მას შემდეგ რაც გრეტა გერვიგის, ბარბის, პრესტურები და პრემიერები ოფიციალურად დაიწყო, მთელი მსოფლიოს მოდის მოყვარულთა ყურადღება თანამედროვე ბარბის, მარგო რობის, სტილისტის, ენდრიუ მაქამალისკენ არის მიმართული. 

 ახალგაზრდა სტილისტის კარიერა არაერთ ცნობილ ვარსკვლავსა თუ ჟურნალთან თანამშრომლობას ითვლის, თუმცა მისი ცნობილი კლიენტის, მარგო რობის, მონაწილეობამ 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში, ენდრიუს პოპულარობა ერთიორად გაზარდა. 


margot-robbie-as-barbie.jpg 103.08 KB

მე-20 საუკუნეში დაბადებული ლეგენდარული პერსონაჟი სტილისა და სილამაზის ხატად აღიქმებოდა. ბარბის ლამაზი ფერადი, განსაკუთრებით ვარდისფერი ჩაცმულობა თითქოს წარსულს ჩაბარდა, მანამ სანამ ახალგაზრდა რეჟისორმა, გრეტა გერვიგმა, ბარბისა და კენის გაცოცხლება არ გადაწყვიტა. ავსტრალიელი მსახიობის საკულტო პერსონაჟის როლზე დამტკიცებისა და ფილმის პრემიერის თარიღის დასახელებამ მსოფლიო კინო თუ მოდის სამყარო ახალი ტრენდის აღზევებისათვის მოამზადა. ვარდისფერი, ბარბის სამოსით ინსპირირებული კოლექციები თვეებით ადრე უკვე გამოჩნდა მას-მარკეტებზე გათვლილ თუ დიდი ბრენდების კოლექციებში. თუმცა, ბარბის ახალი თავგადასავალი, რომელიც ამჯერად არა პატარა გოგონების, არამედ თითქმის ყველა ასაკის ქალბატონის ყურადღებას იქცევს, მარგო რობის წითელ ხალიჩაზე გამოჩენით იწყება.

 მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პოპულარობას უზარმაზარი მარკეტინგის ბიუჯეტი და პოპულარული სამსახიობო გუნდიც განსაზღვრავს, მოდის სამყაროში მისი ასეთი სწრაფი აფეთქება ყველაზე მეტად სწორად შერჩეული კოსტიუმების დამსახურებაა.  ვარდისფერი ბარბის ფერია, 33 წლის ავსტრალიელი მსახიობის სტილისტის ჭკვიანური ნაბიჯებით კი თითოეულ ლუქს სილამაზესთან ერთად გარკვეული დანიშნულებაც აქვს. წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი მარგო რობის ზღაპრული კაბები და სამოსი ბარბის ლეგენდარული ლუქების რიმეიქია, მათი უმეტესობის შექმნა კი თანამედროვეობის უდიდეს დიზაინერებსა თუ მოდის სახლებს ევალებათ. 


GettyImages-1505524318-a4a55f3e86834ec8ab9d607a41e62d30.jpeg 106.38 KB

ენდრიუ მაქამალს სტილის გასაოცარ შეგრძნებასთან ერთად თანამედროვე რეალობისათვის აუცილებელი სწორი ალღოც აქვს, რომელმაც ზუსტად იცის დროის გარკვეულ მომენტში საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ჩაცმულობის რა ასპექტებით არის შესაძლებელი. Სიშიშვლისა და ზედმეტი ვულგარულობისგან თავისუფალი სტილისტი მუდმივად სწორად ასრულებს მოცემულ დავალებას და პერსონაჟისა და თუ ვარსკვლავის სახეს შესაფერისად წარმოაჩენს. Სწორედ ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს სოციალურ მედიაში ვულკანივით არის ამოფრქვეული და თითოეული ჩვენგანის სიახლეების ველზე შეუცვლელ ადგილს იკავებს. მუდმივად მოღიმარი და მხიარული ბარბი, მარგო რობი, ფილმის პიარ-კამპანიის დროს, პერსონაჟის ბანალურობის მიუხედავად, მუდმივად ახერხებს შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა, დახვეწილობა და სისადავე. 



 ბარბის ამპლუაში მარგო რობის საზოგადოების წინაშე პირველი გამოჩენა ატელიე ვერსაჩეს სამოსით სეულში დაიწყო. 1985 წლის ბარბის ლუქები რეალობად დონატელა ვერსაჩემ აქცია. 2 ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული სტილის - Day to night - ლუქით ენდრიუ მაქამალმა პირველი წარმატებული სვლა გააკეთა. შემდეგ იყო ჯერემი სკოტის ვარდისფერი კრისტალებით გაფორმებული სამოსი, რომელიც 1964 წლის Sparkling Pink-ის ინსპირაციით შეიქმნა. თუმცა, სტილისტის განსაკუთრებული ოსტატობა ენდრიუ მაქამალმა ლოს-ანჯელესში, ბარბის მალიბუს ოცნების სახლში გამართული პრემიერის დროს გამოამღავნა. Solo in the spotlight, 1960 წლის შავი, კრისტალებით გაწყობილი ბრჭყვიალა კაბა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ბარბისათვის დამახასიათებელი, თუმცა არა ვარდისფერი ლუქია. Schiaparelli-ის მიერ შექმნილი თითოეული დეტალი თოჯინის იდენტური ინტერპრეტაციაა, რაც რობისა და მაქამალის დუეტს კიდევ უფრო მეტად ჯადოსნურს ხდის. საბოლოოდ კი, ფილმის სამსახიობო გუნდი გრეტა გერვიგთან ერთად “ბარბის” ევროპის პრემიერისათვის ლონდონში შეიკრიბა. Საღამოს მთავარი ვარსკვლავის შემოსვაზე პასუხისმგებელმა, ენდრიუ მაქამალმა მოდის კრიტიკოსებსა თუ მოყვარულებს იმედები არც ამჯერად გაუცრუა და მსახიობი 1960 წლის Enchanted Evening-ის ინსიპირაციით შექმნილი Vivienne Westwood-ის ვარდისფერი კაბით შემოსა. 



 ენდრიუ მაქამალის პროფესიონალიზმმა საზოგადოებას აჩვენა, რომ ბანალური და მარტივად პროგნოზირებადი პერსონაჟის მიღმაც კი შესაძლებელია, დახვეწილი და გემოვნებიანი სტილის შექმნა, მაშინაც კი, თუ დავალება ზრდასრულთათვის გაცოცხლებული ბარბის პერსონაჟის შემოსვაა.