27 მაისს She’s Next Empowered by Visa-ს ფარგლებში გამართული კონკურსის დასკვნითი დღე წარმატებით დასრულდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. She’s Next, Visa-ს გლობალური კამპანიაა და მიზნად ისახავს, სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებით, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესი და ქალი მეწარმეები. წელს, Visa-მ დიზაინის ინსტიტუტისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, პირველად საქართველოში She’s Next in Design კონკურსი ჩაატარა ციფრული კრეატიული დიზაინის, ციფრული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების კატეგორიაში. გთავაზობთ გამარჯვებულებთან ინტერვიუს - მარიამ ღოღაძე, ბაია ლომსაძე და ხატია ბასილაშვილი ვრცლად მოგვიყვებიან She’s Next კონკურსის მრავალფეროვანი, საინტერესო გამოცდილების შესახებ.
მარიამ ღოღაძე: ArtOa.io არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელოვნებას და ტექნოლოგიას აერთიანებს ერთ სივრცეში, კონკრეტულად კი კედლის მხატვრობას. პლატფორმა დაკავშირების უნიკალურ გზას სთავაზობს კედლის მხატვრებსა და დამკვეთებს, ციფრულად მართავს მათ კომუნიკაციას და პროცესს - იდეიდან შესრულებამდე. ArtOa მომხმარებლებს სთავაზობს სრულიად ციფრულ გამოცდილებას, რაც არა მხოლოდ ზოგავს დროს, არამედ აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამარტივებს, აჩქარებს და მეტად გამჭვირვალეს ხდის კედლის მხატვრობის ინდუსტრიას როგორც ადგილობრივად, ისე გლობალური მასშტაბით.
ბაია ლომსაძე: იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა, სადაც ვეძებთ, აღმოჩენებს მთელი გულით გიზიარებთ და ამაყად ვსაუბრობთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. სახელწოდებაც ჩემი და ჩემი მეუღლის შეხვედრის თვის მიხედვით შევარჩიეთ: იგრიკა ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო. მიმდინარე წლიდან ჩვენი სახელოსნო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, გავცდით ჩვენს სივრცეს და ინტერიერის მასშტაბურ პროექტებზეც დავიწყეთ მუშაობა. 2024 წლიდან კი საბავშვო ხაზი “რტო” დავამატეთ - სამაგიდო თამაშის სახით, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების სიყვარულით შეიქმნა.
ხატია ბასილაშვილი: ჩემი ბიზნესის კონცეფცია მთლიანად დაფუძნებულია ბუნების სიყვარულსა და მასთან სიახლოვეზე - ინდიგოფერა არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ველური ბუნებისადმი სიყვარულს, ტრადიციულ მცენარეულ საღებავებსა და მდგრად მოდას. ყველაფერი იწყება საღებავი მცენარეებით და სრულდება იმ უნიკალური ქსოვილებით, რომლებსაც ჩვენი ხელით ვქმნით. პროდუქცია მთლიანად ნატურალურია, ვიყენებთ მხოლოდ მცენარეულ საღებავებს, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვზრდით, ვქმნით ნატურალური აბრეშუმის შარფებს ბუნებრივი საღებავებისა და ეკო-პრინტის დახმარებით, თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება და უნიკალურია. ამავდროულად, საქართველოს ისტორიაში პირველად, გავაშენეთ საღებავი მცენარის - ინდიგოს ბაღი და ვიღებთ ნატურალურ ლურჯ ფერს. ჩვენი ბრენდი აერთიანებს მდგრად მოდასა და უნიკალურ ხელოვნებას - ყოველი ნამუშევარი იქმნება მცენარეების, ფერების და მშვიდი ცხოვრების სიყვარულით.
რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენი ბიზნესისთვის She's Next in Design კონკურსს? როგორია პროექტის ფარგლებში თქვენი გამოცდილება და მიღებული ცოდნა?
მარიამ ღოღაძე: She’s Next in Design პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ArtOa იმსახურებს გლობალურ აღიარებას. ჩვენთვის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად მნიშვნელოვანია ის კავშირები, რასაც პროექტი გვთავაზობს. პროექტი შთამბეჭდავადაა ორგანიზებული; მისი საშუალებით მივიღეთ არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სიღრმისეული მენტორობა და ინსპირაცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ქოუჩინგის სესია, სადაც შინაგანად, ემოციურად მოვემზადეთ სფიჩისთვის.
ბაია ლომსაძე: She's Next პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ახალი და შთამბეჭდავი გამოცდილებაა. მიხარია, რომ Visa ასეთ შესაძლებლობას ქმნის ქალი მეწარმეებისთვის საქართველოში. მასტერკლასის სესიების განმავლობაში - მენტორებმა თითოეულ მონაწილეს საკუთარი ბიზნესი ახალი კუთხიდან დაგვანახეს როგორც განვლილი გზა, ისე მისი განვითარების საშუალებები. ამასთანავე მივიღეთ პროფესიონალური რჩევები, რომ არაფერი ვთქვათ მათ ემოციურ მხარდაჭერაზე. საბოლოო დავალება დიდი გამოწვევა იყო, გულწრფელად რომ გითხრათ, pich deck-ზე არასდროს არ გამოვსულვარ და ძალიან ვღელავდი.
ხატია ბასილაშვილი: She's Next პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ეს არ იყო მხოლოდ კონკურსი, ეს იყო პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი გამოცდილება.. პროექტი დამეხმარა, თავიდან შემეფასებინა ჩემი ხედვა, ჩემი ფერები და ჩემი ამბავი. She's Next გახდა ჩემთვის ერთგვარი „გაჩერება“, სადაც დავფიქრდი, როგორ მინდა ჩემი საქმიანობის სამომავლოდ გაგრძელება - არა მარტო როგორც ბიზნესის, არამედ როგორც პლატფორმის, რომელიც სხვა ადამიანების შთაგონების წყაროდ იქცევა - აფასებს ბუნებას და ქმნის განსხვავებულ პროდუქტს.
მოგვიყევით თქვენი ბიზნესის სამომავლო გეგმებსა და მის პოტენციალზე, როგორ გამოიყენებთ საგრანტო პრიზს და რა არის თქვენი მიზნები და მომავლის ხედვები ბიზნესთან დაკავშირებით?
მარიამ ღოღაძე: ArtOa-ს ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაშია ფოკუსირებული, ჩვენ გვინდა გავხდეთ გლობალური პლატფორმა კედლის მხატვრობისთვის, რომელიც გააერთიანებს კედლის მხატვრებს და დამკვეთებს მსოფლიოს მასშტაბით. She’s Next-ის გრანტი მოხმარდება ArtOa-ს პოზიციონირებას სამიზნე არხებზე. ჩვენ ვგეგმავთ ინვესტირებას მარკეტინგულ კამპანიებში, რაც გაზრდის ბრენდის ცნობადობას და დააჩქარებს პლატფორმის ზრდას. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ინოვაცია, რომელსაც ArtOa ქმნის, რეალურ პრობლემას აგვარებს და ციფრულ ეპოქაში კედლის მხატვრობის ხელმისაწვდომობასა და კომერციალიზაციას ახალ დონეზე აჰყავს. ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს: პლატფორმის საერთაშორისო სკეილირებას ევროპისა და GCC რეგიონებში; აპლიკაციის გაშვებას, რომელიც მომხმარებლებს მობილური სიმარტივით მისცემს წვდომას AI/AR დიზაინზე; B2B სეგმენტზე მასშტაბირებას - ბიზნესებისთვის პერსონალიზებული კედლის არტის შეთავაზებას ოფისებში, სასტუმროებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში; და ბოლოს, ჩვენი მისიაა, რომ კედლები აღარ დარჩეს უხმოდ. ჩვენ გვჯერა, რომ კედელი ერთგვარი ტილოა, რომელიც ელოდება ამბის თხრობას. ArtOa is the next - იმიტომ, რომ კედლებს ხმა აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ეს ხმა ყველას მისწვდეს.
ბაია ლომსაძე: იგრიკას ნამუშევრების შეძენა, ძირითადად, ონლაინ არის შესაძლებელი, გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გაყიდვები. ბაზრის გაფართოებისთვის მაისში დავრეგისტრირდით Etsy პლატფორმაზე, სადაც შეგვიძლია როგორც ხელნაკეთი, ისე ციფრული პროდუქტები დავამატოთ, ეს უკანასკნელი კი ძალიან დიდ დროსა და რესურსებს დაგვიზოგავს. ამასთანავე ვგეგმავთ განვავითაროთ იგრიკა ინტერიერის მიმართულება. მიმდინარე წლის პროექტები მიზნად ისახავს ქართული კულტურის, როგორც მსოფლიო საგანძურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას - იქნება ეს ციფრული მედია, ფესტივალები, საერთაშორისო გამოფენები, საბავშვო თამაშები თუ მასტერკლასები. მიღებული გრანტით შევძლებ განვაახლო ტექნიკა და დავიწყო მუშაობა ჩვენს ახალ ციფრულ პროექტზე. როგორც იცით იგრიკას წლევანდელი საკომუნიკაციო თემა ქართული ხალხური ზღაპრები და მისი გასაოცარი სიმბოლოებია. პირველწყაროებში მოძიებულ სიტყვებს გრაფიკულ ჩანახატებს ვუკეთებ, მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს ვუსადაგებ და ქართულ და ინგლისურ ენებზე ვყვები მათ შთამბეჭდავ შინაარსებზე, ამიტომ წინ ძალიან საინტერესო და საამაყო ამბები გელოდებათ.
ხატია ბასილაშვილი: მოგებული გრანტით პირველ რიგში ვფიქრობ შევქმნი მცირე სტუდიას - სივრცეს, სადაც ბუნებრივი საღებავებით და ბოტანიკური ბეჭდვის ტექნიკით ვიმუშავებ და სადაც ჩემს ცოდნას გავუზიარებ სხვებსაც. ასევე, შევიძენ აბრეშუმის და ბამბის ქსოვილებს, გრანტის ნაწილს გამოვიყენებ ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად და ონლაინ კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. ინდიგოფერას სამომავლო ხედვა მოიცავს როგორც ეკოლოგიური/მდგრადი მოდის განვითარებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანსაღი სამოსის მიწოდებას და გარემოზე ზრუნვას. ჩემი მთავარი მიზანია შევქმნა მდგრადი სისტემა, სადაც ეკოლოგია, ხელოვნება და სოციალური ზემოქმედება ერთმანეთს ერწყმის. ვგეგმავ პროდუქციის ხაზის გაფართოებას, ქსოვილების მრავალფეროვნების შემოტანას, შარფებისა და სხვა სახის სამოსის დამატებას. რაც მთავარია, მცენარე ინდიგოს წარმოების გაფართოებას და საქართველოში ინდიგოს პიგმენტის კომერციულად წარმოებას. საერთაშორისო ბაზარში გასვლამდე, ჩემთვის მნიშვნელოვანი საქართველოში მყარად არსებობაა, რადგან ქართველი ხალხისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჯანსაღი ქსოვილი, ისეთი ნაწარმი, რომელიც მათზე დამაზიანებლად კი არ მოქმედებს, პირიქით, აჯანსაღებს. მინდა Indigofera გახდეს მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს შთამაგონებელი, ეკოლოგიური და პასუხისმგებლობიანი.
დაწერე კომენტარი