მენორკა ბალეარის კუნძულებიდან ერთ-ერთია, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის და ხმელთაშუა ზღვის ყველაზე უნიკალური კურორტია, საკუთარი ეკოსისტემით, ულამაზესი ხედებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, რომელიც აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს აერთიანებს.
წლების მანძილზე მენორკა ესპანეთის მალული საგანძური იყო, რომლის მიწაზეც ხშირად გლობალური კონფლიქტები იმართებოდა. თუმცა, 90-იანებიდან მოყოლებული მენორკა ნელ-ნელა ულამაზეს კურორტად იქცა. მენორკაში არაერთი ულამაზესი ტრადიციული და თანამედროვე სასტუმროა, რომლებიც სტუმრებს იდილიურ ატმოსფეროს და სიმყუდროვეს სთავაზობენ.
Menorca Experimental Cala Llucalcari-ის სანაპიროსთან მდებარე სასტუმროა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი ფერმის ტერიტორიაზეა აშენებული და 43 ოთახს და 9 პრივატულ ბუნგალოს მოიცავს.
Menorca Experimental-ის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ ის თითქმის მთლიანად ველური ბუნებით და ვენახებით არის შემოსაზღვრული, სადაც უგემრიელესი ღვინო იწურება.
იმის გამო, რომ მენორკა UNESCO-ს დაცული ტერიტორიაა, სასტუმროები ძირითადად ძველ შენობებში და ყოფილი ფერმების ადგილას არის განთავსებული. ერთ-ერთი ასეთი სასტუმროა Son Blanc Farmhouse, რომელიც Atelier du Pont-ის და ARU Arquitectura-ს დახმარებით, ბენედიქტა ლინარეს პიერსმა და ბენუა ბელეგრინიმ ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ გახსნეს. აქ დარჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დღეები გაატაროთ ზეთისხილის ხეების ბაღებში.
კუნძულის დედაქალაქი მაონი, Son Blanc Farmhouse-იდან სულ რაღაც 20 წუთის გზაზეა, სადაც დღის დიდი ნაწილი შეგიძლიათ გაატაროთ. მაონის პორტის გარშემო ბევრი ახალი და ტრადიციული რესტორანია, რომლებიც სტუმრებს უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებიან. შეგიძლიათ ახლად დაჭერილი თევზისგან დამზადებული კერძები პირდაპირ მაონის თევზის ბაზრობაზე დააგემოვნოთ, ან შეგიძლიათ რესტორან Salitre-ს ესტუმროთ, რომლის ტერასაც პირდაპირ ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.
თუ გსურთ, რომ დრო ძირითადად სანაპიროზე გაატაროთ, აქ რამდენიმე უნიკალური პლაჟია, მათ შორის Cala Algaiarens, რომელსაც არც ისე ბევრი ვიზიტორი ჰყავს და ამიტომ აქ მუდამ ყოველთვის სიმყუდროვეა.
აღსანიშნავია, რომ მენორკას საინტერესო წარსული აქვს და აქ ბევრი ისტორიული ძეგლია, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს, მათ შორისაა La Mola-ს ციხესიმაგრე, სადაც ღვინო ომის პერიოდებშიც კი იწურებოდა და რომელიც ლაბირინთული სანგრებით არის გარშემორტყმული.
დაწერე კომენტარი