მოგზაურობა ახალი ადგილებისა და კულტურების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ახალი პეიზაჟებით ტკბობასთან ერთად განსაკუთრებულ მოგონებებსაც გვიქმნის. ხშირად მოგზაურობის დროს უდიდესი მნიშვნელობა საცხოვრებელ ადგილს ენიჭება - კომფორტული, კეთილმოწყობილი, თანაც ხელსაყრელი მდებარეობით. თუმცა, 2008 წელს დაფუძნებული კომპანია, Airbnb, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, მომხმარებელს ექსკლუზიურ და მეტად უჩვეულო საცხოვრებლებსაც სთავაზობს. კატალონიის სოფლის მე-10 საუკუნის ციხესიმაგრეებიდან დაწყებული, ხელნაკეთი სახლებით დასრულებული, Airbnb-ზე ნებისმიერი წარმოსახვისა თუ მარშრუტისათვის შესაბამისი საცხოვრებლის პოვნაა შესაძლებელი. Hammock გაგაცნობთ 8 უნიკალურ Airbnb-ს ადგილს მსოფლიოში.

სენ პოლ დე ვენსი, საფრანგეთი


პროვანსული ისტორიისა და შარმის გვერდით ავლა ძალიან რთულია. Მე-12 საუკუნეში აგებული, სოფელ სენ პოლ დე ვენსში მდებარე გალავნით შემოსაზღვრული სახლი ძველი სამყაროს თავისებურებებისა და თანამედროვე სიმდიდრისა და ფუფუნების ნაზავს გვთავაზობს. თვალისმომჭრელ სილამაზესთან ერთად, ყურადღებას მისი სტატუსიც იქცევს - ამ სახლში ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟაკ პრევერი ცხოვრობდა. ჟასმინით მოპირკეთებულ ტერასა, თაღოვანი ჭერი და გვირაბიანი შესასვლელი, წარსულ ისტორიასთან ერთად, სახლს ლიტერატურულ-მისტიკურ აურას მატებს და აქ ყოფნა შესაძლოა პოეტური შთაგონების წყაროდაც  იქცეს. 

კატალონია, ესპანეთი 


თუ საფრანგეთში, სენ პოლ დე ვენსში მე-12  საუკუნეში აგებული საცხოვრებელი პატარა და ვიწროა, კატალონიაში მე-10 საუკუნით დათარიღებული სასახლე ამ ყველაფრის სრული ანტიპოდია. რიპოლესის რეგიონში მდებარე რომაული სტრუქტურის ციხესიმაგრე პირენეების თვალუწვდენელ მთებს გადაჰყურებს და ბუნების შუაგულში, უნიკალური სილამაზით განთქმულ ადგილას აბსოლუტური სიმშვიდე სუფევს. 

მარაკეში, მაროკო


მარაკეშში, შორეულ დასავლეთში მდებარე მაროკოს ქალაქში მდებარე სახლი სიცხესა და აურზაურში მხსნელად მოვლენილი ოაზისივით არის. ფერთა მრავალფეროვნება, ტრადიციულად მოპირკეთებული თაღები და გრანდიოზული სვეტები რეგიონის ესთეტიკური კულტურის შეგრძნების საშუალებას იძლევა. მაროკოს ისტორიით შთაგონებული სახლი 15 სტუმარზეა გათვლილი და მუსლიმანური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ქალაქში, მედინაში მდებარეობს. 

პონტა დელგადა, პორტუგალია


მე-19 საუკუნეში სან მიგელის დასავლეთ სანაპიროზე აგებული ქარის წისქვილი დღეს Airbnb-ის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა. სახლი ზღვისა და ოკეანის მოყვარულებისათვის იდეალური ნავსაყუდელია, რადგან მისი ფანჯრებიდან თუ შემოგარენიდან თვალუწვდენელი ატლანტის ოკეანის 360-გრადუსიანი ხედი იშლება.

ტერლინგუა, ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები


თიხით ნაგები მცირე ზომის სახლი კოსმოსისა და ვარსკვლავური ომების მოყვარულებისათვის საოცნებო ადგილია. ტეხასში, ამერიკის შეერთებულ შტატებში Big Bend-ის ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარე სახლი მზის ენერგიაზე მუშაობს და შიდა სანტექნიკა არ გააჩნია. ამიტომ, თანამედროვე სტანდარტებისაგან დისტანცირებული ეს Airbnb-ის ლოკაცია  გალაქტიკაზე დაკვირვების, კოსმოსთან კომუნიკაციისა და უდაბნოში განმარტოების შესაძლებლობას იძლევა.

ნაუკალპანი, მექსიკა


Quetzalcoatl’s Nest - ასე ეწოდება აპარტამენტების კომპლექსს კერძო პარკში, მეხიკო სითიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით. ანტონიო გაუდისა და ფრენკ ლოიდ რაითის შემოქმედების შთაგონებით შექმნილი არტეფაქტი ცნობილ მექსიკელ არქიტექტორს, ხავიერ სენოსიანს ეკუთვნის. ექსტერიერის ბუნებასთან გასაოცარი სინთეზის მიუხედავად, მისი ინტერიერი გაცილებით სადა და მინიმალისტურია. მყარ კუთხეებს რბილი, მომრგვალებული კონტურები ცვლის და სწორედ ასეთი ფორმის ფანჯრებიდან პარკის გასაოცარი ხედები იშლება. 

პარატი, ბრაზილია


ბრაზილიის ეკონომიკურ ეპიცენტრს სან პაულოსა და კულტურულ დედაქალაქ რიო-დე ჟანეიროს შორის მდებარე ქალაქი პარატი Airbnb-ის კიდევ ერთი გამორჩეული საცხოვრებლის მასპინძელია. პრესტიჟული დაჯილდოების, iF Design Award-ის გამარჯვებული ნაგებობა ხის პანელებისა და იატაკიდან ჭერამდე უზარმაზარი ფანჯრების დახმარებით ვიზიტორების ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას კიდევ უფრო მეტად უღვივებს. ხოლო კერძო ჩანჩქერი და საცურაო აუზი პარატის ატლანტიკური ტყეებში პატარა სამოთხეს ქმნის. 

Montagu, სამხრეთ აფრიკა


სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კონცხის ველურ ბუნებაში მდებარე კოტეჯი დამღლელი რუტინისა და ყოველდღიურობისაგან გაქცევისათვის საინტერესო ლოკაციაა. საცხოვრებელი მზის ენერგიაზეა დამოკიდებული და ელექტრონული ქსელებიდან მთლიანად გამოთიშულია. Სიმშვიდე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კოტეჯს აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ გამორჩეულ ეკომეგობრულ გლამპინგის ვარიანტად აქცევს.