5 მარტს პარიზის მოდის კვირეულზე დიზაინერმა დემნა გვასალიამ Balenciaga-ს 2023 წლის ზამთრის კოლექცია წარადგინა. ეს Balenciaga-ს პირველი ჩვენებაა, მას შემდეგ, რაც დემნა გვასალიამ “კონტროვერსიული” ფოტოსერიისთვის ბოდიში მოიხადა.


პარიზში წარმოდგენილი კოლექცია ნაწილობრივ კრისტობალ ბალენსიაგას დიზაინით არის შთაგონებული და ბოლო ჩვენებებთან შედარებით, უფრო მინიმალისტურია, მაგალითად, ბოლო კოლექციებისგან განსხვავებით, ლოგოები საერთოდ არ იყო გამოყენებული.

 


Balenciaga-ს ჩვენების მოსაწვევის დიზაინიც, რომელიც ხშირად “პროვოკაციულია” ხოლმე, მინიმალისტური იყო. მოსაწვევ ბარათზე დემნას ტანსაცმლის დიზაინის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, სადაც დიზაინერი განმარტავს, რომ ბოლო დროს მოდა მისთვის გართობასთან იყო ასოცირებული, რაც მან გადაიაზრა და ტანსაცმლის დიზაინის "ესენციას" დაუბრუნდა: 

 

“მოდა გართობის ნაირსახეობად იქცა, თუმცა ეს ნაწილი ხშირად მის ესენციას ჩრდილავს, რომლის არსიც ფორმებსა და სილუეტებშია… იმის მიხედვით, თუ როგორ "ურთიერთობს" ნაჭერი სხეულთან, როგორ გამოგვყავს მოხაზულობა, ტანსაცმელს შეუძლია შეგვცვალოს.

ბოლო თვეებში ჩემი მოდისადმი სიყვარულისთვის თავშესაფრის პოვნა დამჭირდა, რომელიც ტანსაცმლის შექმნის პროცესში აღმოვაჩინე. ამან კიდევ ერთხელ შემახსენა მოდის საოცარი ძალა, რომელიც თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. სწორედ ამიტომ მოდა ჩემთვის ვეღარ იქნება უბრალოდ გართობა, არამედ ის ისევ ტანსაცმლის შექმნის ხელოვნებაა”.

 

 

აღსანიშნავია რომ Balenciaga-ს ამ ჩვენებაზე ქართველი მოდელი - დეა თავაძე მონაწილეობდა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე