„ახალი ქალი გამოგონილი ცნობილი ადამიანია, რომელიც მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა აღარ ყიდულობს მოდურ და თანამედროვე ტანსაცმელს, რადგან სურს ყველასგან განსხვავებული იყოს, უკვე ძალიან იღლება იმ ყურადღებით, რასაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აქცევენ. ამიტომაც მუდმივად სათვალეებს ატარებს. მის ერთ-ერთ სათვალეს  კი “Haters Gonna Hate" ჰქვია.

 

ცოტა ასოციალურია. ძალიან უყვარს ცხოველები  და ოთხფეხა მეგობრებს საკუთარ პრობლემებს  ხშირად უყვება, რადგან ფიქრობს, რომ ცხოველები მას უკეთ გაუგებენ, ვიდრე ადამიანები. სამწუხაროდ, მისი ინტელექტისა და დახვეწილი ჩაცმულობის მანერის გამო, ყველას სასტიკი ადამიანი ჰგონია“. - გვიყვება KEBURIA თავისი 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შესახებ.



SS21 კოლექცია ატმის, პიტნის, ლავანდისა და პასტელური იასამნისფერის პალიტრით, აბრეშუმის, ვარდისფერი  ორგანზისა და ვისკოზის ქსოვილებით არის წარმოდგენილი. კოლექცია მეზღვაურების უნიფორმებით არის შთაგონებული. დიდი ზომის საყელოები, რომლებიც ბრენდმა სხვადასხვა დროს  სხვადასხვა ფორმით წარმოადგინა, ორგანზას ბლუზები, რომელსაც ბუშტის სტილის დიდი სახელოები აქვს, აბრეშუმის კაბები ლამაზი მოსასხამებით და ვინტაჟური პიჯაკები, რომლებიც ასევე  ვინტაჟური  სტილის ღილებით არის გაფორმებული - ეს არის  ბრენდ ქებურიას 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია.