მიუხედავად იმისა, რომ მოდის სფერო გენდერული სტერეოტიპების დარღვევას ყველაზე მეტად უწყობს ხელს, დიზაინერ ქალთა სიმცირე მაინც შეინიშნება. თუმცა, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში არიან დიზაინერი ქალები, რომლებიც მოდის სფეროს ისტორიაში შემოქმედებისა და კრეატიული ხელწერის დახმარებით, საკუთარ სახელებს ოქროს ასოებით წერენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია 50 წლის ბრიტანელი დიზაინერი - ფიბი ფაილო. ახალგაზრდა, მინიმალიზმითა და ელეგანტურობით განთქმული დიზაინერი სტელა მაკარტნისთან ერთად Chloé-ში წარმატებული მუშაობის შემდეგ, 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ფრანგული მოდის სახლის, Celine-ის კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა და 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მართვის სადავეები ედი სლიმანს გადასცა, ბრენდის შემოქმედება მოდის მოყვარულთათვის 2 ეტაპად გაიყო: Old Celine და New Celine. ერთ თვეში ბრიტანელი დიზაინერი მოდის სფეროს სარბიელს 5-წლიანი პაუზის შემდეგ საბოლოოდ დაუბრუნდება. 2021 წელს ფიბი ფაილომ საკუთარი ბრენდის, Phoebe Philo-ს შექმნა დააანონსა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველ კოლექციას 2023 წლის სექტემბერში წარმოადგენს. კოლექცია 150 ლუქისაგან იქნება შემდგარი და გასაკვირი არ არის, რომ ლეიბლის პირველი კოლექციის სახე ფაილოს ფავორიტი კანადელი მოდელი, დარია ვერბოვი იქნება.
ფაილოს ფენომენალური წარმატება Celine-ში მისმა ხედვამ განაპირობა - თითოეულ ჩვენებაზე და კამპანიაში აქცენტი მუდმივად კეთდებოდა სამოსსა და ბრენდის მიერ წარმოებულ აქსესუარებზე - მინიმალისტური ესთეტიკით გაჯერებულმა ლუქებმა, სარეკლამო კამპანიებმა თუ მოდურმა ჩვენებებმა ახალგაზრდა ენერგიული დიზაინერის ხელში არსებული ფრანგული მოდის სახლი ნელ-ნელა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად აქცია. თუმცა, ედი სლიმანის დროს Celine-ს ბრენდის ძველი დიდება არ დაუკარგავს. Old Celine-ის გაყიდვები თითქმის არასდროს შეჩერებულა და resale პლატფორმებზე კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად რჩებოდა. მას შემდეგ, რაც ფიბი ფაილომ დიზაინერის რანგში დაბრუნება და საკუთარი ბრენდის შექმნა დააანონსა, ძველი Celine-ის კოლექციების ძებნის სიხშირემ პლატფორმებზე 70%-ით იმატა. მოდის სფეროს მთავარი ფენომენი კი სწორედ ეს არის - ძველი მუდმივად ახალზე მეტად მოთხოვნადია. მაგრამ რა იწვევს ფიბი ფაილოს გაუნელებელ პოპულარობას, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდის სფეროს 5 წელია მისი ნამუშევრები აღარ უხილავს.
ფიბი ფაილო ქალია, რომელიც ქმნის ქალებისათვის. Მან კარგად იცის, თუ როგორ შექმნას მათთვის სამოსი, რომელიც ერთდროულად პრაქტიკული, ფასეული, მამაკაცების მზერას მოკლებული, თუმცა ელეგანტური და დახვეწილი იქნება. მოდის კრიტიკოსების აზრით, ბრიტანელმა დიზაინერმა მოდის ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა. Celine-ში მის გამოჩენამდე ნაკლებად ფიქრობდნენ ისეთ დიზაინზე, რომელიც პრაქტიკულობის შეგრძნებას იწვევდა და ქალებისათვის სწორედ ასეთი სატარებელი იქნებოდა. იგი თითქმის ყველა ქალის ფეხსაცმელს იცვამდა და ცდილობდა თითოეული მათგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში სამოსის კომფორტული და თავდაჯერებული ხასიათით შეეღწია. ხშირად მას ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერს, ივ სან ლორანსაც ადარებენ, რომელმაც ერთ დროს, მაშინ როცა ქალთა უფლებები ჯერ კიდევ საკამათო საკითხი იყო, ქალბატონებისათვის სმოკინგი შექმნა და ამით მათ სიძლიერეს, ერთდროულად ფემინურ და მასკულინურ ბუნებასა და ელეგანტურობას გაუსვა ხაზი. ფიბი ფაილომ კი თანამედროვე ქალის ოცნება რეალობად აქცია - დატვირთული ცხოვრების წესისა და დამღლელი რუტინის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ეცვათ მოხდენილად და პრაქტიკულად, ისე რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს არ გამორიცხავდეს.
მოდის კრიტიკოსების აზრით, ფიბი ფაილოს Old Celine-ს აქვს პოტენციალი, რომ წლების გასვლის შემდეგ resale პლატფორმებზე ისეთივე რეპუტაცია ჰქონდეს, როგორც დღეს მოდის გიგანტებს - Chanel-ს და Hermès-ს აქვთ, რადგან ესთეტიკური მიმზიდველობის მიუხედავად ბრიტანელი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსისა და აქსესუარების ხარისხი და სიცოცხლისუნარიანობა წარმოუდგენლად მაღალია. თუმცა, 2-წლიანი მოლოდინის შემდეგ ახლა ასპარეზი Phoebe Philo-ს ეთმობა, მოდის სფეროს მომავალ ნათელ წერტილს, რომელიც ბრიტანელ დიზაინერს აუდიტორიასთან დაბრუნებისა და გარკვეულწილად, ინდუსტრიის ახალი რეალობის შექმნის შანსს აძლევს.
დაწერე კომენტარი