22 სექტემბერს საბატო დე სარნო იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის კრეატიული დირექტორის რანგში სადებიუტო კოლექციის ჩვენებას გამართავს. WWD-ისთან ინტერვიუში ახალგაზრდა დიზაინერმა მისი სიტყვების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციებისა და იდეების გამოხატვის დროს. ამიტომ ქალის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ერთი სიტყვით ახასიათებს - Ancora. ეს სიტყვა იტალიურია და ითარგმნება, როგორც “ჯერ კიდევ”. დე სარნოსათვის Ancora ის მდგომარეობაა, როდესაც სურვილი ჯერ კიდევ გაქვს მეტის მიღების.
კოლექციის წარდგენის თარიღის მოახლოებასთან ერთად Gucci-ის სოციალური ქსელები მუქ წითელ ფერებში შეიღება და ალესანდრო მიკელეს Gucci-ისათვის დამახასიათებელი ხაკისფერი შინდისფერმა ჩაანაცვლა. ახალი კრეატიული დირექტორისათვის Ancora წითელ ფერთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ პარიზის, მილანის, რომის, ლონდონის, ნიუ-იორკის, სეულისა და მსოფლიოს სხვა არაერთი ქალაქის ქუჩებში შინდისფერ ფონზე გამოჩენილი თეთრი Gucci Ancora წარწერა მოსახლეობას ჩვენების თარიღზე მიანიშნებს. ამ თემატიკასთან დაკავშირებით მოდის სახლმა ხელოვნური ინტელექტის არტისტთან, joann-თან ითანამშრომლა და სამყარო Gucci-ის ახალ ფერებში წარმოგვიდგინა.
საბატო დე სარნოს შემოქმედება ხელოვნებისა და მოდის მუდმივ ურთიერთკავშირს წარმოადგენს. ბრენდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრეატიული დირექტორის ხელოვნების მიმართ სიყვარულის ხაზგასასმელად ყოველი კოლექციის წარდგენის წინ გარკვეული ტიპის პუბლიკაციები გამოიცემა. პირველი გამოცემა Gucci Perspectives No. 1 Milano Ancora ბრენდის მილანის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. კატალოგში გაერთიანებულია მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა, კინო და, რა თქმა უნდა, მოდა. საბატო დე სარნომ თავად შეარჩია ბრერას აკადემიის კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით ნამუშევრები, რომლებიც პუბლიკაციებში გაერთიანდა და 19-იდან 23 სექტემბრამდე გალერეაში იქნება წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი