ლონდონის გულში, მეიფერის მდიდრულ რაიონში, ოქსფორდის ქუჩაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში მდებარეობს მე-19 საუკუნის სასტუმრო, სადაც წარსულის მდიდრული ესთეტიკა და ელეგანტურობა იდეალურად ერწყმის თანამედროვე, 21-ე საუკუნის გლამურს. 1837 წელს ჯეიმს და სარა ბრაუნებმა Brown's Hotel დააარსეს. თავდაპირველად, 1832 წლის 12 მარტს The Morning Post-ის ახალ ნომერში ჯეიმს ბრაუნის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც იგი გაზეთის მკითხველებს, კერძოდ, ოჯახებსა და პარლამენტის წევრებს, დოვერ სტრიტზე ბინის მოწყობის შესახებ ამცნობდა. ბრაუნის აზრით, ახლად მოწყობილ ბინაში ნებისმიერი სტუმარი კომფორტულად იგრძნობდა თავს. 5 წლის შემდეგ კი ბინა პატარა სასტუმროდ გარდაიქმნა, რომელიც ნელ-ნელა მე-19 - მე-20 საუკუნეების უდიდესი პოლიტიკური, სამეფო თუ ლიტერატურული სამყაროს წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილად იქცა. 186-წლიანი ისტორიის განმავლობაში Brown's Hotel-ის ერთგულ სტუმართა შორის იყვნენ ნაპოლეონ მე-3, აგათა კრისტი, სტივენ კინგი, თეოდორ რუზველტი, ოსკარ უალდი და სხვა არაერთი ისტორიული ფიგურა. სტუმართა მრავალფეროვანი სიის გარდა, სწორედ Brown's Hotel იყო ის ადგილი, სადაც ევროპაში პირველი წარმატებული სატელეფონო ზარი ალექსანდრ გრეჰემ ბელიმ განახორციელა.
თავდაპირველად, სასტუმრო მხოლოდ ქუჩის ერთ შენობას მოიცავდა და “კერძო სასტუმროდ” იყო გამოცხადებული. ადგილზე დარჩენა მხოლოდ ჯეიმსის და სარას ნაცნობებს ან გაცნობის წერილის მქონე ადამიანებს შეეძლოთ. თუმცა, ვიქტორიანულ ეპოქაში მისი გაფართოება გახდა საჭირო და 1889 წელს, მეზობელ St.George-ის სასტუმროსთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაერთიანდა. სასტუმროს პოლიტიკის შეცვლის მიუხედავად, მისი კონფიდენციალურობა და იქ მოხვედრის სირთულე კვლავ აქტუალურად რჩებოდა. 1905 წელს მარკ ტვენი Brown's Hotel-ზე წერილში წერდა, რომ ეს ადგილი სახლის მსგავსი თავშესაფარი იყო, რომლის პოვნაც იმდროინდელ ინგლისში სულ უფრო მეტად რთულდებოდა. მისი, როგორც საჯარო სივრცედ და რეალურ, მასებისათვის ხელმისაწვდომ სასტუმროდ გარდაქმნა მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხდა, როდესაც Brown's Hotel-მა საზოგადოებისათვის ინგლისური ჩაით და ლეგენდარული ჰარი კრედოკის ხელმძღვანელობით ბარში გამასპინძლება დაიწყო.
Brown's Hotel-ის შენობა ე.წ. Georgian Townhouse-ის სტილის არქიტექტურით არის ნაგები, რის გამოც მისი თითოეული ოთახი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. სასტუმროს ნომრებში იმ დროს ქვეყანაში დამკვიდრებული ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი დეკორაციები ბატონობდა, რის გამოც ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩეოდა. 2003 წელს, მას შემდეგ რაც სასტუმრო Rocco Forte Hotels-ის მფლობელობაში გადავიდა, 2004-2005 წლებში ახალმა მეპატრონეებმა ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ინტერიერის დიზაინერის, ოლგა პოლიცის, ხელმძღვანელობით სასტუმროს შიდა სივრცე ვიქტორიანულ დახვეწილ სტილთან ერთად თანამედროვე ტენდენციებს ერწყმის. თითოეული ნომერი თავად სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელისა და ინტერიერის დიზაინერის მიერ პერსონალურად არის გაფორმებული, რის გამოც სასტუმროს ყოველი კუთხე-კუნჭული ერთმანეთისაგან განსხვავებული და ინდივიდუალურია. სასტუმროს ყველაზე დიდი ნომერი ცნობილი მწერლის, რადიარდ კიპლინგის სახელს ატარებს, რომელმაც Brown's Hotel-ში ყოფნის დროს კოლეგას წერილობით “ჯუნგლების წიგნის” დასრულების შესახებ აცნობა. როგორც წერილიდან ირკვეოდა, ლეგენდარულმა ინდოელმა მწერალმა ნაწარმოების წერა სწორედ სასტუმროში ვიზიტის დროს დაასრულა, სწორედ ამიტომ მოვლენის უკვდავსაყოფად აღნიშნულ ნომერს Kipling Suite ეწოდა. ერთწლიანი სარემონტო სამუშაოებისა და ცვლილებების მიუხედავად, სასტუმროს ახალი მფლობელები - სერ როქო ფორტე და მისი და, ლედი ოლგა შოუქროსი (პოლიცი) ძველი მფლობელების, ჯეიმს და სარა ბრაუნების ნაკვალევს მიჰყვებიან. სწორედ ამიტომ, 186 წლის შემდეგაც კი Brown's Hotel-ის ავთენტური ხასიათი და ლონდონის ისტორიული რაიონისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა, უცვლელად არის შემონახული. დღეს სასტუმრო 115 ნომერს, ორ რესტორანს, ბარს, სპასა და სპორტდარბაზს აერთიანებს.
ისტორიის, ინდივიდუალურად გაფორმებული ნომრებისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გარდა, სასტუმრო სტუმრებს ორ უმაღლესი კლასის რესტორანსაც სთავაზობს. Charlie's, ყოფილი HIX Mayfair and Beck at Brown's, მომხმარებელს ევროპული სამზარეულოს გავლენით შექმნილ სეზონურ ბრიტანულ კერძებს სთავაზობს. ხოლო Drawing Room მე-19 საუკუნიდან დღემდე სტუმრებს შუადღის ჩაითა და მსუბუქი საკვებით უმასპინძლდება. რესტორნებთან ერთად, სასტუმროში ვიზიტორებს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, ტერენს დონოვანის სახელობის ბარი, Donovan Bar-იც დახვდებათ, რომლის ინტერიერიც თავად ფოტოგრაფის 50-ზე მეტი შავ-თეთრი ნამუშევრით არის გაფორმებული.
2023 წლის დასაწყისში ლეგენდარულმა ბრიტანელმა დიზაინერმა, პოლ სმიტმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი საკუთარი ეკლექტური გემოვნების მიხედვით გარდაქმნა. დიზაინერის სახელობის ლუქს ნომერი მხიარული ფერებისა და მრავალფეროვანი ზოლიანი მოტივების მიუხედავად, სასტუმროს მემკვიდრეობასა და სახეს კვლავინდებურად ინარჩუნებს. მე-19 საუკუნეში შექმნილი სასტუმრო, დროის სვლის, ქვეყნის საომარი მდგომარეობისა და არაერთი მძიმე პერიოდის მიუხედავად, ერთადერთი ლეგენდარული სასტუმროა, რომელიც სახელის, ადგილისა და ძირითადი ვიზუალური ცვლილებების გარეშე ძალიან მალე 200 წლის იუბილეს იზეიმებს.
ფოტო: Conde Nast Traveller, Edition Hotels, Town & Country, Robb Report, Rocco Forte Hotels
დაწერე კომენტარი