მონაკო მსოფლიოს მეორე ყველაზე პატარა ქალაქი-სახელმწიფოა, რომელმაც სახელი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, პირველი კაზინოს გახსნის და საფრანგეთთან სარკინიგზო გზის გაკეთების შემდეგ გაითქვა. მონაკო საცხოვრებლად, ისევე როგორც დასასვენებლად, ძალიან ძვირადღირებული ადგილია და ამ 2 კვადრატული კილომეტრის ფართობის ქალაქ-სახელმწიფოში ბევრი გასაოცარი ადგილია.

Hermitage მონტე კარლოში მდებარე ყველაზე ძველი სასტუმროა, რომელიც 1890 წელს გაიხსნა მას შემდეგ ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა, რომელიც განსაკუთრებით დატვირთული Monaco Grand Prix-ის, Formula 1-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რბოლის დროს არის. 

Hermitage-თან საკმაოდ ახლოს მდებარეობს Hotel de Paris, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ პატარა ბარი იყო, სახელად Cafe Divan, და ძირითადად კაზინოდან გამოსულ, ხშირად საკმაოდ ხმაურიან სტუმრებს უმასპინძლდებოდა.

დროთა განმავლობაში კაფემ ახალი სიცოცხლე შეიძინა და იქ Hotel de Paris-იც გაიხსნა, სადაც მონაკოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორან Ducasse-ს ლეგენდარული შეფმზარეული, დომინიკ ლორი ხელმძღვანელობს.

მონტე კარლოს კიდევ ერთი ლეგენდარული სასტუმროა Monte Carlo Beach Hotel, რომელიც სტუმრებს 1929 წლიდან მხოლოდ ზაფხულობით მასპინძლობს. კლდის გარშემო აშენებულ სასტუმროს ულამაზესი კერძო პლაჟი და რამდენიმე რესტორანი აქვს, მათ შორის -  Le Deck, რომელიც სასტუმრომდე რამდენიმე თვით ადრე, შემოდგომაზე იხსნება. 

სასტუმროების გარდა, მონაკოში არაერთი ულამაზესი ვილაა, რომლის ქირაობაც შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ დარჩეთ კარლ ლაგერფელდის მონაკოს სახლში, რომელიც დიზაინერმა 1988 წელს შეიძინა და აქ 1 ღამით დარჩენა15 000-იდან 40 000 ევრომდე დაგიჯდებათ. 

Beach Hotel-იდან ოდნავ მოშორებით, მონაკო-ვილში, თითქოს კლდიდან ამოზრდილი შენობა -  მონაკოს ოკეანოგრაფიული მუზეუმია, რომელიც 1910 წელს გაიხსნა და მას შემდეგ გაეროსთან ერთად ოკეანის ეკოლოგიურ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. ამავე საკითხებზე ოკეანოგრაფიული მუზეუმი ხშირად მასპინძლობს გამოფენებს და ინსტალაციებს. 


მონაკოსთვის განსაკუთრებული პერიოდი მაისშია, როცა ქალაქის ქუჩები სარბოლო ტრასებად გარდაიქმნება და Formula 1-ის Monaco Grand Prix იმართება. ეს პრესტიჟული ავტორბოლა მონაკოში ჯერ კიდევ 1929 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. 

მონაკოს სტუმრობა ალბათ წარმოუდგენელია მისი ყველაზე ცნობილი საგანძურის, Casino Monte Carlo-ს მონახულების გარეშე, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს ერთგვარი კულტურული ძეგლია. ის დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კაზინოა, სადაც ადამიანები მილიონობით დოლარს სიამოვნებით კარგავენ. 

მონაკო პრაქტიკულად ჩამოყალიბების დღიდან ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად იქცა, რომელსაც ძირითადად აზარტული თამაშების ენთუზიასტები სტუმრობდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში მონაკო უნიკალურ ადგილად გარდაიქმნა, რომლის მონახულებაც საკმაოდ მარტივია  თუ დროს ფრანგულ რივიერაზე, ნიცაში ან ახლომახლო ატარებთ. 


ფოტო: Alamy, Daniel Rodriguez, Vogue, SurkovDimitri, Casino de Monte Carlo