კორტნი როი კანადელი ფოტოგრაფია, რომლისთვისაც საინტერესოა ყოველივე “გროტესკული”, რაც ადამიანურ ბუნებას და აქტივობას ახლავს თან. მისი კინემატოგრაფიული სტილი დიდწილად 60-იანი და 70-იანი წლების ჰორორით, პორნოგრაფიით და სამხრეთამერიკული გოტიკით არის შთაგონებული.
როის ფოტოგრაფიაში ხშირად შეხვდებით 60-იანი წლების თრილებისთვის სახასიათო სიუჟეტებს და პერსონაჟებს: ქალის და პიჯაკში ჩაცმული კაცის კონფრონტაცია, თვითმკვლელობა მივარდნილი მოტელის ოთახში და ა.შ.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ფოტოსერია - carte blanche, რომელიც როიმ pernod ricard-ის მოდელების დახმარებით ლას ვეგასში გადაიღო.
ამასთანავე, ამ სიუჟეტებს და მოტივებს კორტნი როი ხშირად იყენებს თანამედროვე ამერიკული ტრადიციების წარმოსაჩენადაც. ეკონომიკური ბუმის დროს ქვეყნის შიდა ტურიზმი აშშ-ში საკმაოდ პოპულარული გახდა - ოჯახები ზაფხულობით ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა შტატს და ქალაქს. თუმცა, ეკონომიკური პროგრესის შენელებასთან ერთად, დარჩა მხოლოდ მომაკვდავი ინფრასტრუქტურა, მივარდნილი “დაინერები”, სასტუმროები ჭუჭყიანი ნიშნებით… და ამ წმინდად “ამერიკულმა” ესთეტიკამ როის ფოტოებში ერთობ სიურრეალისტური სახე მიიღო.
ფოტოსერია - The Tourist დიდწილად სწორედ ასეთ ნამუშევრებს აერთიანებს და ის მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელიც მაიამიში და კანკუნში საკუთარი თავის აღმოსაჩენად ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ “თავის აღმოჩენა” რელიგიურ გამოცდილებას უნდა ჰგავდეს, The Tourist-ის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ფოტოებზე თვითონ როი ასახავს, საკმაოდ ზედაპირულია და უბრალოდ ჰედონიზმს მიმართავს და ბანალურ “არდადეგების ფოტოებს” იღებს.
“დასვენების და შვებულების ფოტოების გადაღებისას ჩვენ ხშირად ამ თავგადასავლის იდეალიზებას ვცდილობთ, თუმცა კარგად თუ დავაკვირდებით, ფასადს ბზარები აქვს ხოლმე”. ეს თემატიკა, კერძოდ კი გარკვეული გამოცდილებების იდეალიზება და გროტესკული რეალობის შერწყმა, როის თითქმის ყველა ფოტოსერიაში შეიმჩნევა.
შვებულების და “ვოიაჟის” თემატიკას განსხვავებული რაკურსით ავრცობს ფოტოსერიაში - in between, სადაც ფოტოგრაფი დანიშნულების ადგილამდე მისვლის გამოცდილებას აღბეჭდავს.
ხშირად როი პოპულარულ კულტურაში დანერგილ უშუალო სიმბოლიზმზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ნათლად ჩანს მისი “უსულო საგნების” სერიაში, სადაც ვხვდებით “წაქცეულ დომინოებს”, “სიკვდილის ბუზს” და კამათლებს - ნივთებს, რომლებიც ამერიკულ ნუარსა და ტრილერებში ხშირად გვხვდება.
კონკრეტულად ამ ჟანრებისადმი ერთგვარი სასიყვარულო წერილია Norther Noir, სადაც აღბეჭდილია ადგილები და სცენები, რომლებიც თითქოს პირდაპირ ფილმებიდანაა გადმოღებული. როის შემოქმედებას ყველაზე უკეთ ალბათ მისივე სენტიმენტი აჯამებს: “მსოფლიოს აქვს პოტენციალი ნებისმიერ მომენტში ფილმის გადასაღებ მოედნად გადაიქცეს”.
წყარო: Kourtney Roy
დაწერე კომენტარი