიით აღსრულდება. რელიგიაში ღვთისმსახურების ერთ-ერთ ძირითად ფორმას ცხოველთა შეწირვა წარმოადგენს, ხოლო ქათმის სისხლი წმინდა ნივთიერებად ითვლება. სისხლი, როგორც ცხოვრების გარანტი, ძალადობისა და სიკვდილის სიმბოლო, ანა მენდიეტას შემოქმედების მთავარი იარაღი გახდა.  

 

 

ანა მენდიეტა ფემინისტი მხატვარი, სკულპტორი, პერფორმერი, ფოტოგრაფი და რეჟისორია კუბიდან. მისი შემოქმედება ავტობიოგრაფიულია და მჭიდროდაა დაკავშირებული ფემინიზმთან, სიკვდილ-სიცოცხლის იდეასა და ძალადობასთან. ანას ნამუშევრების საფუძველია სამყაროს ოთხი მაცოცხლებელი ელემენტი: წყალი, ჰაერი, ცეცხლი და მიწა. 

 

 

1961 წელს, კასტროს რეჟიმისაგან თავდასაღწევად, 12 წლის ანა და მისი და - რექუილინი ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ოპერაცია „პიტერ პენის“ ფარგლებში, მან ცხოვრების ადრეული წლები ლტოლვილთა ბანაკებში გაატარა და მხოლოდ 1979 წელს შეძლო საკუთარ ოჯახთან დაბრუნება.  

 

 

კუბაში, როგორც ყველა საშუალო კლასის ოჯახის შვილი, ანაც  გოგონების კერძო კათოლიკურ სკოლაში დადიოდა. აიოვაში მიგრაციის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და დები რეფორმაციულ სკოლაში სასამართლოს მიერ გამწესებულ მოსწავლეებთან ერთად სწავლობდნენ. ამ პერიოდში ანა დაინტერესდა ხელოვნებით და უნივერსიტეტშიც სწავლა ფერწერის მიმართულებით დაიწყო. აიოვას უნივერსიტეტში მან ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი აიღო ფერწერაში. 

 

 

კოლეჯშივე ანას ნამუშევრებში მთავარი აქცენტი სისხლსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე იყო გადატანილი, რასაც  იწვევდა სტუდენტურ კამპუსში ქალების გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტები.  ის ხშირად აღნიშნავდა, რომ სამხატვრო სკოლაში არაერთხელ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამავე პერიოდში მას გაუჩნდა ინტერესი სპირიტუალიზმის, სხვადასხვა რელიგიისა და პრიმიტიული რიტუალების მიმართ.  

 

 

ანასთვის საკუთარი შიშველი სხეული იყო იარაღი, რომელსაც ერთადერთი მისია ჰქონდა - შეესწავლა გარესამყარო, დედამიწასთან არსებული კავშირი. ამ იდეას ხაზს უსვამს პერფორმანსების სერია - Silueta Works, სადაც ანას შიშველი სხეული გარშემორტყმული იყო ბუნებით: ყვავილებით, ხის ტოტებით, ქვიშით... იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის ცნობილ პერფორმანსზე - „ქათმის სიკვდილი“ (Death of a Chicken). 

 

 

„მე მინდოდა მეჩვენებინა ურთიერთობა ჩემსა და ბუნებას შორის. ჩემს ნამუშევრებში ვაჩვენებ იმას, რაც მოჰყვა ჩემთვის ადრეული წლების წართმევას; იმას, რაც მოჰყვა ჩემს გადასახლებას ერთი ადგილიდან მეორეში; კუბური მემკვიდრეობა ჩემი თვითმყოფადობის ნაწილია, ფესვები, რომელთან შეერთებასაც ბუნებასთან კავშირით ვცდილობ“, - ამბობს ანა. 

ხელოვანი სხეულს სილუეტების შესაქმნელადაც იყენებდა. მათ ქმნიდა ქვიშაში, ბალახსა და ჭუჭყში. მასვე ეკუთვნის ცეცხლის სილუეტიც და მისი წვა - როგორც პერფორმანსი.  

 

 

Rupestrian Sculptures - ცნობილი სერიაა, რომელშიც მან წარმოადგინა მღვიმის ქანდაკებების ფოტოსურათები. ტერმინი Rupestrian კლდეებში ცხოვრებას ნიშნავს. სწორედ ამ ნამუშევრების შესანარჩუნებლად შეიქმნა წიგნი, რომელიც ანას შემოქმედებისა და მრავალფეროვნების ტრაქტატია.  

 

 

1979 წელს ანამ ნიუ-იორკში პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ღონისძიებამ ანას უჩვეულო და ძლიერ ხასიათს გაუსვა ხაზი და დიდი წარმატებაც მოუტანა. ორი წლის შემდეგ, იმავე გალერეაში, ის მონაწილეობდა გამოფენაში, სახელწოდებით „იზოლაციის დიალექტიკა“ - ეს იყო  მხატვარ ქალთა გამოფენა, რომელიც წარმოადგენდა ისეთ ცნობილ ხელოვანთა შემოქმედებას, როგორებიც იყვნენ: ჯუდი ბაკა, ჰოვარდენა პინდელი, ზარინა და სხვები. 1987 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარებული გამოფენა კი ანას შემოქმედების მწვერვალადაა აღიარებული. 

 

 

1985 წელს 36 წლის ანა ტრაგიკულად დაიღუპა ნიუ-იორკში -  34-ე სართულიდან, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე კორპუსის მცხოვრებლებს ესმოდათ ანასა და მისი ქმრის, სკულპტორ კარლ ანდრეს ჩხუბის ხმა. ანდრემ დაასახელა ჩხუბის მიზეზი - ანას შურდა მისი, რადგან ანდრე აღიარებული ხელოვანი იყო, თვითონ კი - არა. მოგვიანებით ის დააკავეს მენდიეტას მკვლელობის ბრალდებით.

 

 

სასამართლოში სკულპტორი ანას სიკვდილის მიზეზად სუიციდს ასახელებდა, ანას მხარე კი ამას კატეგორიულად უარყოფდა - მისი შემოქმედება უკვე აღიარებული იყო, თანაც ანას სიმაღლის შიში ჰქონდა. სასამართლომ ანდრე უდანაშაულოდ ცნო და გაანთავისუფლა. განაჩენს ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 2014 წელს, ანდრეს რეტროსპექტივის დროს, აქციის მონაწილეებმა სპეციალურ ტანსაცმელზე "ნეტავ ანა მენდიეტა ისევ ცოცხალი იყოს" დაიწერეს და ტროტუარზე ქათმის სისხლი დაასხეს. 

 

ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ანა უფრო მეტად აღიარეს. მრავალ მუზეუმსა და გალერეაში მოეწყო ანას შემოქმედების რეტროსპექტივა: 2004 წელს ვაშინგტონში ჰირშჰორნის მუზეუმმა და ქანდაკებების ბაღმა მოაწყო მხატვრის ნამუშევრების ყველაზე დიდი რეტროსპექტული გამოფენა - მას ერქვა Earth Body და Sculpture.

იგივე ღონისძიება ჩატარდა უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში, დეს მოინეს ხელოვნების ცენტრში, აიოვას და მაიამის ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. ანა მენდიეტას ბრწყინვალე ნამუშევრები ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა მნიშვნელოვან საჯარო და კერძო კოლექციაში: გუგენჰაიმის მუზეუმი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ჩიკაგოს სამხატვრო ინსტიტუტი, არიზუს ცენტრის კოლექცია პარიზში და სხვა.