ტერეზა ფრეიტასი პორტუგალიელი ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფიით უნივერსიტეტში დაინტერესდა, როცა მეორე კურსზე ინსტაგრამზე სინგაპურელი ფოტოგრაფის, nguan-ის შემოქმედება აღმოაჩინა. ამ დროისთვის ფრეიტასს უკვე ჰქონდა თავისი სტილი და ძალიან მოხიბლული იყო მსოფლიოს პასტელური ფერების ფილტრით აღბეჭდვით, თუმცა მანამდე ფრეიტასი ფოტოგრაფიას როგორც პროფესიას სკეპტიკურად უყურებდა და არ ფიქრობდა, რომ მისი სტილიზებული შემოქმედება ყურადღებას მიიქცევდა.
ფრეიტასის თქმით, ყველაზე რთული ნაწილი მის კარიერაში იმის გაცნობიერება იყო, რომ ის არტისტია და მის ნამუშევრებს ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. ამ მენტალური ბარიერის გადალახვის შემდეგ, ფრეიტასმა ორი საყვარელი აქტივობა, მოგზაურობა და ფოტოგრაფია გააერთიანა და მისმა შემოქმედებამ ბევრის ყურადღება მიიპყრო.
ფრეიტასისთვის საკუთარი სტილისადმი ერთგულება მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ მის ფოტოებს ძალიან ვიწრო ნიშა უკავია, ახალგაზრდა ფოტოგრაფი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Adobe, American Express, Huawei, Kenzo, Montblanc, Netflix და სხვა. ფრეიტასი განმარტავს, რომ “ფრილანსერებს ხანდახან იშვიათი ფუფუნება აქვთ”, რადგან კომპანიებმა უკვე იციან, რასაც უნდა მოელოდნენ არტისტისგან და თანამშრომლობის სურვილიც სწორედ ამიტომ აქვთ.
ფრეიტასის შემოქმედება მნიშვნელოვნად არის შთაგონებული ფრანგი იმპრესიონისტებისა და ექსპრესიონისტებისგან, კერძოდ, მათ ნამუშევრებში გამოყენებული “ფერთა თეორიით”, რომელსაც კლასიკური და თანამედროვე ხელოვნება დიდწილად ეფუძნება. ფრეიტასის ნამუშევრებში ფერთა შეხამება იცვლება იმის მიხედვით, თუ რა განწყობის გადმოცემა სურს ფოტოგრაფს ან ფოტოს რა დეტალებზე სურს ყურადღების მიქცევა.
ფოტოს გადაღებამდე ფოტოგრაფი სწორედ ფერთა შეხამების კლასიკური ტექნიკით ხელმძღვანელობს, რასაც, როგორც თვითონ განმარტავს, ის არაცნობიერად აკეთებს. თუმცა, კომერციული საქმიანობისას ის წინასწარ ადგენს სხვადასხვა მონახაზს და ამის მიხედვით აწყობს ხაზს გადაღებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ფრეიტასისთვის კომერციულ შეკვეთებზე მუშაობა მნიშვნელოვანია და ეს მისი კარიერის ყველაზე დიდი ნაწილია, ფოტოგრაფი განმარტავს, რომ მისი მთავარი ინტერესი მაინც მოგზაურობაა, რადგან ყველაზე საინტერესო კადრებს ის სწორედ მოგზაურობისას აწყდება - როცა იდეალური ფოტოსთვის საჭირო გარემოებებს შემთხვევითობა ქმნის.
ფრეიტასი აღნიშნავს, რომ არქიტექტურის შესწავლა მას პირადი ესთეტიკის შეგრძნების ჩამოყალიბებაში ძალიან დაეხმარა, რადგან ის ფორმებსა და ფერებზე უფრო აბსტრაქტულად დაკვირვების საშუალებას აძლევს. ფრეიტასი აღნიშნავს, რომ მას საათები და დღეები აქვს გატარებული ლეგენდარული ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის შენობებში და დიდწილად სწორედ არქიტექტურის გამოა მისთვის მოგზაურობა საინტერესო.
თანამედროვე ხელოვნებაში “პასტელური ფერებისადმი” მზარდი ინტერესია, რადგან, როგორც ფრეიტასი განმარტავს, გარემოს ასეთი ფილტრით აღბეჭდვა მას, ისევე როგორც სხვა არტისტებს, საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილოს უშუალოდ ფერთა შეხამებაზე ისე, რომ სხვა დეტალები უგულებელყოს.
დაწერე კომენტარი