18 ნოემბერს  ესპანეთში, კორუნაში Helmut Newton Foundation-თან კოლაბორაციით შემოდგომის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოფენა გაიხსნება, რომელიც ლეგენდარული ფოტოგრაფის, ჰელმუტ ნიუტონის შემოქმედებას ეძღვნება. გამოფენა  - Fact & Fiction ფოტოგრაფის 6 დეკადის განმავლობაში ლინზის მიღმა დანახულ სამყაროსა და მისი შემოქმედების მნიშვნელოვან მომენტებს აერთიანებს.

image00002.jpeg 91.65 KB
1920 წელს ბერლინში, ებრაელების ოჯახში დაბადებული ჰელმუტი მოდითა და ფოტოგრაფიით პატარაობიდანვე დაინტერესდა, 16 წლის ასაკში კი ადგილობრივ ფოტოგრაფთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. წარმოშობის გამო გამოწვეულმა მუდმივმა დევნამ ჰელმუტსა და მის ოჯახს ბერლინის დატოვება აიძულა, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ კი ნიუტონის 60-წლიანი კარიერა იწყება, რომელმაც მოდის ფოტოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გამოფენაზე ფოტოგრაფის ცნობილ ნამუშევრებთან ერთად პერსონალური ვიდეო- და ფოტომასალაც იქნება წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა ჰელმუტ ნიუტონის მუშაობის პროცესს ასახავს. გარდა ამისა, დამთვალიერებლები ჰელმუტ ნიუტონის პირადი აღჭურვილობის, კამერების, დოკუმენტებისა და აქსესუარების ნახვასაც შეძლებენ. 

გამოფენა მნახველებს 18 ნოემბრიდან 2024 წლის 1 მაისამდე უმასპინძლებს და მოდისა და ფოტოგრაფიის მოყვარულებს ჰელმუტ ნიუტონის სრულიად სხვა კუთხით დანახვის საშუალებას მისცემს. 


British Vogue, V Magazine, Harper’s Bazaar