22 მაისს ნიუ იორკში, Wall Street-ზე ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენების ადგილის შესაბამისი იყო ყალბ 100-დოლარიანებზე დაბეჭდილი მოსაწვევები. კოლექციის მთავარი შთაგონების წყარო 80-იანი წლების ნოსტალგია და თანამედროვე, ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული სამყაროს კრიტიკა იყო. ჩვენებას ესწრებოდნენ კინოს, მუსიკისა თუ მოდის სამყაროს ვარსკვლავები - ქლოი სევინი, ფრენკ ოუშენი, ფარელ უილიამსი, ასევე კანიე უესტი, რომელიც ჩვენებაზე "ვოგის" ლეგენდარულ რედაქტორ ანა ვინტურთან ერთად მივიდა.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო 80-იანი წლების ოფისებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი, რომელიც აუცილებლად მოგაგონებთ მაიკ ნიკოლსის ფილმს - Working Girl. ზომაზე დიდი პიჯაკები და ჰალსტუხები, ვიწრო კაბები დიდი ბაფთებით და აბრეშუმის პერანგები უცნაურ ჰარმონიაში იყო არასტანდარტული სტილის ფეხსაცმელებთან და ლატექსის ნიღბებთან, რითაც მოდელები იყვნენ წარმოდგენილი და რაც კორპორაციულ სამყაროში ინდივიდების ერთ მასად აღქმას გამოხატავდა.
ჩვენებას მუსიკალურად New York, New York-ის მელანქოლიური ვერსია აფორმებდა, სცენას კი - არაერთი ეკრანი, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ცვლილებები ჩანდა.
ამავე საღამოს დადასტურდა ჭორი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ისმის და ჩვენების მეორე ნაწილი ბალენსიაგასა და ადიდასის კოლაბორაციას დაეთმო, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა ნოსტალგიური პირველი ნაწილისგან და სპორტულ სამოსს წარმოგვიდგენდა.
მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, მოდელების მსგავსად, ლატექსის ნიღბით იყო წარმოდგენილი.
ფოტო: WWD, SCMP
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი