უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში კომიქსები საგამომცემლო პლატფორმის განუყოფელი და, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე კრიტიკული ელემენტი გახდა. მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან დღემდე მან დაკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა, ბეჭდვით კულტურაში მჭიდროდ მოიკიდა ფეხი და გამოეხმაურა სხვადასხვა დროის ტაბუირებულ თემებს.
კომიქსების ზოლი გაზეთებში პირველად მე-19 საუკუნის ბოლო დეკადაში გამოჩნდა და მათ ხუმრობებს (funnies) უწოდებდნენ. სასაცილო ისტორიები და მათი პერსონაჟები ხალხმა მალევე აიტაცა, ასე რომ, ჩარლი ბრაუნი, გარფილდი და დაგვუდი თავიანთი დროის „სელებრითებიც“ გახდნენ. თანამედროვე კომიქსის ნარატივი ძველისაგან რადიკალურად განსხვავებულია და აღარ ასოცირდება მხოლოდ ხუმრობებთან ან სუპერგმირებთან. მინიმალისტურმა ილუსტრაციებმა მეტი დატვირთვა შეიძინა და არა მხოლოდ თინეიჯერებზე, არამედ უფრო ფართო მასებზეც გაითვალა.
„ყვითელი ბავშვი“ (The yellow kid) პირველი ავთენტური კომიქსია, რომელიც 1895 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ნიუ-იორკის სამყაროში“. კომიკური თხრობისთვის გამოყენებული იყო ბუშტები და შესაბამისი პანელები. ყვითელ სამოსში გამოწყობილმა მელოტმა ბიჭმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და გამოუჩნდა ბევრი მიმბაძველიც - 1912 წელს New York Evening Journal პირველი იყო, რომელმაც მთელი გვერდი დაუთმო კომიქსებს. გასული საუკუნის 30-იან წლებში გაზეთები კომიქსებს უძღვნიდნენ დამოუკიდებელ განყოფილებებს, ხოლო მე-20 საუკუნის შუა წლები ოქროს ხანადაა მიჩნეული.
Maus - ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი - არტ შპიგელმანი
მაუსი გრაფიკული რომანია, რომელმაც კომიქსების სამყაროს ხელოვნების ნიმუში აჩვენა. ცნობილმა ამერიკელმა კარიკატურისტმა და მწერალმა არტ შპიგელმანმა ნაწარმოები სერიებად გამოუშვა 1980-91 წლებში. მაუსში შპიგელმანის მამა მკითხველს თავისი ნამდვილი ისტორიის ფონზე გვიზიარებს თავის გამოცდილებას - როგორია იყო პოლონელი ებრაელი და თანაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი. მაუსი ავტობიოგრაფიის, მხატვრული ლიტერატურის, ისტორიისა და გრაფიკული რომანის ნაზავია, რომელმაც 1992 წელს პულიცერის პრემიაც მოიპოვა. ტრადიციული კომიქსებისაგან განსხვავებით, მაუსში ყურადღებას იქცევს მინიმალისტური ილუსტრაციები, შავ-თეთრი ფერები და ყველანაირი პომპეზურობის უგულებელყოფა, რაც ხაზს უსვამს ნარატივისა და ვიზუალური მხარის ჰარმონიულ შერწყმას. ავტორი არ მოგვითხრობს საგმირო ან სახალისო ამბავს, მხოლოდ აქილიკებს კულტურულ სტერეოტიპებს და აღწერს პოლონურ გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებს. მაუსში თაგვი ებრაელია, კატა - გერმანელი, ძაღლი - ამერიკელი, ღორი - პოლონელი.
პერსეპოლისი - მარჯან სატრაპი
პერსეპოლისი პირველი ქართულად თარგმნილი გრაფიკული რომანია, ირანელი მწერლისა და ილუსტრატორის - მარჯან სატრაპის ავტორობით. რომანი ავტობიოგრაფიულია და მარჯი 1979 წლის ისლამური რევოლუციის პარალელურად, მოგვითხრობს იმ სიძნელეებზე, რაც თან ახლავს თავისუფალი ქალის ცხოვრებას ირანში. 2014 წელს პერსეპოლისი მეორედ დაასახელეს ყველაზე ხშირად აკრძალულ წიგნთა სიაში.
რომანი იწყება ისლამური რევოლუციითა და ომით, რომელიც 10 წლის მარჯის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და თუ ადრე მხოლოდ თავსაბურავით სიარულს აპროტესტებდა, ახლა უფრო მეამბოხე ხდება და დასცინის არსებულ წესებს. მშობლები მას უსაფრთხოების მიზნით ვენაში აგზავნიან და მოგვიანებით დაბრუნებულ მარჯის, სრულიად განსხვავებულ და მეტად შეზღუდულ გარემოში უწევს ცხოვრება. პერსეპოლისი მძიმე ისტორიაა, რომელიც გადმოცემულია იუმორისა და შავ-თეთრი ილუსტრაციების ფონზე.
The Sandman - ნილ გეიმანი
მშვიდი, დრამატული, მითური, მშვენიერი და ზოგჯერ შემზარავი Sandman არის კომიქსი, რომელმაც დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ კომიქსები მდარე ლიტერატურის ნაწილია. ნილ გეიმანის ამ სერიამ საფუძველი ჩაუყარა Vertigo-ს, რომლის კომიქსებიც გასცდა თინეიჯერულ აუდიტორიას.
The Sandman მოგვითხრობს პერსონიფიცირებულ სიზმარზე/ოცნებაზე (The Dream), რომელიც აკონტროლებს ადამიანებს. კომიქსში ვერ შევხვდებით ფანტასტიკურ სუპერგმირებს, მისი პერსონაჟები ენდელსების ოჯახის წევრები არიან: სიკვდილი, სასოწარკვეთა, ბედისწერა, სურვილი, სიგიჟე, განადგურება და სიზმარი (The Dream). ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია სიკვდილი - საღი გოთი, მკვეთრი გონებით, რომლის კონცეფციაც განვითარდა და ცალკე წიგნად გამოიცა.
რა თქმა უნდა, კომიქსში ვხვდებით ადამიანებსაც, მათ გარეშე ხომ ენდელსების არსებობას აზრი არ აქვს?! გვხვდებიან ღმერთები სხვადასხვა მითოლოგიიდან, რადგან მოვლენები მაშინ ვითარდება, როცა ღმერთები ჯერ კიდევ არსებობდნენ და მზის სისტემაც ყალიბდებოდა.
შავი ხვრელი - ჩარლზ ბარნსი
ჩარლზ ბარნსის „შავი ხვრელი“ მისტიკისა და ჰორორის ჟანრის კლასიკაა. რომანი ავტობიოგრაფიულია და 10 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა სერიებად. მოვლენები 1970-იან წლებში ვითარდება. შავ-თეთრი, მისტიკური ილუსტრაციები გადმოგვცემს მოზარდების ამბავს მშობლებთან და ზოგადად, ახლობელ ადამიანებთან გაუცხოების შესახებ. თინეიჯერების ჯგუფი ტყეში იკრიბება ხოლმე - გარბიან სახლიდან, აქვთ სექსი, იღებენ ნარკოტიკებს… მალევე ახალგაზრდების ამ პატარა წრეში იფეთქებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც რომანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ხაზს უსვამს ამბის გროტესკულობას - სიმპტომები გულისხმობს აუხსნელ ღია ჭრილობებს, ხშირად კანის გაუხეშებასა და ცხოველთა კუდების გამოზრდას. უცნობი დაავადება შიდსის ალეგორიად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ესაა აივ ინფექციის წინა პერიოდი და თითქმის სრულად იმეორებს შიდსის კონცეფციას.
ბარნსი არ ღალატობს კომიქსებში თხრობის ტრადიციულ სტილს და ხშირად იყენებს წარსულ მოგონებებს, ფანტაზიებსა და სიზმრებს. სამივე მათგანი ერთგვარი გამოძახილია მოზარდებში არსებული შიშისა და სასოწარკვეთის. ნარატივიც ზუსტად შეესაბამება თინეიჯერების ლექსიკას და მათ ნამდვილობას უფრო დამაჯერებელს ხდის.
ხელშეკრულება ღმერთთან - უილ ეიზნერი
შეუძლებელია ისაუბრო გრაფიკულ რომანებზე და ერთხელ მაინც არ ახსენო უილ ეიზნერის სახელი, ადამიანის, რომელიც გრაფიკული რომანის სფეროში პიონერია. მისმა შემოქმედებამ ახალი სიტყვა თქვა კომიქსების სამყაროში.
ეიზნერი არც პირველია და ალბათ, არც უკანასკნელი, რომლის ნამუშევარმაც თავიდანვე ვერ დაიპყრო მკითხველის გული და სათანადოდ არ დაფასებულა. ახალგამოცემული „ხელშეკრულება ღმერთთან“ იყო უცნაური და ყველასგან იგნორირებული წიგნი - კომიქსების მკითხველები არ დაინტერესდნენ შავ-თეთრი წიგნით, რომელშიც 61 წლის მოხუცი ჰყვებოდა საკუთარ ისტორიას. მეტიც, ნაწარმოები დახლზე რელიგიური წიგნების გვერდით დადეს, რადგან სათაურში ნახსენები იყო სიტყვა „ღმერთი“. ნაწარმოები აერთიანებს ოთხ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ამბავს, რომელთაც საერთო ქუჩის მისამართი აქვთ და ყველა ისტორია ეიზნერის წარსულის ნაწილია.
რომანში მართლმადიდებელი ებრაელი თავის რწმენას მას შემდეგ კარგავს, რაც ქალიშვილი გარდაეცვლება. მისთვის გაუგებარია ასეთი სასჯელის მიზეზი - ის ხომ ღმერთს ემსახურებოდა და მასთან დადებულიც (ქვაზე დაწერილი) ჰქონდა კონტრაქტი?! საქმეც იმაშია, რომ როშელის სიკვდილის შემდეგ ღმერთი ამოწმებს მთავარი გმირის რწმენას. როშელის მოულოდნელი გარდაცვალების მერე ფრიმე უარს ამბობს ღმერთზე და ხელსაც იღებს ღვთისმოსავ ცხოვრებაზე. სინაგოგის ობლიგაციებით ყიდულობს ძველ ბინას, მკაცრად ექცევა მოქირავნეებს და მისი ქონებაც დროთა განმავლობაში იზრდება. მაშინ როცა ის ღმერთთან დაბრუნებას გადაწყვეტს, უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდება, მისი სული უკვე დასნეულებულია და კვდება გულის შეტევით.
მოჩვენების სამყარო - დანიელ კლოუსი
გრაფიკული რომანი „მოჩვენების სამყარო“ სერიებად გამოდიოდა 1993-1997 წლებში, ხოლო 1997 წელს მკითხველმა იხილა წიგნად და ჟანრის კლასიკადაც იქცა. რომანში ავტორი გვიყვება ორი მეგობრის - რებეკასა და ენიდის ყოველდღიურობას. ფსევდოინტელექტუალმა გოგონებმა 90-იან წლებში დაამთავრეს სკოლა და ახლა უმიზნოდ დახეტიალობენ ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში, რომლის დასახელებასაც ტექსტში ვერ შეხვდებით; აკრიტიკებენ მთელ კულტურას და ინტერესდებიან იმ ადამიანთა საქმიანობით, რომლებსაც ხვდებიან ხოლმე.
ენიდი იმპულსური და ცინიკური პერსონაჟია, რომელიც მის ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს. 18 წლის ენიდი ცდილობს გაამასხარაოს ყველა და მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიიღოს ადამიანებისაგან. „როცა ენიდის პერსონაჟზე ვმუშაობდი, მას აღვიქვამდი პიროვნულ ქმნილებად… შემდეგ მივხვდი, რომ ის იყო ჩემზე ბევრად მეტყველი. თუმცა, ორივეს გვაკავშირებს დაბნეულობა, საკუთარ პიროვნებასთან ჭიდილი და სხვა უამრავი საკითხი, რომელიც მეც - 39 წლის ადამიანს - ისევე მაწუხებს, როგორც 18 წლის თინეიჯერს“, - აღნიშნავს კლოუზი ენიდზე საუბრისას.
საინტერესოა ისიც, რომ სახელი Enid Coleslaw არის Daniel Clowes-ის ანაგრამაა.
„მოჩვენების სამყარო“ - შავი იუმორითა და ფერადი ილუსტრაციებით - ბევრი მოზარდისთვის ერთგვარი მანიფესტი გახდა. კომიქსისთვის წარმატების ახალმა ქარმა მაშინ დაქროლა, როცა შეიქმნა მისი კინოადაპტაცია, რომელიც გამოვიდა 2001 წელს და ოსკარზეც იყო წარდგენილი ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში, რომელზეც დანიელ კლოუსმა და ტერი ცვიგოფმა იმუშავეს.
დაწერე კომენტარი