2018 წელს სამხრეთ კალიფორნიაში მასობრივი ხანძარი მძვინვარებდა, რომელმაც არაერთ სიცოცხლესთან ერთად მნიშვნელოვანი არქიტექტურული არტეფაქტებიც შეიწირა. მე-19 მე-20 საუკუნეში მოღვაწე არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაითის მალიბუში არსებული ერთადერთი პროექტიც, სახელად Arch Oboler Complex კატასტროფამ იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დანახშირებული სახლის ნანგრევები შემორჩა, მთავრობის რეგულაციის მიხედვით, ხანძრის შედეგად დაზიანებული ყველა სახლი უსაფრთხოების მიზნით გაანადგურეს. მოგვიანებით ფრენკ ლოიდ რაითის ფონდმაც დაადასტურა, რომ ცნობილი და თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ინოვატორის შემოქმედების ნიმუში მთლიანად განადგურდა.
დღეს მიწა, რომელზეც ერთ დროს გენიალური არქიტექტორის შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში იდგა, ახალ მეპატრონეს ელის. 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 7,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქონების აღწერილობაში ნათქვამია, რომ მეპატრონეს შეუძლია აღადგინოს კომპლექსი ან საკუთარი ხედვით თავად შექმნას ახლებური, მაგრამ ამ მიწის მფლობელს შეეძლება რაითის გენიალურობა განიცადოს. არქიტექტორის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ რაითის აუშენებელი პროექტების პოლიტიკას, რომ ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც აშენდება არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ, შეიქმნება არა მისი გეგმების მიხედვით, არამედ ხელოვანის მიერ მიღებული შთაგონებით. ეს პროექტები საჭიროებს ახლებურ ინტერპრეტაციას, მაგალითად, როგორ ააშენებდა ამ ნაგებობას თავად რაითი, ან რა მასალებს გამოიყენებდა თანამედროვე სამშენებლო გარემოში არსებული რესურსებიდან. ფონდის წარმომადგენელმა კომენტარები იმის შესახებ, აღდგება თუ არა განადგურებული არქიტექტურული ნიმუში ფრენკ ლოიდ რაითის სახელმძღვანელოს მიხედვით, უპასუხოდ დატოვა.
სამხრეთ კალიფორნიაში, კერძოდ, მალიბუში მდებარე ეს არქიტექტურული არტეფაქტი 1940-იან წლებში ფრენკ ლოიდ რაითს მწერალმა არჩ ობოლერმა და მისმა მეუღლემ, ელეონორმა შეუკვეთეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაითმა მამული წყვილისა და მათი 4 შვილისათვის დააპროექტა, თუმცა ორიგინალ პროექტში არსებული 4 ნაგებობიდან მხოლოდ 2 აშენდა: კარიბჭე, რომელიც მისაღებ ოთახს, სამუშაო ადგილს, საძინებელს, აბაზანასა და ცხენებისთვის თავლას მოიცავდა, ხოლო მეორე შენობა ელეონორის პირადი სივრცე იყო, რომელსაც სახელად ელეონორის უკან დახევა ეწოდა. სხვა დაგეგმილი შენობები კინოსტუდია, თავლა და ე.წ. პადოკს უნდა ყოფილიყო.
1940-იან წლებში აგებული შენობა, მამულის აღდგენა და რეაბილიტაცია ხანძრამდე 5 წლით ადრე, 2013 წელს ჩატარდა. სანტა მონიკას მთაზე მდებარე მიწა სულ მალე დიდებას დაიბრუნებს და დაახლოებით საუკუნის წინ გამორჩეული არქიტექტორის მიერ მინიჭებულ სიცოცხლეს ხელმეორედ დაიწყებს.
ფოტო : Architectural Digest
დაწერე კომენტარი