Balenciaga-მ 2021 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია გამოაქვეყნა. 58 ლუქისგან შემდგარ კოლექციაში მოდელები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ღირსშესანიშნავ მონუმენტებთან „ფოტოშოპის“ საშუალებით პოზირებენ. როგორც „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია ამბობს, ამით ნოსტალგიის გამოხატვა სურდა მოგზაურობისადმი, რომელიც პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა. კოლექციის ფოტოებში, რომელთა ფოტოგრაფიც პატრიკ უელდია, ჩანს პარიზი, ნიუ-იორკი, ვენეცია, შანხაი, ლონდონი, ბრიუსელი, ტოკიო, ამსტერდამი და კიდევ მრავალი სხვა ქალაქი, მათი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებით.




კოლექციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ მის ფარგლებში შექმნილი ტანსაცმელი ეკომეგობრულია. გვასალიას თქმით, მას მხოლოდ მდგრადი ქსოვილისგან შექმნილი სამოსის წარდგენა სურდა საზოგადოებისთვის. კოლექცია მრავალფეროვანია - 90-იანების მოდით შთაგონებული „ჰუდები“, მაისურები და ნაქსოვი პერანგები, ყვავილების პრინტებიანი კაბები, ჯინსის ქურთუკები და სხვ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ჰუდი“, წარწერით „GAY Pride“, რომლის შესახებაც გვასალია ამბობს: „მე გეი ვარ. ისეთ საზოგადოებაში გავიზარდე, სადაც ასეთ ტანსაცმელს ვერ ჩავიცვამდი, და არსებობს მსოფლიოში ისეთი ადგილები, სადაც ახლაც კი შეუძლებელია მათი ჩაცმა. მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობიას დავუპირისპირდეთ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ქუჩაში გადის და ყვირის. ამიტომ, რაც შემიძლია, ისაა, რომ მოდის სფეროში ჩავრთო პოლიტიკური აქტივიზმი“.



კოლექციასთან ერთად „ბალენსიაგამ“ ასევე წარადგინა ვიდეო, სახელწოდებით Feel Good, რომელიც კამილა კასპანოვასთან და ენტონ ბიალასთან კოლაბორაციითაა შექმნილი. გვასალიას თქმით, ის იმისთვის შეიქმნა, „რომ აღძრას პოზიტიური ემოციები ისეთი ფოტოებისა და ხმების გამოყენებით, რომლებიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანებს სიამოვნების შეგრძნებას ანიჭებს“.



ფოტოების წყარო: Vogue.com