7 ივლისს, 53 წლის შემდეგ, ფრანგულმა მოდის სახლმა Balenciaga-მ მაღალი მოდის ტანისამოსის კოლექცია წარადგინა. „ჩემი მთავარი მიზანი მაღალი მოდის თანამედროვე კონტექსტში მოქცევა და ახლანდელ აუდიტორიასთან კომუნიკაცია იყო. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ Balenciaga ერთი საუკუნის  ბრენდია. ამიტომ, გარკვეულწილად,  ამ ჩვენებას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს, თუმცა, ამასთან ერთად ხაზს უსვამს იმასაც, რაც მოდის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩემთვის კი მაღალი მოდა ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა“, - ამბობს დემნა გვასალია, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი. გვასალიას თქმით, მისთვის მთავარი შთაგონების წყარო იყო ბრენდის დამფუძნებლის, კრისტობალ ბალენსიაგას  შექმნილი მაღალი მოდის სამოსი, მაგრამ პანდემიამ მას დრო მისცა დასაფიქრებლად და მიხვდა, რომ „არ უნდოდა, კოლექცია მხოლოდ ოდა ყოფილიყო Balenciaga-ს მრავალწლიანი მემკვიდრეობისადმი“. 

 

კოლექციის ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას ცნობილ ატელიეში გაიმართა, რომელსაც  ჩვენებისათვის საგანგებოდ ჩაუტარდა რესტავრაცია.  აღსანიშნავია, რომ წარდგენისას ატელიეში სრული სიჩუმე იყო - არ ისმოდა არც მუსიკა და არც რაიმე სხვა ხმა. კოლექციაში ვნახავთ როგორც გვასალიას სტილისთვის დამახასიათებელ ნამუშევრებს, როგორიცაა 90-იანებით შთაგონებული სპორტული ტანსაცმელი, დიდი ქურთუკები, ფართო სახელოები, გრძელი სმოკინგები და ა.შ., ასევე სამოსს, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის ისტორიასა და მემკვიდრეობას - მოქარგულ ქურთუკებს მკაფიო, კუთხოვანი მხრებით, დახვეწილ კაბებს, მონოქრომულ „ლუქებს“ და სხვ.