თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 22 ივნისს TEC-ში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, რომელმაც წარსული და აწმყო სცენაზე გააერთიანა და დასამახსოვრებელი მომენტები შექმნა, ასევე წარდგნენ ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია, რომელთან ერთადაც ნანი ბრეგვაძემ ახლებური ინტერპრეტაციით და თანამედროვე ელემენტებით შექმნილი “მთვარეო” შეასრულა.

„გზები მაინც გამინათე, მთვარეო“ - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ქართული სიმღერა - 1973 წელს გოგი ცაბაძემ კინოფილმ „ვერის უბნის მელოდიებისთვის“ შექმნა მორის ფოცხიშვილის ლექსზე. ფილმში ამ სიმღერას სწორედ ნანი ბრეგვაძე ასრულებს და მას შემდეგ ის ლეგენდარული მომღერლის შემოქმედებისა და მუსიკალური კარიერის საკვანძო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული სიმღერა გახდა.

ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძემ და Kordz-მა ერთობლივად შექმნეს “მთვარეოს” ახლებური ვერსია. თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნამუშევარს მუსიკალური ვიდეორგოლიც მიეძღვნა. კონცერტზე მუსიკოსებმა სიმღერის ახალი ვერსია კიდევ ერთხელ გააჟღერეს.