Შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, ჟენევის ტბის ნაპირებზე 5-ვარსკვლავიანი ისტორიული სასტუმრო Beau-Rivage Palace მდებარეობს, რომლის კარიც სტუმრებისათვის პირველად 1861 წელს გაიღო. Beau-Rivage Palace-ის ისტორია 1857 წელს იწყება, როდესაც ადგილობრივმა კონსორციუმმა მიწის ეს ტერიტორია შეიძინა. მოგვიანებით კი სასტუმროს ასაშენებლად გამართულ არქიტექტურულ კონკურსში აკილე დე ლა ჰარპმა და ჟან-ბაპტისტ ბართოლონმა გაიმარჯვეს, ხოლო 4-წლიანი მუშაობის შემდეგ 1861 წლის 24 მარტს სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა. Მე-18 საუკუნის ფრესკებითა და მდიდრული ინტერიერით გაფორმებულმა სასტუმრომ მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და 1864 წელს საჭირო გახდა მისი გაფართოება, მოგვიანებით კი მცირე ცვლილებები შეიტანეს არქიტექტურაშიც - 1908 წელს სასტუმრო განახლებული არტ-ნუვოსა და ბაროკოს სტილის არქიტექტურით გაიხსნა. 

Beau-Rivage Palace-ს ბრწყინვალე აღმასვლა პირველმა მსოფლიო ომმა ცოტა ხნით შეაყოვნა და სასტუმრო ლტოლვილთა თავშესაფრად იქცა, თუმცა 1918 წლის ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების შემდეგ სასტუმრო კვლავ გლობალური ინტერესის საგნად იქცა. 

სასტუმროს ვიზუალურ ესთეტიკასთან ერთად გამორჩეულს საუკუნოვანი ისტორიაც ხდის. ლემანის ტბის ნაპირას მდებარე სასტუმრო პირველ მსოფლიო ომთან ერთად არაერთი ისტორიული თუ პოლიტიკური მოვლენის მასპინძელია, მათ შორის - 1923 წლის 24 ივლისს Beau-Rivage Palace-ში ხელი მოეწერა ლოზანის საზავო ხელშეკრულებას, ხოლო 2015 წლის მარტ-აპრილში ირანის ბირთვულ იარაღზე  შეთანხმებისათვის მოლაპარაკებები გაიმართა. 

სასტუმრო 5 კატეგორიის 168 ნომერს აერთიანებს, რომელთა ნაწილიდანაც ვიზიტორებს ჟენევის ტბისა და ქალაქის ულამაზესი ხედებით ტკბობა შეუძლიათ. ნომერთა უმეტესობა 2012 წელს ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, პიერ-ივ როშენმა განაახლა, თუმცა  მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის ელემენტები თითოეულ ნოემერშია შემონახული. 

გასაოცარ ადგილმდებარეობას, ხედებს, დიზაინსა და ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად Beau-Rivage Palace ვიზიტორებს 2 მიშლენის ვარსკვლავის მქონე საუზმისა და ბრანჩის რესტორნები იაპონურ და ადგილობრივ სამზარეულოს სთავაზობს. გარდა ამისა, რესტორნები განთავსებულია აუზთან და ტერასაზეც, საიდანაც ჟენევის ტბის გასაოცარი ხედები იშლება. გარდა ამისა, სასტუმროს მფლობელობაში 75000-ბოთლიანი ღვინის მარანიცაა,  რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული Lavaux-ის ვენახებიდან არის მიღებული. 

რეგიონისა და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო სტუმრებს 2005 წლიდან Cinq Mondes-ის ცნობილ სპა პროცედურებს სთავაზობს. გამაჯანსაღებელი და ჯანმრთელობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროცედურები თავად ბუნებრივი კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებების ბრენდის Cinq Mondes-ის დამფუძნებლის, ჟან-ლუის პუარის მუდმივი მუგზაურობითა და მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე გამაჯასანღებელი პროცედურების კუთხით შეძენილი ცოდნით არის შთაგონებული. დახურული და ღია საცურაო აუზები, სამკურნალო ოთახები, ჰამამი, საუნა, იაპონური აბანოები და შვეიცარიის გასაოცარი ბუნება სხეულისა და გონების დამშვიდებისა და რელაქსაციის იდეალურ საშუალებას იძლევა. თუმცა, თავის მოვლასა და გაჯანსაღებაზე ორიენტირებულ სპეციალურ რიტუალებთან ერთად ისტორიული სასტუმრო ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს. ჟენევის ტბის სიახლოვე წყლის სპორტის მოყვარულებს ნაოსნობით, წყალზე სრიალისა და სერფინგის საშუალებას აძლევს. თითოეული აქტივობა კი სასტუმროს სპეციალური კონსიერჟისა და პროფესიონალი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით ხორციელდება. ამასთან, სასტუმროს სტუმართა განკარგულებაში ტენისის კორტები, ელექტროველოსიპედები, კერძო ფიტნეს ინსტრუქტორები და გიდები არიან, რომლებიც მსურველებს ლოზანას რეგიონის უკეთ გაცნობაში ეხმარებიან. 

superior_room_lake_view1.jpg.jpg 1.19 MB

Beau-Rivage Palace შვეიცარიის ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის კულტურულ ფასეულობათა სიაშია შეტანილი, ამიტომ სასტუმროსთან დაკავშირებული თითოეული მინიმალური ცვლილება შვეიცარიის ისტორიული ძეგლების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. Მე-19 საუკუნით დათარიღებული ისტორიული სასტუმროს ავთენტური ხასიათი რაც დრო გადის,  კიდევ უფრო მეტ სტუმარსა და საერთაშორისო  ყურადღებას იზიდავს. 


ფოტო: myvaud, Lartisien, Conde Nast Traveller, Beau-Rivage Palace