ბოლო დღეების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში Gucci-სა და Balenciaga-ს კოლაბორაციის შესახებ ხმები ვრცელდებოდა, ოფიციალურად ინფორმაცია არცერთ ბრენდს არ დაუდასტურებია და მხოლოდ ვარაუდები არსებობდა იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება Gucci-ს ახალ შოუს, Arias-ს უკავშირდებოდეს, რომელიც ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ეტაპია ბრენდის ისტორიაში.
გავრცელებული ხმების დასადასტურებლად 15 აპრილს Gucci-ს ჩვენება - Aria ონლაინსივრცეში გაიმართა. Balenciaga-ს მკაცრი სილუეტები და Gucci-ს თვალისმომჭრელი დეტალები ის მახასიათებლებია, რაც ორი დიდი ბრენდის კოლაბორაციაში საუკეთესოდ შეერწყა ერთმანეთს. კრისტალებით გაფორმებული კოსტიუმები ოთხკუთხედის ფორმის მხრებით, ორივე ბრენდის სიმბოლოებით დატვირთული დიდი ზომის ტანსაცმელი, Balenciaga-ს სტილითა და Gucci-ს საკულტო მოტივებით შექმნილი აქსესუარები - ეს ყველაფერი ნაწილია ახალი კოლექციის უამრავი დეტალიდან, რისი ნახვაც უკვე ყველას შეუძლია.
2021-ს Gucci-ს დაარსებიდან 100 წელი სრულდება, შესაბამისად, არ იყო გასაკვირი Kering-ის მფლობელობაში არსებული ორი დიდი ბრენდის ერთმანეთთან დაკავშირება, თანაც მსგავსი შთამბეჭდავი და არასტანდარტული კოლაბორაციები არცერთი მათგანისთვის უცხო არაა, გავიხსენოთ Gucci X North Face ან Balenciaga X Crocs. დემნა გვასალიამაც და ალესანდრო მიკელემაც წელს გადაუხვიეს ტრადიციული მოდის ჩვენების ფორმატიდან და ახლებურ ხედვებს ბოლომდე გაუხსნეს გზა. Balucci (Balenciaga x Gucci) პირველია უდიდეს მოდის სახლებს შორის, რომლებმაც აღიარეს ერთმანეთის სიძლიერე და კოლაბორაციაც კი გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, Dries Van Noten-ისა და Christian Lacroix-ს კოლაბორაციის მომსწრენიც გავხდით 2019 წელს და Miuccia Prada-მ Raf Simons შემატა Prada-ს ჯგუფს, მაგრამ Gucci-სა და Balenciaga-ს კოლაბორაცია მაინც განსხვავებული ფენომენი აღმოჩნდა.
ზედმეტია ალბათ იმის თქმაც კი, რომ ბოლო ერთი კვირაა მოდის სამყარო გადართულია ამ ორი ბრენდის ახალი ხედვის მომავალზე ფიქრში - არავინ არ იცის, როგორ გადაითარგმნება დემნას თანამედროვე სუბკულტურა ალესანდროს მითოლოგიურ სამყაროში.
ფოტოების წყარო:
1. vogue.com
დაწერე კომენტარი