დოროთი დრეიპერი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერი და დეკორატორია, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის სტუდია გახსნა. Ანტიმინიმალისტური, ბაროკოსა და როკოკოს სტილით განთქმულ დეკორატორს ხშირად ინტერიერის დიზაინის კოკო შანელსაც უწოდებენ, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ძვრები და გარდატეხა შეიტანა.
დოროთი ტაკერმანი ნიუ-იორკში, მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ოჯახში დაიბადა, რომელთა წინაპრებიც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ღირსეულ ადგილს იკავებენ. იმ პერიოდის მაღალი კლასის საზოგადოებასთან ახლო კავშირმა მომავალი ინტერიერის დიზაინერს ავტორიტეტი და საზოგადოების ნდობა მოუტანა. 1912 წელს, ჯორჯ დრეიპერზე დაქორწინების შემდეგ, წყვილი ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. დოროთის კარიერა სწორედ ამ დროს იწყება, როდესაც მაღალი საზოგადოების ქალბატონებმა მისი გემოვნებითა და დიზაინით გაფორმებული ბინების ინტერპრეტირება დაიწყეს. 1925 წელს კი, მეგობრებისა და ოჯახის წევრების წაქეზებითა და დაჟინებული მოთხოვნით, Architectural Clearing House გახსნა, რომელსაც 1929 წელს Dorothy Draper and Company ეწოდა. იმ პერიოდში ქალების მუშაობა და განსაკუთრებით, მათი კერძო ბიზნესის წამოწყება ჯერ კიდევ ძალიან უცხო ხილი იყო, ამასთან ერთად დეკორატორის საქმიანობით ძირითადად მამაკაცები იყვნენ დაკავებულნი. აღნიშნულმა ნაბიჯმა კი დოროთი დრეიპერი ინოვატორ ქალბატონად აქცია, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ინტერიერის დიზაინერისა და დეკორატორის პროფესია სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა.
დოროთი დრეიპერი კერძო პირების სახლებითა და მათთვის მუშაობით დაინტერესებული არ იყო, ამიტომ მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი სასტუმროებსა და სხვა დიდ პროექტებს ეთმობა. პირველად, 1930 წელს დუგლას ელიმანმა დოროთი და მისი გუნდი მანჰეტენზე, მედისონ ავენიუზე მდებარე Carlyle Hotel-ის ხელახალი დეკორაციის შესაქმენლად დაიქირავა. ეს იყო პირველი სასტუმრო, რომელზეც ახალგაზრდა დრეიპერმა საკუთარ კომპანიასთან ერთად იმუშავა, მოგვიანებით კი კარიერის მანძილზე ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში მდებარე არაერთი სასტუმროს ინტერიერის დიზაინსა და დეკორაციაზე გახდა პასუხისმგებელი. მისი წარმატება და დამკვეთების უსასრულო რაოდენობა თავად დოროთის ხედვამ განაპირობა. მას ფერების აღქმის და სარისკო გადაწყვეტილების ძალიან უსაფრთხო და ამავდროულად, ბუნებრივად წარმოჩენის გასაოცარი უნარი ჰქონდა. სწორედ მისი ფერთა არაორდინალური შეხამებისა და სტილის აღქმის დამსახურებით, 1937 წელს ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი სახლების გაყიდვა არანორმალური სისწრაფით დაიწყო, რადგან სწორედ ამ წელს ცენტრალ პარკთან მდებარე სასტუმრო Hampshire House მისთვის დამახასიათებელი, თუმცა მეტად მომწიფებული და ზრდასრული სტილით გარდაქმნა და ერთი სასტუმროს ინტერიერში არტ-დეკოს, ნეო-ბაროკოსა და ვიქტრიანული სტილის მიმდინარეობები გააერთიანა. ნიუ-იორკის შუაგულში მდებარე Hampshire House უამრავი ნათელი ფერითა და აყვავილებული ჩინცის ნიმუშებით ინგლისურ აგარაკს ჰგავდა.
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მიუხედავად, დოროთი დრეიპერის კარიერის მწვერვალი დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე სასტუმრო Greenbrier გახდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასტუმრო სამხედრო ჰოსპიტლად იყო გადაკეთებული, თუმცა ომის დასრულების შემდეგ შენობა ოჰაიოს რკინიგზამ და Chesapeake-მა შეიძინეს. დოროთი დრეიპერი კი სასტუმროს გარდასაქმნელად და მისთვის ხელახალი სიცოცხლის მისანიჭებლად დაიქირავეს. 16-თვიანი მუშაობის განმავლობაში ინტერიერის დიზაინერმა სასტუმროს თითქმის ყველა დეტალი თავად შექმნა, მათ შორის - მენიუს, წიგნის ყდებისა და პერსონალის უნიფორმის დიზაინიც კი. თავის დიზაინს ტიპური წითელი და მწვანე თაბაშირის ელემენტებიც შემატა, რომელთა დამსახურებითაც სასტუმროს 600-ზე მეტ ოთახს განსხვავებული თემატიკა ჰქონდა. სასტუმროში ხშირად იმართებოდა მაღალი საზოგადოების წვეულებები თუ სხვა სახის ღონისძიებები. ამიტომ, იმისათვის, რომ სტუმარ ქალბატონთა სახის ფერი ფერმკრთალი არ გამოჩენილიყო, მთავარი სამეჯლისო დარბაზი, დოროთის გადაწყვეტილებით, ვარდისფრად შეღებეს.
დოროთი დრეიპერმა საკუთარ შემოქმედებით ინტერიერის დიზაინსა და დეკორაციაში ახალი სტილი “თანამედროვე ბაროკო” შექმნა, რომელიც კლასიკურ ინტერიერის დიზაინს თანამედროვე ელფერს მატებს. მან ძალიან ბუნებრივად აქცია უხეში, მუქი ფერების ცოცხალ, ნათელ ფერებთან ურთიერთქმედება, რადგან იგი თვლიდა, რომ ნათელი ფერები გონებრივი და ხილული ბედნიერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დოროთი დრეიპერის სტილმა ალუბლისფერი იატაკი, შავი ფერის ჭერი, სხვადასხვა ფერისა და ქსოვილების გამოყენება, ბევრი სარკე და ე.წ. cabbage-rose ჩინცი ინტერიერის ბუნებრივ და ძალიან მოთხოვნად ნაწილად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ 1950-იანი წლებიდან მოდერნიზმმა ნელ-ნელა ინტერიერის დიზაინში მყარად გაიდგა ფესვები და დრეიპერის “თანამედოვე ბაროკო” ნაკლებად მოთხოვნადი გახადა, დიზაინის სიურრეალისტურმა აღქმამ და ფერების, ფიგურებისა და ქსოვილების მასშტაბურმა სინთეზმა დოროთი დრეიპერი ინტერიერის დიზაინის არტისტად აქცია. მისმა ეპოქამ და მოთხოვნის მიუხედავად, უკვდავმა სტილმა ინტერიერის დიზაინერის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ფოტო: Galerie Magazine, Flower Magazine, The Wall Street Journal, Architectural Digest
დაწერე კომენტარი