2021 წელს საქართველოს ბაზარზე ახალი კონცეპტუალური მაღაზია - Sense Concept Store  გამოჩნდა, რომელმაც მაღალი კლასის ბრენდებისა თუ დამწყები დიზაინერების სამოსი და აქსესუარები ერთ სივრცეში გააერთიანა. კონცეპტუალური მაღაზიის სივრცეში თავმოყრილ ბრენდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ლეგენდარული ბრიტანული ბრენდი Vivienne Westwood, რომელიც შოურუმში პირველად 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შერჩეული სამოსით გამოჩნდა. ბრენდსა და კონცეპტუალურ მაღაზიას შორის თანამშრომლობა უკვე სამ წელზე მეტს ითვლის, რაც არა მხოლოდ საქმიან კოოპერაციას, არამედ საერთო ღირებულებების, ფასეულობებისა და შეხედულებების გაზიარებას ემყარება. Vivienne Westwood უდიდესი ისტორიისა და მემკვიდრეობის მქონე მოდის სახლია, რომლის მთავარი იდეოლოგიაც ბრენდის წარსულის, მისი ავთენტური ხასიათისა და უნიკალური იდენტობის პატივისცემას ემყარება. Sense Concept Store კი რეგიონში ერთადერთი პარტნიორია, რომელიც, როგორც აღინიშნა, უკვე მესამე წელია საქართველოს ბაზარზე, ბრენდის პროდუქციის ქართველი მომხმარებლებისათვის შეთავაზებასთან ერთად, მისი ღირებულებებისა და ფასეულობების გაზიარებასა და საზოგადოებისათვის სწორად მიწოდებას ახდენს. 

Sense_1_web.jpg 2.23 MB
Sense Concept Store-ისა და საკულტო ბრენდის თანამშრომლობის, მათი სამომავლო გეგმებისა და ბრენდის სტრატეგიების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად თავად Vivienne Westwood-ის გაყიდვების მენეჯერს გავესაუბრეთ. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის მილანის შოურუმის გაყიდვების მენეჯერთან, ანა აგლიატისთან, რომელიც Sense Concept Store-თან პარტნიორობის ფარგლებში სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა. 
image00081.jpeg 1.61 MB
ანა, გვიამბეთ Vivienne Westwood-ში მუშაობის გამოცდილებასა და თქვენს პირველ ვიზიტზე საქართველოში. 


8 წელზე მეტია Vivienne Westwood-ში ვმუშაობ და ამჟამად მილანის შოურუმის გაყიდვების მენეჯერი ვარ. ჩვენი შოურუმი რამდენიმე ქვეყანაში  ბრენდის გაყიდვებსა და პროდუქციის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის - საქართველოც. ჩემი საქართველოში პირველი ვიზიტის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე ვიყავი, გასაოცარი და საინტერესო  იყო განსხვავებული კულტურებისა და ეროვნების ადამიანების ერთ სივრცეში ნახვა, მაგრამ კულტურულ და ინტერნაციონალურ მრავალფეროვნებასთან ერთად, ვგრძნობდი ქართველი ხალხის ძალიან ძლიერ იდენტობას და სიამაყეს საკუთარი ეროვნების მიმართ. 


როგორ დაახასიათებდით Westwood-ის, როგორც ბრენდის ძირითად არსს? რას ნიშნავს ამ ბრენდისათვის მუშაობა პირადად თქვენთვის, რა არის მისი მთავარი ღირებულებები და ფასეულობები?


Vivienne Westwood-ის, როგორც ბრენდის არსი მისი ტრადიცია და ინოვაციაა. ბრენდის ფესვები ბრიტანული კულტურის გასხივოსნებაა და ამის დანახვა ყველა კოლექციაში მარტივად არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში ძალიან ბევრი ტრადიცია ინახება, ამავდროულად, მათ აქვთ მომავლის ხედვა და ინოვაციურობა. Vivienne Westwood ძალიან სპეციფიკური ბრენდია, შესაბამისად, მისი, როგორც ბრენდის სპეციფიკაც ძალიან განსხვავებულია. მისი მთავარი ღირებულებები პატივისცემა და სამართლიანობაა. პატივისცემა პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კომპანიისათვის მუშაობენ, აწარმოებენ პროდუქციას და ქმნიან Vivienne Westwood-ს, როგორც ბრენდს. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ლამაზ სამოსსა და აქსესუარებს, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ვიზუალურ სილამაზეზე გაცილებით მეტია, ამიტომ შეუძლებელი იქნებოდა ამის შექმნა იმ ადამიანების პატივისცემის გარეშე, რომლებიც ამ ჯაჭვურ სისტემაში არიან ჩართულნი. ხოლო სამართლიანობა საზოგადოებისა და გარემოს მიმართ სამართლიან მიდგომას გულისხმობს. როგორც იცით, ჩვენთვის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მდგრადობა და ეკოლოგიურ კრიზისთან ბრძოლაა. ვივიენი ყოველთვის ცდილობდა პატივი მიეგო ხალხისათვის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ჩემთვის კი ასეთ ბრენდთან მუშაობა მუდმივ შთაგონებას ნიშნავს. 

image00025.jpeg 766.37 KB
რას ნიშნავს მდგრადობა და მდგრადი მოდა ბრენდისათვის, რას გულისხმობს ფრაზა - BUY LESS, CHOOSE WELL, MAKE IT LAST?


ეს ყველაფერი ეხება ხარისხსა და პატივისცემას, თუ რამდენად ზრუნავ სამოსის შექმნის პროცესზე. ამიტომ ხარისხი  ამ სტრატეგიის უმთავრესი საფუძველია. ჩვენთვის, როგორც ბრენდისათვის, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტმა, რომელსაც ვქმნით კომუნიკაციის საშუალებად იქცეს, ამიტომ BUY LESS, CHOOSE WELL, MAKE IT LAST ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე წინადადებაა Vivienne Westwood-ისათვის, რადგან არ გჭირდება ბევრი სამოსი გარდერობში, უბრალოდ უნდა ფლობდე ინფორმაციას და გქონდეს გაცნობიერებული, თუ რას ყიდულობ -  სწორად შეარჩიო სამოსი, აქსესუარი თუ ფეხსაცმელი, რაც ამ ყველაფერთან ერთად წარმოგაჩენს  და დაგეხმარება თავისუფლად იგრძნო თავი. ამიტომ არ უნდა მიჰყვე, რას გეუბნება მასმარკერტი, ეცადე, რომ დისტანცირდე ამ ყველაფრისგან. თავად კომპანიაშიც კი  ვცდილობთ, რომ გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაშინაც კი, როდესაც იმ ქსოვილებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ჩვენი კოლექციებისათვის ვიყენებთ. ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ ორგანული ქსოვილები, როგორიც არის ე.წ. mulesing free ბამბა. mulesing  ძალიან მძიმე და საზიანო პრაქტიკაა ცხოველებისათვის, ამიტომ ყოველთვის ვირჩევთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებიც ამ პრაქტიკას არ მიმართავენ. ასევე ჩვენი ვისკოზა FSC სერტიფიცირებულია, რასაც მუდმივად ვამოწმებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად უსაფრთხო და მდგრადი, ორგანული გზით არის მიღებული. ყველა ჩვენი ნეილონისა და პოლიესტერის უმეტესობა გადამუშავებულია, თუმცა ზოგჯერ შეუძლებელია გქონდეს იმის გარანტია, რომ პოლიესტერი 100%-ით გადამუშავებულია, რადგან ბუნებრივად შეუძლებელია წმინდად გადამუშავებული პოლიესტერის მიღება. ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ საზიანო პრაქტიკისა და შედეგების თავიდან ასაცილებლად. 


რამდენად მნიშვნელოვანია Vivienne Westwood-ის მსგავსი დიდი ბრენდისათვის მდგრადი მოდის შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში? 


Ჩვენი მიდგომა მდგრადობის შესახებ გლობალურია, ამიტომ ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა, განურჩევლად მისი სიდიდისა, ჩვენი მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი ვმუშაობთ, ამ საკითხის შესახებ საზოგადოებას ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ და საბოლოოდ  მომხმარებლებს მივაწოდოთ ხარისხიანი, ლამაზი და მნიშვნელოვანი პროდუქცია.  

F7SfSGjWYAAul_C.jpg-large.jpeg 217.14 KB

მდგრადობისა და ეკოლოგიური კრიზისების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, რა არის ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და კონცეფცია დღესდღეობით?


როდესაც ვსაუბრობთ მდგრადობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა სხვა ღირებულებაზეც, რომელსაც წარმოვადგენთ, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მდგრადობა არის ცალკე აღებული ერთი ღირებულება, რადგან თითოეული სხვა ღირებულება და ფასეულობა დაკავშირებულია ამ ფენომენთან. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია განვაგრძოთ საზოგადოებისათვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება, რომელიც ერთდროულად ლამაზი და ამავდროულად, მნიშვნელოვანია. Ვიტყოდი, რომ ყველაფერი ამ პრიორიტეტისა და ღირებულების გარშემო ბრუნავს, რადგან, როგორც იცით, ჩვენ არ ვეკუთვნით მასმარკეტს, ნიშური ბრენდი ვართ, ამიტომ  გვინდა, პატივი ვცეთ ჩვენს ფესვებს და განვაგრძოთ ბრენდის იდენტობის დაფასება. Vivienne Westwood დამოუკიდებელი მოდის სახლია, რომელიც არ ეკუთვნის  არცერთ დიდ კონგლომერატს, რადგან ჩვენი იდენტობა და მემკვიდრეობა აუცილებელია იყოს შემონახული და პატივცემული. 

image00002.jpeg 554.57 KB

როგორ შეიცვალა ბრენდის მიდგომა გაყიდვების კუთხით, მას შემდეგ რაც Vivienne Westwood-ს სათავეში ანდრეას კრონტჰალერი ჩაუდგა?


ვიტყოდი, რომ ბრენდში დიდი ცვლილებები არ ყოფილა, რადგან ანდრეასი  თავდაპირველად ვივიენის სტუდენტი, ხოლო შემდეგ პირადი და პროფესიონალური პარტნიორი გახდა. ანდრეასი ვივიენთან ერთად ბრენდში წლების განმავლობაში მუშაობდა და ახლა შეგვიძლია ბრენდისა და მისი ისტორიის საუკეთესო გამგრძელებლად ჩავთვალოთ. ამავდროულად, ანდრეასი თავად არის ძალიან ნიჭიერი დიზაინერი, მას შეაქვს საკუთარი ხედვა ბრენდში და ეს ძალიან ნათელი გახდა უკვე უახლესი კოლექციის წარდგენის დროსაც. ჩვენ არ დავკავშირებივართ სხვა ცნობილ დიზაინერებს, დაუფიქრებლადაც კი ის არის ადამიანი, რომელსაც ვივიენის მემკვიდრეობა უნდა გაეგრძელებინა. ანდრეასის აქ ყოფნა ძალიან ბუნებრივია.


ვისთვის არის განკუთვნილი ბრენდი და როგორია ადამიანი, რომელიც დღეს Vivienne Westwood-ის სამოსს ატარებს?


ბოლო დროს ჩვენი ბრენდის სამიზნე მომხმარებელთა კატეგორია ძალიან შეიცვალა. უმეტესად ყოველთვის ვასოცირდებოდით უფრო ზრდასრულთა კატეგორიასთან, რომლებსაც გაცნობიერებული ჰქონდათ ბრენდის ისტორია და პატივს სცემდნენ მას. ისინი არიან უნიკალური მომხმარებლები, რომლებიც არ ფიქრობენ ტრენდებზე და რა არის ამ დროს მასმარკეტისათვის მოთხოვნადი, მათ მხოლოდ საკუთარი, ავთენტური სტილის წარმოჩენა სურთ. ასეთი იყო Vivienne Westwood-ის მომხმარებელთა კატეგორია ყოველთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარების ხაზზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა უფრო ახალგაზრდა თაობის მხრიდან. ამ თაობის მომხმარებლები მუდმივად აქტიურნი არიან სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით - Tik-Tok-სა და Instagram-ზე, ისინი სულ ამოწმებენ, რა ხდება, რა არის ახლა აქტუალური. ცოტა ხნის წინ ჩვენი მარგალიტის ყელსაბამი წლის Tik-Tok-ის ყელსაბამად იქცა და ეს ფენომენი გვეხმარება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გაიზარდა ბრენდის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა ახალგაზრდა, გაცილებით პატარა ასაკის მომხმარებლის მხრიდან. ამასთან ერთად, ევროპაში ახლა საკმაოდ პოპულარულია იაპონური მანგა, სახელად “ნანა”, სადაც მთავარი პერსონაჟი ვივიენ ვესტვუდის სამოსითა და აქსესუარებით არის შემოსილი, ამიტომ ლიტერატურის ამ ჟანრმაც, გარკვეულწილად, ახალგაზრდა თაობაში ბრენდის მიმართ მიდგომის შეცვლაზეც დიდი გავლენა იქონია. ეს კონკრეტული ფაქტები ხაზს უსვამს, თუ რამხელა გავლენა აქვს ბრენდს თითოეულ სფეროსა და ჟანრზე, და სწორედ ამიტომ ხდებიან ადამიანები ვივიენ ვესტვუდის მომხმარებლები. და არამხოლოდ იმიტომ, რომ მოდის სფეროსა და მოდურად ჩაცმაზე არიან დამოკიდებულნი.  ჩვენს მაღაზიებში - პარიზში, მილანსა და ლონდონში -  მუდმივად დიდი რიგებია, სადაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკის ადამიანებს შეამჩნევთ. ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ვივიენ ვესტვუდის სამოსი თუ აქსესუარები როგორც პატარა ასაკის, ისე ზრდასრული ადამიანების მოწონებას იმსახურებს. 

image00003.jpeg 270.36 KB
როგორ შეაფასებდით საქართველოს ბაზარს გაყიდვების თვალსაზრისით?


ჩვენ Sense Concept Store-თან უკვე 3 წელია ვთანამშრომლობთ. როგორც იცით, იგი ბაზარზე ჩვენი ერთადერთი პარტნიორია, ამიტომ ყველა ჩემი შეფასება გაყიდვებთან დაკავშირებით Sense-სთან კოოპერაციას ეფუძნება. ჩემთვის კონცეპტუალურ მაღაზიაში ვიზიტი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო, რადგან შემეძლო პირადად  მენახა, თუ რა აშენდა და შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ, ორიენტირებულნი ვიყავით აქსესუარებზე, რადგან აქსესუარები ჩვენთვის გარკვეული ბერკეტია. მათ პირადად ვეხმარებოდით  კოლექციის შერჩევაში, რომელიც იდეალურად იქნებოდა ადაპტირებული საქართველოს ბაზართან. ახლა ყოველ სეზონზე სულ უფრო მეტად ვიზრდებით და ვიტყოდი, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესი და თანამშრომლობაა ორივე მხარისათვის. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი საქართველოში ვიზიტის განმავლობაში სიტუაცია გაცილებით უკეთ დავინახე. რეგიონში მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია, თუმცა როდესაც ქვეყანაში ერთი პარტნიორი გვყავს და საქმეს ასე კარგად ვაკეთებთ, ჩვენთვის ნამდვილად გასაოცარია, რადგან საშუალება გვეძლევა ბრენდის დისტრიბუცია და მისი პოტენციალი უკეთ დავინახოთ. 


ანა, Sense Concept Store-თან თანამშრომლობა ახსენეთ, ვისაუბროთ, როგორ დაიწყო ეს პარტნიორობა და რა მნიშვნელობა აქვს ბრენდისათვის კოოპერაციას?


როდესაც პარტნიორ კომპანიას ვირჩევთ, გვსურს, რომ ისინი იზიარებდნენ იგივე ღირებულებებს, რასაც Vivienne Westwood  იზიარებს. ჩვენთვის  Sense Concept Store-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ერთი და იმავე საკითხები გვადარდებს და ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებსა და შეხედულებებს. ყოველი სეზონის ბოლოს ჩვენს პარტნიორებთან არ ვსაუბრობთ მხოლოდ ბიუჯეტსა და ციფრებზე, არამედ ვსაუბრობთ და განვიხილავთ კონცეფციას, კოლექციის შთაგონებას, ქსოვილებს, თუ რა სახით არის მდგრადი მოდა წარმოდგენილი ამა თუ იმ კოლექციებში. ამ საკითხებში გაცნობიერება მათ საბოლოო მომხმარებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებათ. მათთან კომუნიკაცია და ბრენდის ღირებულებების სწორად გაზიარება კი ჩვენს მთავარ პრიორიტეტთან გვაბრუნებს, ისინი არ იყიდიან სამოსს დღეს აქ და შემდეგ სხვაგან, რადგან შეძლებენ გაიაზრონ პროდუქტის მთავარ ღირებულება. ამ კავშირს მუდმივად ვგრძნობდი Sense Concept Store-თან თანამშრომლობის დროს და თითქოს საჭიროც კი არ ყოფილა მათთვის იმის ახსნა, თუ რას ვეძებთ, რადგან ისინი ჩვენთან იდენტური ღირებულებებითა და შეხედულებით მოვიდნენ. 

image00004.jpeg 245.14 KB

რას უნდა ელოდოს სამომავლოდ ქართველი მომხმარებელი Vivienne Westwood-ისა და Sense Concept Store-ის თანამშრომლობისაგან?


ბაზარზე ხშირად შეხვდებით ბრენდებს, რომლებიც საკუთარ იდენტობას მუდმივად ცვლიან, ხშირად ტოვებენ დიზაინერები საკუთარ პოზიციებს და შედეგად,  ბრენდს არ აქვს საკუთარი დამახასიათებელი ნიშა. ვფიქრობ, რომ მომხმარებელი ჩვენგან ყოველთვის სტაბილურობას, მუდმივობასა და ჩვენი მემკვიდრეობის პატივისცემას უნდა ელოდოს. ანდრეასი საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობას უზარმაზარ მემკვიდრეობაში დებს, ყოველგვარი რადიკალური ცვლილებებისა და ბრენდისათვის საფრთხის შემცველი ნაბიჯების გარეშე. 


Vivienne Westwood-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შეძენას Sense Concept Store-ში სულ მალე შეძლებთ, რომელიც “სითი მოლი საბურთალოს” პრემიუმ სივრცეში მდებარეობს.