1948 წლიდან, ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოდის ინდუსტრიისა და პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, სანახაობრივი და გავლენიანი ღონისძიება Met Gala იმართება. ვარსკვლავური საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უკავშირდება, რომლის თემატიკაც ამ ღონისძიების დრესკოდსსა და შინაარსს განსაზღვრავს. ამჯერად 2024 წლის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემად “მძინარე მზეთუნახავები - მოდის გამოღვიძება” დასახელდა. ამერიკული Vogue-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის გაზაფხულზე კოსტიუმების ინსტიტუტის მუდმივი გამოფენიდან 250 ნივთი იქნება ამოღებული, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათია და საზოგადოება მათ პირველად სწორედ გამოფენის მიმდინარეობისას იხილავს. თითოეული მათგანი სრულიად ახლებული, ინოვაციური გზით იქნება გამოფენილი და მნახველს საშუალებას მისცემს უფრო ღრმად შეიგრძნონ და დააფასონ მათი სილამაზე და მეტი შეიტყონ მათ ისტორიაზე.
გამოფენა მოდის ინდუსტრიის 400-წლიან ისტორიას გააერთიანებს - მე-17 საუკუნის ელიზაბეტის ერიდან 21-ე საუკუნის დიზაინერების ნამუშევრებამდე. სტელა მაკარტნის, ფილიპ ლიმისა და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე დიზაინერებთან ერთად, გამოფენა ივ სან ლორენის, ელსა სკიაპარელის, ქრისტიან დიორის, იუბერ დე ჟივანშის და სხვა მრავალი ლეგენდარული დიზაინერის სამოსს წარმოადგენს. გამოფენისათვის შერჩეულ ზოგიერთ ნამუშევარს საზოგადოება AI-სა და CGI-ს დახმარებით ანიმაციის სახით იხილავს.
გამოფენის კურატორების თქმით, ამერიკის კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ შერჩეული თემატიკა 50 ისტორიულად მნიშვნელოვანი, თუმცა დღეისათვის ძალიან მყიფე სამოსის გარშემო იქნება სტრუქტურირებული. სწორედ ამ ნიმუშებს ეწოდება “მძინარე მზეთუნახავები - მოდის გამოღვიძება”, რომელთაც მათი თავდაპირველი დანიშნულების შესრულება აღარ შეუძლიათ და საჩვენებლად არიან გადაქცეულნი. 2024 წლის Met Gala-ს თემატიკა დიზაინერებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალებას მისცემს მსგავსი ნამუშევრები მათი ხედვით ახლებული გზით წარმოაჩინონ, რათა გამოაღვიძონ და ახალი სიცოცხლე შესძინონ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ, მივიწყებულ ნამუშევრებს.
ფოტო: Vogue
დაწერე კომენტარი